ნიკა ხომასურიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების საჯარო მოწოდებით არაღიარება დასჯადი გახადა - გამოდის, უნდა სდიონ ევროპარლამენტარებს, რადგან რეზოლუციაში პირდაპირ მოწოდებულია, რომ არ უნდა აღიარონ უდიპლომო პრეზიდენტი

როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭიროს, რეალურად, ყოველ ჯერზე, ფეხებში ირტყამს ამ ტყვიას. ეს რეზოლუციაც ზუსტად ამის გამოხატულება იყო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, ნიკა ხომასურიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს.

როგორც მან აღნიშნა, „ევროპამ და ევროპულმა ინსტიტუტებმა ისწავლეს „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა, მაგრამ აქვე არის ერთი ბეწვის ხიდი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვასთან დაკავშირებით“.

„ევროპარლამენტის მიერ, 436 ხმით მიღებული რეზოლუცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის. 436 ხმა ეს არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და არის ევროინსტიტუტებიდან გამომავალი ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. ამავე ანგარიშში ნახსენებია ისიც, რომ 2024 წლიდან დე-ფაქტო არის შეჩერებული საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც დემოკრატიული წინსვლა გაგრძელდება, ევროკავშირისკენ სვლა დე- იურე შეგვიძლია გავაგრძელოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ უნგრეთი აღარაა უკვე რეზოლუციების მიღებისას დამაბრკოლებელი ფაქტორი. ეს უკვე უფრო მეტად სახიფათო გახდა „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება მიზნობრივ სანქციებს, ის მოიცავს როგორც ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების სანქცირებას, ასევე მისი კომპანიების სანქცირებასაც. მნიშვნელოვანია ის პუნქტიც, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირს და ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ეროვნულ დონეზე დაუწესონ სანქციები დანარჩენ მაღალჩინოსნებს, როგორც მოსამართლეებს, ასევე პროკურორებს. ეს არის სიგნალი იმისკენ, რომ აუცილებელია „ქართული ოცნება“ მოეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სანქციების რადარზე „ქართული ოცნების“ არცერთი დამნაშავე წევრი არ დარჩება, რომელსაც ეს სანქციები არ შეეხება.

ამასთან, რეზოლუციაში ერთ-ერთი მუხლი იყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ჩასწორება 316-ე მუხლის სახით, რომელიც გულისხმობდა საჯარო მოწოდებით არ აღიარების დასჯას. მაშინ უნდა სდიონ ევროპარლამენტარებს უკვე ამ მუხლით, რადგან რეზოლუციაში პირდაპირ მოწოდებულია, რომ არ უნდა აღიარონ უდიპლომო პრეზიდენტი.

„ქართული ოცნების“ წევრებს უწევთ ყოველდღიურად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების და ორპირი განცხადებების გამართლება და დაცვა. თურმე შალვა პაპუაშვილს საერთოდ უნდა ისეთი ევროკავშირისკენ ღირსეული შესვლა, სადაც ავტორიტარულ რეჟიმსაც დაამყარებს, ტროტუარზე ხალხსაც დაიჭერს, ევროპარლამენტარებსაც აგინებს და თან მაინც ევროკავშირის წევრი იქნება. ნიკოლოზ სამხარაძემ საერთოდ ცალ და ორ ფეხზე დგომით კი არა, მუხლისჩოქით შეევედრა ლუქსემბურგსა და დანარჩენ ქვეყნებს, რომ იქნებ ევროკომისიასთან დიალოგი როგორმე გაიხსნას. „ქართული ოცნება“ ორპირობის პარტიაა და შესაბამისად, ორი პირით, ორი ურთიერთგანსხვავებული განცხადებებით ესაუბრება თავის ამომრჩეველს. ერთი, რომელიც არის განწყობილი ევროკავშირისადმი კრიტიკულად და მეორე ამომრჩეველს, რომელსაც სურს ევროკავშირი, თუმცა მაინც, გარკვეულწილად, ამ პროპაგანდის მექანიზმებშია ჩართული და პროპაგანდის მსხვერპლი ხდება და მეორე მხარეს ხედავს “კოლექტიურ ნაცებს” და ა.შ. შესაბამისად, ამ ორივე ამომრჩეველს ესაუბრება. მეორე ეს არის დამზღვევი მექანიზმი - ბიძინა ივანიშვილი ამღვრეულ წყალში ცდილობს თევზის დაჭერას. ამიტომ ჰყავს სხვადასხვა პირები, რომლებიც საუბრობენ ურთიერთგამომრიცხავი მესიჯებით. ძალიან რთულია დღის წესრიგი შექმნა და დღის წესრიგს უპასუხო, როცა ჩვენ ვიგებთ ორ ურთიერთსაპირისპირო განაცხადს. როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭიროს, რეალურად, ყოველ ჯერზე, ფეხებში ირტყამს ამ ტყვიას. ეს რეზოლუციაც ზუსტად ამის გამოხატულება იყო.

ევროპამ და ევროპულმა ინსტიტუტებმა ისწავლეს „ქართულ ოცნებასთან“ და მსგავს ავტორიტარულ პარტიებთან ურთიერთობა. ევროპარლამენტიც უკვე შედარებით მოქნილია. ოპოზიციური პარტიებიც უფრო მეტად მუშაობენ ევროსტრუქტურებთან, იმისთვის, რომ მსგავსი მკაცრი რეზოლუციები მიიღონ. მაგრამ აქვე არის ერთი ბეწვის ხიდი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვასთან დაკავშირებით. თუ ოდესმე საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან შეექმნება საფრთხე, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. „ქართული ოცნება“ უვიზო მიმოსვლას უყურებს, როგორც ფუფუნებას, მაშინ, როცა ქართული საზოგადოება ამას ხედავს როგორც საჭიროებას“,- განაცხადა ხომასურიძემ.

გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას, „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე 8 პირის დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „როცა პარტიაში ტრადიცია, ღირსება და ფასეულობები ქრება, ამ დროს იწყება კორუფციის ფესვგადგმა“.

„პროკურორის განცხადება, რომ ბრალდებულთა წრე შეიძლება გაფართოვდეს, არის ერთადერთი ინდიკატორი იმის, რომ შიდა კლანურ დაპირისპირებაში ისევ არის „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ეს არ არის სისტემური მიდგომა კორუფციის წინააღმდეგ ბროლისთვის, ეს არის ბრძოლა უბრალოდ სკამისთვის. შიდა კლანურ დაპირისპირებაში ვნახეთ, რომ დაიწყო მაღალჩინოსნების დაკავებით, როგორიც იყო პრემიერ-მინისტრი, სუს-ის უფროსი. როცა პარტიაში ტრადიცია, ღირსება და ფასეულობები ქრება, ამ დროს იწყება კორუფციის ფესვგადგმა. ეს დაიწყო 2014 წლიდან, როცა „არემჯი გოლდის“ აფეთქება იყო. როცა კულტურული ძეგლი ააფეთქეს, რომლითაც მსოფლიო რუკიდან გაქრა საქართველო, როგორც ოქროს მომპოვებელი. ასევე, უფასო სასადილოებში არსებული კორუფცია, რომელშიც ჩართული იყო პირთა წრე. თურმე სუს-ის უფროსის კაბინეტზე გამოკრული ყოფილა განცხადება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ქირაობა შეიძლებოდა. თურქი ბიზნესმენი მილიონ ნახევრად ქირაობდა. პრემიერ-მინისტრს „ბრელოკები“ აღმოაჩნდა და გუშინ კიდევ ის 8 ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში მიეცა.

ე.წ. პარლამენტარების, ე.წ. მთავრობის წევრების უმრავლესობა, 80%-ზე მეტი არის მილიონერი. მაშინ როცა 380 ათასზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა რეესტრში, როცა 710 ათასი ადამიანი იღებს შემწეობას, ეს რიცხვი არის კოლოსალური. ამ დროს ჩვენ ვიგებთ, რომ 7-8 პირმა, 22 ათასი ტონა წიაღისეული მოიპარა და თან ისე მოიპარა და დაამუშავა, ამის მიგნება შეუძლებელი იყო. თუ პრემიერ-მინისტრი, სუს-ის უფროსი დააკავეს, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, მერიიდან ათასი ადამიანი დააკავეს, ახლა უკვე რკინიგზის საკითხებზე გამოჩნდა კორუფცია, გომელაურზე რა ხდება მაშინ? - ამაზე პასუხი გამოჩნდება მაშინ, როცა გომელაურს აღმოაჩნდება ასევე მილიონები, რომელიც არ მიუტანია ბიძინა ივანიშვილთან და მაშინ გამოჩნდება ასევე ამ სქემაში როგორ იყო ჩართული გომელაური, ისევე როგორც არავის ეგონა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა დაჭერილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სუს-ის უფროსი“, - განაცხადა ნიკა ხომასურიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა