ვხედავთ, რომ თითქოს „ოცნების“ რეჟიმი ცდილობს, შეცვალოს საკუთარი რიტორიკა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნებას დამოკიდებული მარიონეტები ხან ერთს გვეუბნებიან და ხან - მეორეს, ბოლო 70 საათის განმავლობაში,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ლუქსემბურგს ევროკავშირში საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხის დაყენება სთხოვეს და მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სასაუბროდ“.
გეგელიას თქმით, გუშინ „ქართლი ოცნების“ სპიკერებმა აღიარეს, რომ იციან, რა არის საჭირო დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, თუმცა ამას შეგნებულად არ აკეთებენ.
„საზოგადოებამ ნახა, რომ რეჟიმმა ვერსად, ვერც აშშ-ში და ვერც ევროკავშირში ვერ შეძლო ურთიერთობების ნორმალიზება „ქოცურ“ ფასად ანუ უმოქმედობის და სიტუაციის შემდგომი გაუარესების პირობებში.
შედეგად გუშინ ვნახეთ, რომ რეჟიმის სპიკერებმა უკვე აღიარეს, რომ მათ ხელშია იმ ნაბიჯების გადადგმა, რისი გადადგმაც არის სწორი, მათ აღიარეს, რომ გადასარევად იციან, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ ამავე დროს, აღიარეს და ქართველ ხალხს პირდაპირ უთხრეს, რომ ამას შეგნებულად არ აკეთებენ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ „ლელო- ძლიერი საქართველო“ 2 თვის წინ წარმოდგენილ დეესკალაციის, კრიზისის დაძლევის ხედვაში ამბობდა, თუ რა უნდა გაკეთდეს - უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, უნდა იქნას წაღებული რეპრესიული კანონები უკან, უნდა იქნას ეს კანონები მთლიანად გაუქმებული და რა თქმა უნდა, უნდა იქნას წარმოებული ერთიანი ეროვნული დიალოგი შესაძლო არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მაშინ ამ იდეას დაუპირისპირდა ყველა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ყველა მხარეს უწევს გააზრება, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა. ახლა ვხედავთ, რომ თითქოს „ოცნების“ რეჟიმი ცდილობს, შეცვალოს საკუთარი რიტორიკა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნებას დამოკიდებული მარიონეტები ხან ერთს გვეუბნებიან და ხან -მეორეს, ბოლო 70 საათს განმავლობაში. ამასობაში, ფაქტია, რომ „ქოცური“ პოლიტიკის გამო, ქვეყანამ დაკარგა შანსები, აღარ არსებობს ასოცირებული ტრიო, უვიზო მიმოსვლა დადგა რისკის ქვეშ და როგორც ყველა ქართველმა კარგად იცის, „ოცნების“ ანტიქართულმა პოლიტიკამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და სტაბილურობას,“- განაცხადა გეგელიამ.
ის ამასთან, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური ანგარიში არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად სრულად არის შეჩერებული.
„ეს პროცესი შეჩერებულია იმ შემზარავი პრობლემების გამო, რაც არსებობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით. ევროპარლამენტი მორიგ ჯერზე ხაზგასმით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური მოტივაციით დევნილი და დაპატიმრებული პირები და შეწყვიტოს მიმდინარე ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულ მედიაზე. ამასთანავე, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ის დრაკონული და რეპრესიული კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, ზღუდავს მედიის საქმიანობას და აშორებს საქართველოს ევროპული ცივილიზაციისგან. ეს ანგარიში არის მკაფიო დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, იქცა უშინაარსო ფიქციად. იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ გადადგეს კონკრეტული და მყარი ნაბიჯები წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, საქართველო იმ შანსებსაც კი ვერ იყენებს, რაც მას დიდი ბრძოლის შედეგად მიენიჭა და უკვე პირიქით, რისკავს ყველა იმ ბერკეტის დაკარგვას, რაც ჩვენ აქამდე გაგვაჩნდა“, - განაცხადა გეგელიამ.