პროკურორი - მოწმემ დაადასტურა, რომ თანხა ქრთამის სახით გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცემოდა - პროცენტის დათვლა ქოლცენტრის მოგებიდან გამომდინარე ხდებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა.

სასამართლო პროცესზე ე.წ. ქოლცენტრის ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას სუს-ის მფარველობის სანაცვლოდ.

„ქოლცენტრის ეპიზოდზე დაკითხული იქნა მოწმე. ის წარმოადგენდა ერთ-ერთი ქოლცენტრის თანახელმძღვანელს. მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა დანარჩენ პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას. მათი როლი განსაზღვრული იყო იმით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუწევდა მფარველობას, შესაბამისად აღნიშნული თანხა ქრთამის სახით გადაეცემოდა გრიგოლ ლილუაშვილს.

დროის სხვადასხვა პერიოდში გადაეცა სხვადასხვა თანხა, ქოლცენტრის მოგებიდან გამომდინარე ხდებოდა პროცენტის დათვლა. ის მეწილეები, ვისზეცაა საუბარი, ბუნებრივია, დაიკითხებიან სასამართლოში“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად