ადვოკატი - თუ ელისაშვილს ედავებიან, რომ მას ხანძარი უნდა გაეჩინა, სწორედ ამ სანთებელით, რომელიც, თითქოს, შემთხვევის ადგილზე იყო ნაპოვნი, მასთან ბრალდებულის შემხებლობა არ დასტურდება

თუ ელისაშვილს ედავებიან, რომ მას ხანძარი უნდა გაეჩინა, სწორედ ამ სანთებელით, რომელიც, თითქოს, შემთხვევის ადგილზე იყო ნაპოვნი, მასთან ბრალდებულის შემხებლობა არ დასტურდება, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ელისაშვილს სხდომათა დარბაზიდან იმის გამო აძევებენ, რომ მას თავის დაცვის საშუალება არ ჰქონდეს.

„დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც საქმეზე სხვადასხვა ექსპერტიზა ჩაატარეს. კიდევ ერთხელ მოხდა იმის დემონსტრირება, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებები არ არის. მაგალითად, ტერაქტის მთავარ იარაღზე - სანთებელაზე ბრალდებულის შემხებლობის კვალი არ დასტურდება, არ დასტურდება ამ ნივთზე ბენზინის კვალი, მაშინ, როცა მოწმეები ამტკიცებენ, რომ ბენზინის გუბეში იყო ეს ყველაფერი განთავსებული და იქ მიდიოდა დაპირისპირება. ყველაზე მნიშვნელოვანი, სახანძრო ექსპერტმა ვერ მოიყვანა ვერც ერთი მსგავსი პრეცედენტი, რომ 2 ლიტრი ბენზინით 15 კვ მ-ზე გაჩენილიყო ხანძარი, რომელმაც 1000-კვ-იანი შენობა გაანადგურა და შემდეგ, გაანადგურა გვერდით მდგომი 23 000-კვ-იანი შენობა. 2 ლიტრი ბენზინით შეუძლებელია მოხდეს გადაწვა 4 ჰა შენობა-ნაგებობის, სადაც დაცულია სახანძრო უსაფრთხოების წესები და ეს წესები მინიმუმ, ერთი არეალიდან მეორე არეალში ცეცხლის გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ტერაქტის მთავარ იარაღზე ბრალდებულის შემხებლობა და მისი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენის ფაქტი არ დასტურდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა. თუ ელისაშვილს ედავებიან, რომ მას ხანძარი უნდა გაეჩინა, სწორედ ამ სანთებლით, რომელიც, თითქოს, შემთხვევის ადგილზე იყო ნაპოვნი, მასთან ბრალდებულის შემხებლობა არ დასტურდება",- აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ელისაშვილს სანთებელა „ჩაუდეს“, ჩოფიკაშვილი პასუხობს, რომ სანთებელაზე ელისაშვილის კვალი არაა.

„დღეს დაკითხული ექსპერტები და მტკიცებულებები ამ განცხადების გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ამ ნივთით შეუძლებელი იყო იმ აქტივობის განხორციელება, რომლის გამოც, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის იქით, თვითონ ბრალდებული გააკეთებს განცხადებებს, თუ შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ჩვენ ეჭვი გვიჩნდება, რომ სწორედ ამის გამო აძევებს მოსამართლე ბრალდებულს, რომ თავის დაცვის საშუალება და იმ განცხადების გაკეთების საშუალება არ ჰქონდეს, რომელიც მას გაამართლებს და ამ ადამიანის ტერაქტით გასამართლებას გამორიცხავს",- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა