კონტექსტიდან ამოგლეჯილია, თითქოს ახალ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება, ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ - ჩვეულებრივი დეზინფორმაციაა, ამ ყველაფერს იყენებენ შიდა მოხმარებისთვის და ევროკავშირთან ვითარების გასართულებლად, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა, რითაც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ გიორგი რუხაძემ განაცხადა, რომ ვეტოს ბოროტად გამოყენების პრობლემაა ევროკავშირში და ამის გადასაწყვეტად იხილება ბევრი სხვადასხვა ვარიანტი.
„ის, რაზეც ბატონმა პაპუაშვილმა თავისი კილომეტრიანი წერილი და ბრიფინგი დააფუძნა, სინამდვილეში, ტყუილი ინფორმაციაა. თავიდან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა და მარტა კოსმა განაცხადა, რომ ახალ წევრებს შეეზღუდებათ რაღაც. მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვა, რომ განიხილება ეს იდეა, რომ ვეტოს ბოროტად გამოყენების პრობლემაა ევროკავშირში და ამის გადასაწყვეტად იხილება ბევრი სხვადასხვა ვარიანტი. ბუნებრივიცაა, ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტულად უნგრეთი აკეთებდა ამას წლების განმავლობაში, ბოროტად იყენებდა ვეტოს, აფერხებდა და საბოტაჟის მდგომარეობაში იყო ევროკავშირთ მიმართებაში, მანამდე მაგას პოლონეთი აკეთებდა, რამდენიმე პატარა ქვეყანასაც აქვს ბოროტად ვეტო გამოყენებული. შესაბამისად, ევროკავშირი მივიდა იმ დასკვნამდე, მმართველობის ფორმა არის შესაცვლელი.
იდეის დონეზე შეიძლება იყოს რამე, მაგრამ პაპუაშვილის გარდა რომელიმე წევრმა სახელმწიფომ რამე განცხადება გააკეთა? თუ ეგრეა, ბევრ ქვეყანას ეხება ეს და მაშინ ყველა გააკეთებდა განცხადებას და იტყოდა, რომ რას ნიშნავს ვეტოს უფლება ჰქონდეს საფრანგეთს და მე არ მქონდეს? კონტექსტიდან ამოგლეჯილია, თითქოს ახალი ქვეყანა, ვინც ევროკავშირში გაწევრიანდება, ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ, უბრალოდ ამათმა გამოიყენეს ეს ყველაფერი. სხვა რომელიმე ქვეყანაც რომ გამოსულიყო, ბრიფინგი დაენიშნა და ერთი ამბავი აეტეხა, ვიტყოდი, რომ კარგი, რაღაც ლეგიტიმური ამბავია, მაგრამ შენ საერთოდ არ გეხება ეს ამბავი. მაჩანჩალა ხარ და საერთოდ მოხვდები თუ არა ევროკავშირში კითხვის ნიშნის ქვეშაა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შესაძლოა შეიზღუდოს.
პაპუაშვილის განცხადებით: „ნაბიჯ-ნაბიჯ გვაგუებდნენ და ახლაც გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირში მეორეხარისხოვანი ერი ვიქნებით“.
მისივე თქმით, „აღმოჩნდა, რომ საქართველო თურმე არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა იდგეს „ცალ ფეხზე“, არამედ შესვლის შემდეგაც“.