2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ რომ აეღო 50%-ზე ნაკლები, ან ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ისეთი უმართავი პროცესი დაწყებულიყო, რომ ეს რადიკალური ძალები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ძალების და პერსონების მიერ ჩვენი ქვეყნის მართვა?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „რადიკალური ძალები“ რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, „საქართველოში იმაზე უარესი სიტუაცია იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია და ძალიან დიდი ალბათობით, სხვა კონფლიქტშიც გახვევდნენ ქვეყანას".
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ რომ აეღო 50%-ზე ნაკლები, ან ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე რომ ისეთი უმართავი პროცესი დაწყებულიყო, რომ ეს რადიკალური ძალები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ძალების და პერსონების მიერ ჩვენი ქვეყნის მართვა?! 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელს გაცხადებული ჰქონდა, რომ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შექმნიდნენ. შესაბამისად, 49%-ის აღების შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოდიოდნენ ის ძალები, ვისზეც ახლა მეკითხებით. წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, როცა ისინი იქნებოდნენ ძალაუფლების ბერკეტებთან. ახლა წარმოვიდგინოთ, უმართაობაში და ანარქიაში რომ გადასულიყო ნოემბერ-დეკემბრის აქციები და როგორც იმ აქციის მონაწილეებს სურდათ, ნებსით თუ უნებლიედ, დაფიქრებულად თუ დაუფიქრებლად, ეს ძალები რომ აღმოჩენილიყვნენ ხელისუფლებაში და „ქართული ოცნება" რომ წასულიყო სახლში?! წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდა საქართველო?! ერთი მხრივ, როგორ წარმოგიდგენიათ მშვიდობის შენარჩუნება იმ ფონზე, რაც უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში ხდება?! როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის განვითარების პროცესი და ადამიანის უფლებების დაცვა?! როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ჩაიბარებდა ამ ძალებიდან ძალოვან სამინისტროებს და ვინ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი?! ეს კითხვა აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ამ აქციებში იღებდა მონაწილეობას, თავის თავს უნდა დაუსვას და მიღებული პასუხით უნდა იხელმძღვანელონ," - განაცხადა მაჭავარიანმა.