ევროპარლამენტი - მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან, ვიდრე რეპრესიებს აგრძელებს - ვინარჩუნებთ  პოზიციებს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ

ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა თავისი ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის შეცვლის მიზნით, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ევროპარლამენტი საქართველოში „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკუსვლისა და ძალაუფლების ავტოკრატიული კონსოლიდაციის“ შესახებ საუბრობს.

„ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული მათ მიერ ხელშესახები და შემოწმებადი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების, შეზღუდვებისა და რუსული სტილის ინტენსიური ანტიევროპული დეზინფორმაციის მიმდინარე კურსი შეცვალონ. შესაბამისად, ინარჩუნებს თავის წინა პოზიციებს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ. მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი დე ფაქტო ერთპარტიული პარლამენტია, რომელიც პლურალისტური საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლების ჩამოშლის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივებს ამტკიცებს. შეშფოთებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს დე ფაქტო პარლამენტმა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეიდან დროებითი გამოსვლის შესახებ გამოაცხადა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებს აგრძელებს“.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, ჩამოაყალიბონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ საკითხებამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით, ამავდროულად, შეინარჩუნონ და გააძლიერონ ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებთან. გმობს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ მუდმივ აგრესიულ რიტორიკას; ხაზს უსვამს ევროპული ნორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული კურსის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მნიშვნელობას საქართველოს მოსახლეობასა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულ პოლიტიკურ ძალებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროპარლამენტი „შეშფოთებით აღნიშნავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ რიტორიკას“.

ასევე, ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აამოქმედოს საჯარო სამსახურში დამსახურებაზე დაფუძნებული დამცავი მექანიზმები, აღადგინოს სამსახურიდან პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებისგან სამართლებრივი დაცვა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლება უზრუნველყოს“.

„ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა, რაც საზოგადოების უმრავლესობის მიერ საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობის მიმართ ღრმა უნდობლობას ასახავს. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მიღებული ცვლილებების გაუქმების შესახებ ვენეციის კომისიის მოწოდებები უგულებელყო. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 2025 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთიდან ხმის მიცემას უკრძალავს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი „გმობს უპრეცედენტო და სულ უფრო შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის დაფინანსება. ხაზს უსვამს გრანტების შესახებ კანონში შეტანილ უახლეს ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორგანიზაციების ნებისმიერი სახის შევიწროება პირდაპირ შედეგებს გამოიწვევს“.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, საქართველოში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დასაცავად და მხარდასაჭერად ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ“.

„ევროპარლამენტი გმობს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის მცდელობებს, მათ შორის უკანონო დაკავებების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით. ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან შეუთავსებულია. მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირის, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ყოფილი ოფიციალური პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით. მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ევროპარლამენტარების წვდომა უზრუნველყოს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

ევროპარლამენტი „აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ მართლმსაჯულებასთან, ძალაუფლების არაფორმალურ სტრუქტურებთან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შიდა დანაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დანერგოს ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი მექანიზმები, უზრუნველყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ჩამდენი პირები“.

ასევე, ევროპარლამენტი „მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. მწუხარებით აღნიშნავს 2022 წელს შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს დაშლას, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, გააძლიეროს თავისი მანდატის შესრულება და გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი ადამიანის უფლებების დასაცავად“.

„ევროპარლამენტი მუხარებას გამოთქვამს დეოლიგარქიზაციის თვალსაზრისით პროგრესის ნაკლებობის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩამოაყალიბოს სისტემური მიდგომა ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს“.

„ევროპარლამენტი უკმაყოფილებით აღნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის მიღებას, რომელიც ხელისუფლების „საჯარო და სისტემატურ“ კრიტიკას ან მათი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას კრძალავს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა