პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. მთავრობის თავმჯდომარედ რუსი ჩინოსნის, მარატ კამბოლოვის დანიშვნას საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის ახალ ეტაპად აფასებს.
პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას დუმილის შეწყვეტისკენ, პარტნიორებთან აქტიური მუშაობის აღდგენისა და ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ საქართველოს სუვერენიტეტის შემლახავ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია.
ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. მთავრობის თავმჯდომარედ რუსი ჩინოსნის, მარატ კამბოლოვის დანიშვნის შესახებ.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. „სამთავრობო ცვლილებები“ და მოსკოვიდან მართული, რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მოქმედი ჩინოსნის პირდაპირი გადმონიშვნა მარიონეტული რეჟიმის საკვანძო პოზიციებზე, არ არის უბრალო საკადრო როტაცია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო. ეს არის მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულების” პრაქტიკული აღსრულება.
ჩვენი გუნდისთვის ქვეყნის დეოკუპაცია და რუსული ანექსიის შეჩერება რჩება უზენაეს ეროვნულ პრიორიტეტად. ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე ამ უმძიმესი პროცესის ნორმალიზებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას: შეწყვიტეთ დუმილი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აღადგინეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭირეთ ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას!“, -წერს პარტია განცხადებაში.