ახია საფრანგეთზე - რასაც დათესავ, იმას მოიმკი! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ კითხვას: - „საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, რას ფიქრობს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წუხილზე იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყანა საფრანგეთის კანონებსა და რეგულაციებს იწუნებს“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “საფრანგეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და თავს უფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დეტალები გვიკრიტიკოს“.
“თუ ამ დამოკიდებულებას ახლა საკუთარ თავზე გრძნობენ, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. ესეც არის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დარღვევის ნაწილი, როცა ყველა ყველას საქმეში ერევა. საქართველოში ვეღარ განასხვავებ, ვინ ელჩია, ვინ - ოპოზიციონერი, ვის ეკითხება, ვის არ ეკითხება. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საქართველოს კანონმდებლობის და სხვა სახელმწიფო გადაწყვეტილების საკითხში სიტყვა ეთქმის - ელჩის მოადგილის მძღოლსაც კი სიტყვა ეთქმის და არ ეთქმის საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც მანდატი ხალხისგან აქვს.
თავად მოარღვიეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს. საქართველოს სუვერენიტეტს პატივი არ სცეს და მიიღეს საკუთარი სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობა. ეს არის გაკვეთილი, რომელზეც იმედია, რამეს ისწავლიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა დასმული კითხვის პასუხად.
ცნობისთვის, საფრანგეთი ამერიკულ ტექნოლოგიებზე ციფრულ გადასახადს აწესებს, რის გაუქმებასაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს. აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხოდ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “შტატების გადასაწყვეტი არ არის, რა უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონი“.