ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის მცდელობა “წითელი ხაზებით” - განსხვავებული განცხადებები “ოცნებაში”
“სააკაშვილი ჟორჟოლიანს უჭერს მხარს, ბოკუჩავა კი გაკვირვებულია - “ნაცმოძრაობაში” თავჯდომარის არჩევნებისთვის ემზადებიან
“დიდი შვიდეულის” გადაწყვეტილებები - უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერება და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაზრდა
* * *
ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის მცდელობა “წითელი ხაზებით” - განსხვავებული განცხადებები “ოცნებაში”
“ქართული ოცნება” ცდილობს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის პროცესში შუამავლის როლი დააკისროს ლუქსემბურგს. თუმცა, ამავე დროს, პარტიის შიგნით არ იკვეთება ერთიანი პოზიცია იმის შესახებ, მზად არის თუ არა ხელისუფლება კონკრეტულ დათმობებზე წავიდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა კრიზისამდე მიიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ საკითხზე “ქართული ოცნების” გზავნილი ორ მიმართულებად იყოფა - ერთი მხრივ, პარტია ლუქსემბურგს სთხოვს, ხელი შეუწყოს ევროკავშირთან დიალოგის განახლებას და კომუნიკაციის არხების აღდგენას, მეორე მხრივ კი, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ცნობილ კანონებზე უკან დახევა არ იგეგმება. შესაბამისად, ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი პოზიცია უფრო დიალოგის აღდგენის სურვილს გამოხატავს, ვიდრე ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად პოლიტიკური დათმობებისთვის მზადყოფნას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის მცდელობა “წითელი ხაზებით” და ბრიუსელის პასუხის მოლოდინი - განსხვავებული განცხადებები “ოცნებაში”.
“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია შეხვდა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს და კომიტეტის წევრებს. სამხარაძის თქმით, მისი გუნდი მზად არის ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. “მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, “გამჭვირვალობის კანონს”. იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას”, - განაცხადა სამხარაძემ. დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი ამბობს, რომ უკან არ დაიხევენ. “არანაირი უკან დახევა არ იქნება, იმიტომ რომ “გამჭვირვალობის კანონმა” და “ფარამ” შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა... “გამჭვირვალობის კანონი” მნიშვნელოვანია. ის მოქმედებს და მომავალშიც ასე იქნება. ვინმეს თუ კითხვა აქვს, მზად ვართ ამ თემაზე ვისაუბროთ, არგუმენტირებულად ავუხსნათ, თუ რატომ იქნა ეს კანონი მიღებული. ამ კანონს არ გავიწვევთ, იმიტომ რომ ეს კანონი სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, - თქვა ზარქუამ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ევროინტეგრაციის პროცესი არ აღდგება. მათი შეფასებით, უნდა შესრულდეს ის მოთხოვნები, რასაც ევროპელი პარტიორები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, პატიმრების გათავისუფლებიდან დაწყებული, შემზღუდავი კანონების გაწვევით დასრულებული. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამტკიცებს, რომ სამხარაძეს ახალი არაფერი უთქვამს და “ქართული ოცნება” “გარედან ჩარევებს არ დაუშვებს, ხოლო კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ “ოცნებას” სურს ევროკავშირი დააბნიოს და რეალურს არაფერს არ სთავაზობს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას წაადგება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებაში სიახლე ნამდვილად არაფერია. ოფიციალური თბილისი დიდი ხანია აცხადებს, რომ მზადაა სამუშაო რეჟიმში განიხილოს ევროკავშირთან ის დაგროვილი პრობლემები, რომლებიც ხელოვნურად თავად ბრიუსელმა შექმნა, ეს ეხება კანონმდებლობას, სხვადასხვა რეფორმებს და ა.შ. მაგრამ მთავარი შეუვალი ხაზი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს ისაა, რომ არანაირ ფასად სუვერენიტეტს არ დათმობს და გარე ჩარევებს არ დაუშვებს. რადიკალური ოპოზიციის ინსინუაციაა, რომ “ქართული ოცნება” თითქოს უკან იხევს. თითქოს რაღაც კანონებს გააუქმებს და გაიწვევს - ეს განუხორციელებელი ოცნებებია იმ ექსტრემისტული ძალებისა, რომლებსაც საქართველოში არჩევნების გზით გამარჯვება არ სურთ, რამეთუ მათ ამისთვის არანაირი შანსი არ აქვთ. საკუთარი მავნებლური დღის წესრიგისთვის კი ყოველთვის გარე ძალებს იყენებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას გია აბაშიძე.
“ნიშანდობლივია ის ტელემიმართვა, რომელიც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ გაავრცელა - თურმე ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა მეორე ფრონტის გახსნა იყო და მავანს როგორ ჰგონია, ამ მორიგი აღიარების შემდეგ, საქართველო კარს გაუხსნის რომ უნამუსოდ ჩაერიონ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში, თუ გახსნას ე.წ. მეორე ფრონტი?”- ამბობს აბაშიძე და შეკითხვაზე - “მაშინ რატომ ითხოვს “ოცნება”, რომ დიალოგი დაიწყოს, ამაში რა მიზანია?” - პასუხობს:
“ვიმეორებ, ნიკა სამხარაძეს სიახლე არაფერი არ უთქვამს, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა საჯაროდ აცხადებს, რომ მზადაა პრობლემური საკითხების განხილვისთვის, მაგრამ შანტაჟით, დაშინებით და სუვერენულ საქმეებში ხელის ფათურით, ევროკრატია ვერაფერს ვერ მიაღწევს საქართველოში. იმის გაბუქება, რომ თითქოს სამხარაძემ რაღაც შოკისმომგვრელი თქვა, ეს ნაცპროპაგანდის ერთ-ერთი ტრაგიკომიკური ტყუილია”...
“ოცნებას” სურს ევროკავშირი დააბნიოს და დიალოგზე წამოიყვანოს - სამხარაძე დიალოგის აღდგენაზე საუბრობს და არა მოლაპარაკებებზე. ეს მკაფიოდ სხვადასხვა რამაა - დიალოგია, როცა ორი ადამიანი თანასწორ პირობებში ინფორმაციებს ცვლის. მოლაპარაკებებია, რაც ჩვენ უნდა გვქონდეს, როცა მხარეები პირობებს ასრულებენ. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და პირობები ჩვენ უნდა შევასრულოთ. ამ ფონზე, სამხარაძეს სურს სიტუაციას შეუცვალოს მიმართულება და ევროკავშირს უთხრას, მოლაპარაკებები კი არა, დიალოგი დავიწყოთო. მეორე, რაც თვალში მომხვდა ის იყო, რომ მზად ვართ გამჭვირვალობის კანონის განხილვა დავიწყოთო და არა გაუქმება, უკაცრავად, ევროკავშირი მოითხოვს, რომ გააუქმეთო. ეს იმას ჰგავს, მკვლელმა რომ პოლიციაში იარაღი მიიტანოს და უთხრას, ამით ადამიანი მოვკალი და რაკი იარაღს გაბარებთ, ამიტომ მკვლელობა მაპატიეთო. კანონმა გამჭვირვალობის შესახებ უკვე “მოკლა” სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მოშალა დემოკრატიული საფუძვლები”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
"ჰიპოთეტურად ეს კანონები რომ გაუქმდეს, ნელ-ნელა 5-10 წელში სამოქალაქო საზოგადოება კი შეიკვრება, რაც გაანადგურეს. თუ მათ ევროკავშირთან მართლა ლაპარაკი უნდათ, მაშინ უნდა ისაუბრონ როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი, როგორ ჩატარდება მომავალი არჩევნები, როგორი იქნება სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია, უნდა იყოს ლაპარაკი კორუფციის აღმოფხვრაზე, რაც მოლდოვამ და უკრაინამ გაიარა, ვიდრე კლასტერს გაუხსნიდნენ. საჭიროა იმ 9 პირობის შესრულება, რომელიც ჩვენ წამოგვიყენეს. სასაცილო იცით რა არის? ისეთ პირობებს უყენებენ, თითქოს ევროკავშირს უნდოდეს საქართველოში გაწევრიანება”, - დასძენს ზაქარეიშვილი.
“სააკაშვილი ჟორჟოლიანს უჭერს მხარს, ბოკუჩავა კი გაკვირვებულია - “ნაცმოძრაობაში” თავჯდომარის არჩევნებისთვის ემზადებიან
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მორიგი შიდაპოლიტიკური დებატები იწყება - მიხეილ სააკაშვილი პარტიის სრულ რეფორმირებასა და ახალი ხელმძღვანელობის არჩევის აუცილებლობაზე საუბრობს და თავმჯდომარის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას ასახელებს. მაშინ როცა პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე დღეს მოქმედი პირებიც დარჩნენ. არჩევნები, სავარაუდოდ, უახლოეს ორ თვეში გაიმართება. ივლისში ყველა თანამდებობის პირს “ნაციონალურ მოძრაობაში” ვადა უმთავრდება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის განმარტებით, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, “რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს”. სააკაშვილი ფსონს ჟორჟოლიანზე დებს და როგორც ჩანს იმედოვნებს, რომ ის რეფორმატორის როლს მოირგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სააკაშვილი ჟორჟოლიანს უჭერს მხარს, ბოკუჩავა კი გაკვირვებულია - “ნაცმოძრაობაში” თავჯდომარის არჩევნებისთვის ემზადებიან.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ცვლილებები ისინი იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს. თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი... ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე, ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა”, - წერს ქსელში სააკაშვილი თინა ბოკუჩავასთვის, რომელიც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, ეს პოსტი მოულოდნელი აღმოჩნდა და მას იმპულსურს უწოდებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სიმართლე გითხრათ, ეს პოსტი მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ”, - განაცხადა ბოკუჩავამ. “ნაცმოძრაობის” ზოგი წევრი არ გამორიცხავს, რომ თანამდებობა იმ პირმა დაიკავოს, რომელოც დღესაც იკავებს თანამდებობას. “კონსულტაციები მიმდინარეობს და განიხილება, ვინ შეიძლება იყოს თავმჯდომარე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნონ თუნდაც ის პირები, რომლებიც დღესაც იკავებენ ამ თანამდებობას... ქალბატონი თინა ბოკუჩავა ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან სათანადო პატივისცემას მისი გაწეული ღვაწლის გამო. არ არის გამორიცხული ადამიანებმა, რომლებიც არა მხოლოდ თავმჯდომარის, არამედ სხვა წამყვან თანამდებობებს დღეს იკავებენ, მომავალშიც დაიკავონ. თუმცა ის, რომ ყრილობა ჩატარდება და შეიძლება ცვლილებები ვნახოთ, ეს ფაქტია”, - “ნაცმოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა. ჯერჯერობით, უცნობია აპირებს თუ არა თინა ბოკუჩავა კენჭისყრას, თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად. როგორც ირკვევა, კენჭისყრა უახლოესი ორი თვის განმავლობაში ჩატარდება”, - დასძენს გამოცემა.
“დიდი შვიდეულის” გადაწყვეტილებები - უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერება და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაზრდა
“დიდი შვიდეულის” ლიდერებმა საფრანგეთში მიმდინარე სამიტის დასრულების შემდეგ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. ასევე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე სანქციების გამკაცრების გზით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ირანზე საუბრისას კი აღნიშნეს, რომ მას ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად საჭიროა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, დამატებითი სისტემებისა და რაკეტების მიწოდების გაზრდა. “კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას უკრაინის მოსახლეობის მიმართ, რომელიც განიცდის თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვაქებთ უკრაინას ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე მისი მდგრადობისა და პროგრესისთვის და ხაზს ვუსვამთ, რომ ახლა ახალი იმპულსი შეინიშნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერება და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაზრდა - “დიდი შვიდეულის” გადაწყვეტილებები და შეფასებები.
“ამ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად, ვეთანხმებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების, ასევე შორ მანძილზე დარტყმის საშუალებების მიწოდების გაზრდას. ასევე მზად ვართ განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს. ხაზს ვუსვამთ ენერგეტიკული მდგრადობის მნიშვნელობას უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ვთანხმდებით, რომ ქვეყანას დამატებითი მხარდაჭერა გავუწიოთ, რათა მან მომავალი ზამთარი წარმატებით გადაიტანოს. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში, გავამკაცრებთ სანქციებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს. მიგვაჩნია, რომ ახლა არის შესაფერისი დრო დამატებითი ზომების მისაღებად, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და რომელმაც ხელი შეუწყო ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას”, - ნათქვამია განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“განცხადების მიხედვით, შეთანხმება იძლევა ისტორიულ შესაძლებლობას, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა აღიკვეთოს და მის რეგიონულ და ბალისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები მოგვარდეს. “მხარს ვუჭერთ და მზად ვართ წვლილი შევიტანოთ მის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სატრანზიტო გადაადგილების უფლება შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველია. ვეთანხმებით, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მრავალეროვნულ, დამოუკიდებელ და თავდაცვით ინიციატივას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობაში”, - აღნიშნულია განცხადებაში. ლიდერების თქმით, ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ უზრუნველყოფილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მტკიცე და ყოვლისმომცველ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელიც რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების მომტანი იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.
“დიდი შვიდეულის” განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა, რომლის თქმით “დიდი შვიდეულის” ლიდერების განცხადებაში შეინიშნება “ტონისა და შეფასებების” დადებითი ცვლილება. “განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტონისა და შეფასებების პოზიტიური ცვლილება და მეტი თანხვედრა უკრაინასა და “დიდ შვიდეულში” უკრაინის მოკავშირეებს შორის. “დიდი შვიდეული” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიები ერთიანად დგანან უკრაინის გვერდით და უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის აღდგენის მიმართ ერთგულები არიან... ასევე გულწრფელად მადლიერები ვართ „დიდი შვიდეულის" მიმართ მისი მზადყოფნისთვის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის თავდაცვისუნარიანობის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად”, - აცხადებს სიბიგა. მისივე თქმით, “რუსეთი არ ავლენს მზადყოფნას, ჩაერთოს კეთილსინდისიერ დიპლომატიაში, საჭიროა არსებული ბერკეტების გამოყენება მოლაპარაკებების მაგიდასთან მის მისაყვანად. ერთად უფრო ძლიერი ვართ”, - დასძენს გამოცემა.
“ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ განცხადების მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა, დასავლეთის წამყვანი ეკონომიკები კვლავ ერთიან პოზიციაზე დგანან უკრაინის საკითხში. მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და სამხედრო დახმარების გაზრდის დაპირება უკრაინის მოლაპარაკებით პოზიციას აძლიერებს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად წევრებს შორის არსებული განსხვავებებისა, ლიდერებმა შეძლეს საერთო ტექსტზე შეთანხმება. თუმცა ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს, რომ დეკლარაცია უფრო პოლიტიკური სიგნალია, ვიდრე ახალი პრაქტიკული ნაბიჯების დეტალური გეგმა. განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რთული საკითხები - ახლო აღმოსავლეთი, ვაჭრობა და აშშ-ის ცალკეული ინიციატივები შედარებით ფრთხილი ფორმულირებებითაა წარმოდგენილი. ზოგი ექსპერტი უფრო სკეპტიკურია და ამბობს, რომ “დიდი შვიდეულის” გავლენა მსოფლიო ეკონომიკაში წინა ათწლეულებთან შედარებით შემცირებულია. მათი აზრით, რეალური შედეგი გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, თუ განცხადებაში გაჟღერებულ ვალდებულებებს კონკრეტული ეკონომიკური და სამხედრო გადაწყვეტილებები მოჰყვება”, - წერს სტატიის ავტორი.