ნაბიჯ-ნაბიჯ გვაგუებდნენ და ახლაც გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირში მეორეხარისხოვანი ერი ვიქნებით, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება. მისი თქმით, „აღმოჩნდა,რომ საქართველო თურმე არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა იდგეს „ცალ ფეხზე“, არამედ შესვლის შემდეგაც“.
„როგორც ჩანს უკვე გვაჩვევენ იმ აზრს, რომ არანაირი წევრობა თანაბარ პირობებზე არ იქნება. ეს არის მართლაც უდიდესი გაცხადება იმისა, თუ რა იყო სინამდვილეში ეს განცხადება. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუკი რომელიმე კანდიდატი ქვეყანა წევრი გახდება, მას ყველა ვალდებულება ექნება, რაც წევრს აქვს, მაგრამ თანაბარი უფლებები არ ექნება. არ ვიცი ვის თავში იხარშება ასეთი აზრები, რომ შეიძლება მთლიანად ერების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გქონდეს, რომ შეიძლება ევროკავშირის წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან წევრებად დაანაწევრო. მართლაც, 21-ე საუკუნეში პირდაპირ ევროკომისრის პირიდან გვესმოდეს ორუელისეული მიდგომა, რომ „ყველა თანასწორია, თუმცა ზოგიერთი უფრო თანასწორი“. ზუსტად ეს ითქვა გუშინ მარტა კოსის პირიდან, რაც სიახლე არ იყო.
გვაჩვევენ ამ აზრს, ჯერ ეს გერმანიის კანცლერმა თქვა უკრაინასთან მიმართებით და გახსოვთ უკრაინის რეაქცია, რომ უკრაინა არ აპირებს მეორეხარისხოვან ერად შევიდეს ევროკავშირში. ეს ბუნებრივიც არის. მე არ მეგულება არცერთი ქვეყანა, გარდა მოლდოვისა, რომელიც სხვას გადასცემს ყველა პრივილეგიას, რომ მასზე გადაწყვეტილება მიიღოს. მოლდოვას საერთოდ გაცხადებული აქვს, რომ ისინი საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებას აპირებენ და ეს ესახებათ ევროკავშირში გაწევრიანების გზად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „საინტერესოა რადიკალების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუ რას იტყვიან საჯაროდ“.
„გახსოვთ განცხადებები,რომ „ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ ევროკავშირში წევრობისთვის“. ახლა აღმოჩნდა,რომ თურმე არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ „ცალ ფეხზე“, არამედ შესვლის შემდეგაც. ეს მოგვახსენეს ჩვენ ამ იდეის გაჟღერებით. მე ერთ რამეს მოვუწოდებდი - სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების დახარისხება პირველ და მეორე კლასის ერებად. მიუხედავად ამისა, კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას ზიანი უნდა მიყენებული აქვს ამ იდეის გაჟღერებით, რადგან ევროკავშირმა აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს რეალურად კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ ქვეყნებს უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ახლა დადგა მომენტი,როცა კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ევროკავშირის შიგნით ერების სეგრეგაციას გულისხმობს“.
„4 წლის წინ, როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია, რომ გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ხმა და თანამონაწილეობა არ ექნება საგარეო პოლიტიკაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
მან არსებული ვითარება საბჭოთა კავშირს შეადარა. „სხვა რა არის საბჭოთა კავშირი, თუ არა ასეთი მიდგომა, არსებობენ დიდი და მცირე ერები. დიდი ერები არიან, რომლებიც მცირე ერებზე დომინანტობენ. ძალიან სამწუხაროა ასეთი განვითარებაა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ ნიშნავს ეს განცხადებას იმას, რომ შესაძლოა, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვას, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „საქართველო მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არ აპირებს“.
„ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილებებზე მსჯელობით და ფიქრით თავად სცდება ევროკავშირის ღირებულებს, რომელიც გულისხმობს მის წევრების თანასწორობას და იმას, რომ არსებობენ პირველი და მეორეხარისხოვანი ერები. ჩვენ მეორეხარისხოვნად ყოფნას არ ვაპირებთ, ამაზე ხელი არ მოგვიწერია და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი ერი რომელიმე გაერთიანებაში მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს საკითხი საბოლოოდ წევრ ქვეყნებსაც შეეხებათ და ახლა ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა.
„ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციური უფსკრულისკენ გაქანებას იმიტომ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის კი არ არის, ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება წევრ ქვეყნებზე საბოლოოდ. წევრ ქვეყნებში მოხდება ის სეგრეგაცია, სადაც პირველხარისხოვანი ერები მეორეხარისხოვანი ერების საკითხს გადაწყვეტენ. დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებს, რა გეგმები აქვს ევროკავშირს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის.
„ჩვენი გეგმები ცხადია და ამას მივყვებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის მხრიდან არის საქართველოზე ზეწოლა, ჩვენ ჩვენს გზას ვაგრძელებთ, მათი ხელშეშლის პირობებშიც კი, ევროპულ გზას ვგულისხმობ. რაც შეეხება დამოკიდებულებას, ჩვენ ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ ხედავენ ევროკავშირს? ხედავენ ევროკავშირს ევროკავშირად, რა იდეებიც იყო მის შექმნაში ჩადებული, თუ ის სრულად უნდა ტრანსფორმირდეს საბჭოთა კავშირში, სადაც არსებობენ დომინანტი და დაქვემდებარებული ერები. თქვენ დაქვემდებარებული ერის პოზიციაში ყოფნა გსურთ რომელიმე გაერთიანებაში? ჩვენ გვაინტერესებს რას აპირებს ევროკავშირი, განაცხადი არის. თუკი აქამდე წევრი ქვეყნების სხვადასხვა ლიდერები საუბრობდნენ, მერცმა თქვა და მიიღო საკადრისი პასუხი ზელენსკისგან, რომ უკრაინა მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არ განიხილავს. ამ შემთხვევაში, ეს განცხადება უკვე ოფიციალური ევროკავშირის პოზიციიდან წარმოადგინეს. სამწუხაროა, რომ ასეთი იდეა ვიღაცის თავში დაიბადა და სერიოზულად განიხილება. ამიტომ, ახლა უნდა დავაკვირდეთ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ამ იდეის განხილვაც კი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ყველაზე დიდი ანტიევროპელი დღეს არის ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავს“.