წამზომი ჩართულია და დრო „ქართულ ოცნებაზე“ არ მუშაობს - ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პუტინის ძალაზე დგას, იცის, რომ რუსეთის დამარცხების დრო მოდის და თუკი სუსტდება კრემლი, სუსტდება ბიძინა ივანიშვილიც! ხდებიან, რომ ხვალ უფრო მძიმე დღე ექნებათ, ვიდრე აქვთ დღეს, - ამ კონტექსტში ხსნის “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ვანო წერეთელი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ლუქსემბურგში კოლეგებისგან ევროკომისიასთან დიალოგის განახლების საკითხის დაყენება ითხოვეს.
როგორც წერეთელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, “ქართული ოცნების“ არაღიარება და დელეგიტიმაცია სულ უფრო და უფრო ღრმავდება და ახლა გეგმა “ბ“ დგება, რათა ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ.
წერეთლის აზრით “ქართული ოცნება“ ლაბირინთებიდან გამოსვლასა და როგორღაც გადარჩენას ცდილობს“.
“ქართული ოცნების“ გარშემო ცუდი რაღაცები ხდება. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ომი ირანში მალე დამთავრდება, რაც რუსეთზე ზეწოლის გაზრდის შესაძლებლობას გაზრდის. ეს G7-ის შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა. საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რუსეთი. გარდა იმისა, რომ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარებიან, ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი ზეწოლა იქნება რუსეთის ენერგო მატარებლებზე, რადგან ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. ეს არის ის ახალი ჩარჩო, რომელშიც “ქართულ ოცნებას“ უწევს, რომ გადარჩეს.
გარდა ამისა, მათ საკუთარ ტყავზე იგრძნეს ერთი რამ - იციან, რომ ევროკავშირში ორბანი აღარ არსებობს, რომელიც მაგალითად ინდივიდუალურ სანქციებს და ბიძინა ივანიშვილის ფულზე ზეწოლას ხელს უშლიდა. ერთადერთი, რაც ივანიშვილის ანაღვლებს, საკუთარი ფულის უსაფრთხოებაა. მან იცის, რომ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში საფასურის გადახდა მოუწევს.
ასევე, ხალხის ქუჩაში გამოსვლის ეშინია, რადგან საათი, რომელიც ჩაირთო, ჩაირთო ჩვენთვისაც - ჩვენ იმის მოლოდინში ვართ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ევროპასთან სიახლოვე შეიძლება ივანიშვილის არასწორი მოღალატეობრივი ქმედებების გამო დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს. მათ კარგად იციან, რომ ბოლო დროის განმავლობაში თუ რამე იყო ბუნებრივი გამაღიზიანებელი, სწორედ ეს იყო.
ერთი მხრივ, არ უნდათ, რომ უღალატონ ნარატივს, რითაც საკუთარ მსმენელს მუდმივად კვებავდნენ. მეორე მხრივ, ჩანს შიში და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რისიც ეშინიათ. “ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებაა.
მათთვის იდეალური იქნებოდა, თუ დასავლეთი ივანიშვილის ავტოკრატიულ ძალაუფლებას აღიარებდა და მას ამ ავტოკრატიაში მიიღებდნენ. ეს ასე არ მოხდა - მისი არაღიარება და დელეგიტიმაცია სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ახლა დგება გეგმა “ბ“, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ. ახლა ცდილობენ ლაბირინთებში სიარულს და ქართველი ხალხის მოტყუებას, რომ თითქოს დასავლეთი უარს თავად გვეუბნება და არაფერი მათი ბრალი არ არის.
ძალაუფლების დაკარგვისადმი ყველაზე მეტი შიში არის იმაში, რომ ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს - იციან, რომ ბრაზი არსად წასულა. ყველა მსხვილი პარტიის ლიდერი მზად არის, რომ ამისთვის თავი გასწიროს და არავინ არსად წასვლას არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოუგო ვერავის - ვერ დაამარცხა დაპატიმრებული ადამიანები, ვერ დაამარცხა პოლიტიკური ლიდერები და პარტიები, ვერ დაამარცხა ინდივიდები, რომლებიც მის წინააღმდეგ იბრძვიან.
26 მაისს ვიგრძენით, რომ დამყარდა და ერთგვარი ქიმია შედგა ხალხსა და ევროპულად მოაზროვნე პოლიტიკურ ალიანსს შორის, რომელიც ე.წ. ხელისუფლების არაღიარების, დელეგიტიმაციის და მასთან ართანამშრომლობის გზას მიჰყვება“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.
წერეთელი ამავე კონტექსტში ხსნის კორუფციული ბრალდებებით დაწყებულ დაკავებებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ უნდა გადარჩეს და ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა და ვინც ახლა მართავს, არ არის იმის გაგრძელება, რაც მანამდე იყო.
“მათ იციან, რომ ეს ასე თუ არ აკეთეს, სხვანაირად ვერ გადარჩებიან - ეს არის ვა ბანკზე წასვლა. უნდათ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ეს არ არის ის, რაც მანამდე იყო.
შეიძლება ახლანდელი პრემიერ-მინისტრი კორუფციაში ჩართული არ იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის მიერ 2012 წლიდან აშენებული სისტემა ახლაც კორუფციული არ არის - კორუფცია არის ყველგან, ნებისმიერი მიმართულებით. რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ ეს წყვეტა დაგვაჯეროს, ეს ასე არ იქნება. მას საკუთარი თავის განადგურება დაწყებული აქვს, რაც იქამდე მიიყვანს, რომ საბოლოოდ ძალაუფლების დათმობა მოუწევს“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.