სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ მშვენივრად იციან, რასაც ითხოვს ევროკავშირი -  სიმართლე წამოსცდათ, როდესაც თქვეს, რომ მზად არიან ისაუბრონ აგენტების კანონზე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ლელო“ არ არის არცერთი ოპოზიციური პარტიის ოპოზიცია და პარტია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ხაზს ატარებს.

ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, საზოგადოებას სჭირდება ძალა, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას შეძლებს, არამედ ცვლილებების შემდეგ ქვეყნის ეფექტიან და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ მართვას უზრუნველყოფს.

„ჩვენ არ ვართ არცერთი ოპოზიციური პარტიის ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ბრძოლის გზა, ამ გზის გვჯერა, ამ ბრძოლაში ვიხდით საკმაოდ მძიმე ფასს. ქართველ ხალხს სჭირდება დაინახოს რეალური ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ შეცვალოს ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების შეცლის შემდეგ მწყობრად, მოქალაქეების სასიკეთოდ მართოს ქვეყანა. ჩვენი დღის წესრიგი არის ხალხი, ხალხის პრობლემები, ადამიანებს უკეთესი მომავალი შევთავაზოთ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების მოქმედებები საქართველოს ევროპულ კურსს აზიანებს.

მისი თქმით, ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაში საუბარია „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე და შესაძლო შედეგებზე, მათ შორის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით.

„იმ დღიდან, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა ჩვენი მონაპოვარი დავკარგოთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უკვე რამდენიმე რეზოლუციაში წერია, რომ წნეხი უნდა გაიზარდოს „ქართულ ოცნებაზე“ და აქვე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი.

ევროკავშირმა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ მისცა ორი არჩევანი რეჟიმს: დაიწყონ შესრულება იმ მოთხოვნების, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ პრინციპებს. როგორც აღმოჩნდა, მშვენივრად იციან რასაც ითხოვს ევროკავშირი და არა, რაღაც სისულელეები. და არა ისეთი სისულელეები, რაც არის მეორე ფრონტის გახსნა. დრო და დრო სიმართლესაც ამბობენ. სიმართლე წამოსცდათ, როდესაც თქვეს, რომ მზად არიან ისაუბრონ „გამჭვირვალეობის კანონზე“ ანუ აგენტების კანონზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა