გრიგოლ გეგელია - „საგარეო საქმეთა სპობის კომიტეტის“ ხელმძღვანელი სამხარაძე და „ეროვნული სპობის კომიტეტის“ ე.წ. თავმჯდომარე პაპუაშვილი არ არიან თანხვედრაში - დაიხევს რეჟიმი ბოლომდე? აღიარებს, როგორ აზარალეს ქვეყანა? წაიღებს კანონებს უკან?

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების გზავნილები ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

ასე აფასებს „ლელოს“ ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებებს.

როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ხელისუფლება ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების „ნორმალიზებას“ ცდილობს, თუმცა იმ ნაბიჯების გადადგმის გარეშე, რასაც დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ.

„საგარეო საქმეთა სპობის კომიტეტის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და ეროვნული სპობის კომიტეტის ე.წ. თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ერთმანეთთანაც კი არ არიან თანხვედრაში. სიყალბის მომენტი აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ცალი ხელით ამბობენ ერთს, მეორით აკეთებენ სხვას. გვეუბნებიან, რომ ევროკავშირში 2023 წელს აპირებენ გაწევრიანებას, რაც რა თქმა უნდა, სრული სისულელეა. ამ კურსით, ვერც 2030 წელს და ვერც 2090 წლეს გაწევრიანდებიან. კალენდარზე კი არ არის საქმე, შინაარსია მთავარი. ეს არის სტრატეგიული ბუნდოვანებაც, პოზიციის დაზღვევაც.

„ქოცები“ ცდილობენ ყველგან დალაგებას, ოღონდ „ქოცურ“ ფასად. მათი მიზანია, როგორღაც მიაღწიონ ნორმალიზებას. მიაღწიონ რაღაცა ტიპის ხელის ჩამორთმევას, ფოტოს, ინვესტიციას. ელჩებთან და ევროპულ ინსტიტუტებში დაძრწიან და სთხოვენ გარკვეული ტიპის ლეგიტიმაციას. პრობლემას, რასაც ისინი აწყდებიან არის ის, რომ ამ ყველაფერს „ქოცურ“ ფასად ითხოვენ და არა ადეკვატური ნაბიჯების გადადგმის ფასად. თან უნდათ, რომ თან დაგვიჭირონ, აუქმონ პარტიები, „სქროლვის“ დეპარტამენტი შექმნან - ასეთი „ქოცური“ რაღაცები უნდათ, რომ აკეთონ, პარალელურად უნდათ მიიღონ ლეგიტიმაცია. ჯერ ამერიკასთან განიცადეს კრახი, ახლა კი ევროპასთან განიცდიან კრახს“,- განაცხადა გეგელიამ.

მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით, დაიხევს რეჟიმი ბოლომდე? აღიარებს იმას, თუ როგორ აზარალეს ქვეყანა? წაიღებს ამ კანონებს უკან?

შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება მომართული იყო იმისკენ, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირში არც ისე და არც ასე შესვლა. რუსული დაკვეთაა, რომ არ მიუახლოვდნენ ევროპულ კავშირს. ყოველ კვირა დადგება პარლამენტში და ლანძღავს ევროპას. სხვა ასეთი კამპანიური ჰქონია. ბავშვთა შიმშილზე ულაპარაკია? რამეზე ულაპარაკია ამდენი, როგორც ევროპის ლანძღვა?“,- განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, გეგელიას განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას მოჰყვა, რომელიც ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების პროცესში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების შესაძლო რეფორმაზე ისაუბრა, მათ შორის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვის იდეაზე. პაპუაშვილის შეფასებით, მსგავსი მიდგომა კანდიდატი ქვეყნებისთვის „მეორეხარისხოვანი წევრის“ სტატუსის მინიჭებას ნიშნავს და ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების თანასწორობის პრინციპს. მისი თქმით, საქართველო „მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არ აპირებს“ - "თურმე, არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ „ცალ ფეხზე“, არამედ შემდეგაც",- განაცხადა პაპუაშვილმა.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელმაც ლუქსემბურგში შეხვედრები გამართა, განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების საკითხი განიხილეს. ქართული მხარის განცხადებით, მათ ლუქსემბურგს სთხოვეს, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის აღდგენის საკითხი დააყენოს.

"მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს", - განაცხადა სამხარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა