ამ ტიპის განცხადების გაკეთების ვიზა ნიკოლოზ სამხარაძისთვის შეიძლება ერთადერთ პიროვნებას მიეცა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება შეფასებებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ცალ ფეხზე დგომა“ დაიწყო, 2022 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ცალ ფეხზე კი არა, ოთხზე დგას რუსეთის წინაშე და ახლა თუ გაიმართება წელში და ცოტა ხანს ცალ ფეხზე დადგება ევროკავშირის წინ, არაფერი უჭირს, ოთხზე დგომას ნამდვილად სჯობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ნიკოლოზ სამხარაძის შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“.
ამასთან, ჯეჯელავას შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ განცხადების გაკეთება პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის და არა თავად პარლამენტის თავმჯდომარის ან თუნდაც პრემიერის მხრიდან, მიუთითებს სულ მცირე მასკომუნიკაციაზე და ასევე იმაზე, რომ მმართველ პარტიაში აღარ არსებობს ერთსულოვანი აზრი გარკვეული საკითხების მიმართ.
ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დახევა რეალურად დაიწყო, „ამას ნამდვილად მოჰყვება იმ გუნდის მსხვერპლშეწირვა, რომელიც 2022 წლიდან პასუხისმგებელია იმ პოლიტიკაზე, რომელიც ტარდება“.
„მინიმუმ, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მასკომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის - ამ ტიპის მასკომუნიკაცია მე დაუშვებელი მგონია, მაგრამ ვფიქრობ უკვე, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც, ზოგადად პრემიერ-მინისტრიც და მისი გუნდიც, რომელიც ბოლო 2 წელია მართავს დე იურე პროცესებს, ისინი უკვე გარკვეულწილად თამაშგარე მდგომარეობაში არიან და ფაქტია, რომ ვიღაცამ ნიკოლოზ სამხარაძეს დაადევნა ამ ტიპის დავალება.
აქ შეიძლება ამოვიკითხოთ „ქართული ოცნების“ გუნდში არსებული გარკვეული პრობლემები, რომ არ არსებობს ერთიანი და მონოლითური პოზიცია საკითხებთან დაკავშირებით და მეორე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება არის ფორსირებულად მიღებული გადაწყვეტილება. ამ ტიპის განცხადების გაკეთების ვიზა სამხარაძისთვის შეიძლება ერთადერთ პიროვნებას მიეცა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ ის წყვეტს ამგვარ საკითხებს. სხვა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი პოზიციები რამდენიმე საათით ადრე გამოთქმული ჰქონდა და ის აბსოლუტურად არ არის თავსებადი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებასთან.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება სხვაზე ვერაფერზე გვაფიქრებინებს გარდა იმისა, რომ ევროკავშირის მიმართ შესაძლოა შეიცვალოს დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ აქამდე საერთოდ არ განიხილებოდა რაიმე კანონის იმ რეპრესიული ზომების გადახედვა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისი თქმით, 16 ივნისის დღე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით იყო გამორჩეული, რადგან თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დღე „ჩვეული გონორით“ დაიწყო, რაც სრულებით არ იყო თავსებადი მოგვიანებით სამხარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან. გარდა ამისა, ჯეჯელავას თქმით, პაპუაშვილმა პოლიტიკურ ველზე ახალი ნარატივი შემოიტანა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ევროკავშირს დაუპირისპირა.
„გუშინდელი დღე განსაკუთრებული იყო მაინც, იმიტომ, რომ დილა ჩვეული გონორით დაიწყო პაპუაშვილმა ევროკავშირთან დაკავშირებით, არ დაიშურა არც ერთი ეპითეტი, მათ შორის, საბჭოთა კავშირთან ხატოვანი შედარება ძალიან მოსწონს, ვიღაცამ უთხრა, ეტყობა, რომ კარგი ანალოგია ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ დროს, რამდენად არ უნდა იცოდე, ან საბჭოთა კავშირის, ან ევროკავშირის ისტორია, რომ თავში მოგივიდეს, რომ ასეთი ანალოგია გააკეთო. იმის გამო, რომ საქართველოს ექმნება პრობლემების „ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის გამო ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ ვიზალიბერალიზაცია და დადგნენ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე, „ქართულ ოცნებას“ ამ ტვირთის გადატანა უნდა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მოითხოვს იმ კანონების აღსრულებას, რომლის გაუქმებასაც ითხოვს ევროკავშირი, მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები არის, პირველ რიგში, რეპრესიული კანონების გაუქმება და ამიტომ აქ ეკლესიის შემოყვანა, როგორც მთავარი აქტორის და „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაVS ბრიუსელი“, რა ახალი ნარატივიც გუშინ შემოიტანა შალვა პაპუაშვილმა, ეს არის უკიდურესად არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართაც, სახელმწიფოს მიმართაც, ბრიუსელის მიმართაც და საკუთარი მოქალაქეების მიმართაც“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
ამასთან, კითხვაზე, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ლუქსემბურგის შუამავლობა, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ისეთი რთული ვითარებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის მმართველ ჯგუფთან პირდაპირი კავშირები აღარ აქვს.
„აღარ არსებობს არანაირი პირდაპირი კონტაქტები ევროკავშირის მმართველ ჯგუფსა და საქართველოს „ოცნების“ ხელისუფლებას შორის, რომ რომელიმე ქვეყნის შუამავლობით არ დაიწყოს?! როგორც ჩანს, ისეთი რთული ვითარებაა, რომ აუცილებელია შუამავალი, იმიტომ, რომ პირდაპირი კონტაქტები აღარ არსებობს. „ქართული ოცნების ხელისუფლებას ძალიან მკაფიოდ აქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ითხოვს ბრიუსელი მისგან და რას ითხოვს ვაშინგტონი მისგან ურთიერთობის ნორმალიზების დაწყებისთვის, მაგრამ ეს ჩვეული სტილია ივანიშვილის- ვაჭრობის ამბავი. ის აგროვებს ბევრს ვაჭრობისთვის, იმისთვის, რომ მერე ნელ-ნელა დაიწყოს თითო ბარტყის გადაგდება. თუ კარგად დაფიქრდება ივანიშვილი, უნდა მიხვდეს, რომ მისი მდგომარეობა ახლა ნამდვილად არ არის ისეთი, რომ ივაჭროს. დიდ პოლიტიკაში ივანიშვილს სავაჭრო მაგიდასთან არავინ დასვამს სოვდაგრად. ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს მანევრირების და მანიპულირების რესურსი, დროც აღარ აქვს ამისთვის. ზღაპრებში რომ არის: „მარცხნივ წახვალ, დაიღუპები“, „მარჯვნივ წახვალ, დაიღუპები“, დაახლოებით ეგეთ ვითარებაშია, მაგრამ გზა მაინც უნდა ამოირჩიოს.
რაც შეეხება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის განხილვის საკითხს, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ „ჩალას ოქროს ფასი როგორ დაედება, როდესაც „ქართული ოცნება“ პირდაპირ იწვნენ იმ რეზოლუციების შედეგებს, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი“.
„დიდი ალბათობით, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება არის შესაძლო პრევენცია ამ რეზოლუციის მიღების წინ, თუმცა მე არ მგონია, რომ ამ რეზოლუციაში რამე შეცვალოს სამხარაძის განცხადებამ,“ - განაცხადა ჯეჯელავამ.