„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატი, შოთა თუთბერიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს, სადაც უწყება მას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თუთბერიძე განმარტავს, ხოშტარიას არავითარი მოთხოვნა არ აქვს და ის არც აპირებს, „რეჟიმს“ რამე სთხოვოს.
ადვოკატის განმარტებით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი, მხოლოდ საზოგადოების ინფორმირება იყო.
თუთბერიძე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
„ჩვენ არავითარი მოთხოვნა არ გვაქვს, ბრიფინგის მიზანიც საზოგადოების ინფორმირება იყო. ელენე ხოშტარია არავითარი მოთხოვნის დაყენებას და ვინმესთვის რამის თხოვნას არ აპირებს. რაც შეეხება ვირეშმაკურ მანიპულაციას, რომ ის დღესაც ჩაწერილია რევმატოლოგთან, კი, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ მასთან ექიმის, დაწესებულების თანამშრომლების შესვლაც და კომუნიკაციაც მას შემდეგ მოხდა, რაც ეთერში ბრიფინგი გავიდა. ეს ვიზიტი დანიშნული კი არ იყო, ბრიფინგის გამო დაფაცურდა პენიტენციური დაწესებულება. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას ადრეულ დაავადებებს, არც ჩვენ და არც ელენე ხოშტარიას არ უთქვამს, რომ რაიმე დაავადება მას ადმინისტრაციამ ციხეში დამართა, ან განზრახ დამართა. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ჩვენ ბრიფინგზეც ვთქვით, რომ დავუკავშირდით მის მკურნალ ექიმს თურქეთში, მასთან გავიარეთ კონსულტაცია, ჩვენი განგაშის საფუძველი სწორედ მის მიერ გაკეთებული პროგნოზი და მის მიერ დასმული სავარაუდო დიაგნოზი გახდა. არავის დაუმალავს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში ჰქონდა. თუმცა, იმით მანიპულაცია, რომ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მას პერიოდულად აწუხებს და ადრე გადატანილ დაავადებებს უკავშირდება, უბრალოდ ტყუილია, რადგან ხოშტარია პოლიტიკურ ტყვეობამდე არავითარ მსგავს სიმპტომებს, მით უმეტეს, ასეთ საგანგაშო სიმპტომებს არ უჩიოდა. მისი მდგომარეობა იქ გაუარესდა და არამხოლოდ გაუარესდა, იქ ახალი სიმპტომებიც გამოჩნდა, რომელიც არასდროს ჰქონია, მაშინაც კი, როცა სამედიცინო პრობლემები ჰქონდა. ნებართვა არ მაქვს, რომ მის ადრინდელ დაავადებაზე ვისაუბრო, ეს კონფიდენციალურია, თუმცა, რა სიმპტომებიც ახლა აქვს, ეს ხარისხი და საგანგაშო ხასიათი, მაშინაც კი, როცა ცუდად გრძნობდა თავს, რამდენიმე წლის წინ, არ ჰქონია.
ამასთან, პენიტენციურმა გამოაქვეყნა თუ რა კვლევები ჩაუტარდა ხოშტარიას. ჩვენ, ეს კვლევები ბრიფინგზე თავადვე ჩამოვთვალეთ, მადლობა გადავუხადე როგორც დაწესებულების ექთნებს, ასევე ოფიცრებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ელენე გრძნობს და რასაც ისინი აკეთებენ, რომ მას მდგომარეობა შეუმსუბუქდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა და ადმინისტრაციამ მიუხედავად ინდივიდუალური თანამშრომლების კეთილსინდისიერებისა, თავისი მოვალეობა შეასრულა. ჩატარებულ მკურნალობაზე შეფასება ბრიფინგზე გავაკეთეთ, გარკვეული კვლევები და ანალიზები მას უტარდებოდა, თუმცა, ეს კვლევები ხშირ შემთხვევაში უვარგისი იყო.
პენიტენციური სამსახური რომ წერს, პატიმარს არაფერი მოუთხოვიაო, პატიმარს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდება და ხედავენ, რომ ვერ მოძრაობს, ამას არ სჭირდება მოთხოვნა.
ასევე, პენიტენციური სამსახურის განცხადებაში პირდაპირი ტყუილი წერია, სადაც წერია, რომ თავისუფლად შეუძლიათ დირექტორს შეხვდნენ და შეუფერხებლად ხვდებიან, ინფორმაცია მიეწოდათ და მათ განცხადებებზე რეაგირება განხორციელდაო. შეგვიძლია განცხადების ასლი წარმოვადგინოთ, რომელიც მათ ჩავაბარეთ, ეს 4 თვის წინ იყო, შემდეგ, 2-3 კვირის წინ, ჩვენ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრას ვითხოვდით მკურნალობის გეგმასთან დაკავშირებით. გვანახონ პასუხი, ვის გაუგზავნეს, ვის გასცეს. არავითარი პასუხი ამ განცხადებაზე დღემდე არ მიგვიღია. თუ ამბობენ, რომ დირექტორს შევხვედრივართ, ვიდეო გამოაქვეყნონ“, - აცხადებს თუთბერიძე.
ცნობისთვის, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დღეს განაცხადა, რომ „ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული, აქვს მოძრაობის გაძნელება - თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს“.
აღნიშნულს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა. უწყების თქმით, ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხოშტარიას რევმატოლოგთან მორიგი კონსულტაცია დღეს აქვს ჩანიშნული.