„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული გიორგი კურტანიძის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვაზე 2021 წელს დაიბარეს, მას ნამდვილად ჰქონდა შპს, შავი ლითონის შესყიდვა შეიძლება იყო საქმიანობის სფეროში, მაგრამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირის, შპს-ს მფლობელის, გიორგი კურტანიძის ადვოკატის, დიანა გვიშიანის განცხადებით, კურტანიძე დაკავებამდე გამოძიების ფარგლებში 2021 წელს გამოკითხეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, დავით ფერაძესთან შემხებლობა არ ჰქონია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნამდვილად ჰქონდა შპს. ის გამოძიების მიერ რამდენჯერმე არის გამოკითხული. როცა შევხვდი, მან განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ვადასტურებ, რომ ის საგამოძიებო ორგანოში ცხადდებოდა, მის ჩვენებებს მე არ ვესწრებოდი, თუმცა, მისი ინფორმაციით ვიცი, რომ ადასტურებდა იმას, რასაც დღეს თქვენ მოგახსენებთ. მას არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს.

როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოკითხვაზე 2021 წელს დაიბარეს, მას შემდეგ, ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მისი დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. [ფერაძესთან] შემხებლობა არ აქვს.

როგორც გითხარით, მას შპს ჰქონდა, საქმიანობის სფერო მრავალნაირი შეიძლება იყოს, თუმცა, მოცემულ საქმეზე მას არანაირი შემხებლობა არ აქვს",- აცხადებს გვიშიანი.

კითხვაზე, „შავი ლითონის" შესყიდვას ახორციელებდა თუ არა, ადვოკატი პასუხობს, რომ "შეიძლება ესეც იყო საქმიანობის სფეროში".

„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულებრივად იძენდა... კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან ბრალის დადგენილება ჩვენთვის არ გადმოუციათ",- განაცხადა გვიშიანმა.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

დავით ფერაძე შემოდგომაზე, სს "საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა