გია ვოლსკი - ახლა ხოშტარია ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილმა ვერ შეძლო, შეიძლება მის მიმართ გამოიჩინონ ყურადღება - ამ თვითგვემას იქნებ ჯობია, საზოგადოებას რაღაც პროგრამები შესთავაზო? - ელენეს დიდი ხანია ვიცნობ და არ ვისურვებდი, მის ჯანმრთელობას რაიმე დაემუქროს

ელენე ხოშტარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მისი ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს - მას დიდი ხანია ვიცნობ და აბსოლუტურად არ ვისურვებდი, რომ მის ჯანმრთელობას რაიმე დაემუქროს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „დროას“ ლიდერზე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „შეიძლება ლოიალური იყო, გეცოდებოდეს ადამიანი, მაგრამ მათ ისეთ ძალასთან აქვთ ურთიერთობა, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მიზნები და გეგმები აქვს და ეს მიზნები და გეგმები არ შედის ეროვნულ ინტერესებს”.

„ზოგადად, ერთი მთავარი შეკითხვა არის - რატომ, რისთვის, რა მოხდა ასეთი? არჩევნებში დამარცხდნენ, იმიტომ რომ საქართველოს მომავალზე მათი გეგმა და ხედვა მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. ამის შემდეგ დაიწყო მთელი პროცესი, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის მოწამვლას. გვარამიაც გვახსოვს ცხარე ცრემლებით მოტირალი, როდესაც, თურმე, სააკაშვილს დემენცია დაემართა და ხოშტარიას გვარი ვერ მოიგონა. ახლა ხოშტარია ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილმა ვერ შეძლო, შეიძლება მის მიმართ იქნეს მეტი ყურადღება გამოჩენილი. ესეც გარკვეული რევოლუციური გმირობაა, მაგრამ ეს რევოლუცია საქართველოს დაანგრევს, არ სჭირდება. ამ მთავარ შეკითხვას ვერ ვცემთ პასუხს - გასაგებია, მაგრამ რატომ, რისი გულისთვის? რისი გულისთვის უნდა გაითვალისწინოს მთელმა საზოგადოებამ შენი მოსაზრება, რაც არ უნდა პრინციპული იყოს ეს მოსაზრება, თუკი პასუხი გაგცა 10-ჯერ არჩევნების დროს. მოემზადე არჩევნებზე და აი, ამ თვითგვემას იქნებ ჯობია, რომ რაღაც პროგრამები შესთავაზო: სოფლის მეურნეობის, განათლების სისტემის, ან უკეთესი შენი თავი შესთავაზო, როგორც მმართველმა და არ უთხრა, რომ უნდა დაგანგრიო და სისხლი უნდა დაიღვაროს ამ ქვეყანაში და რუსთაველზე მეიდანი უნდა მოეწყოს. იქნებ ასეთი გზით ჯობია სიარული?!

შეიძლება ლოიალური იყო, გეცოდებოდეს ადამიანი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ისეთ ძალასთან გვაქვს ურთიერთობა, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მიზნები და გეგმები აქვს და ეს მიზნები და გეგმები არ შედის ეროვნულ ინტერესებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზეა საუბარი ყველანაირი პოლიტიკური ნიშანი გვერდზე უნდა გადაიდოს და თუ მის ჯანმრთელობას რაიმე ემუქრება, ყველა ზომა უნდა მიიღო, რომ ჯანმრთელად იყოს.

„ექიმიც კი ამას ამბობს“ - რამდენი ექიმი იყო სააკაშვილთან? მთელი 40 თუ 50 ექიმი გამოვიდა, თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია და უკვე მკვდარია, ფაქტობრივად გვამის სუნი აუვიდაო…მინდა სააკაშვილს შევადარებ და ვისაც მინდა, იმას შევადარებ...

მისი დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ არის გამოწვეული პოლიტიკური მოსაზრებებით და არ შეიძლება, რომ ადამიანს ჰქონდეს პოლიტიკური მოსაზრება, რომელიც საკუთარ თავს აზიანებს. მეორე მხრივ, საზოგადოებას მოუწოდოს, მანაც დააზიანოს თავის თავი და ჩაერთოს იმ პროცესებში, რაც ელენე ხოშტარიას მიაჩნია სწორად.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ყველანაირი პოლიტიკური ნიშანი გვერდზე უნდა გადაიდოს და ადამიანის ჯანმრთელობას თუ რაიმე ემუქრება, ყველა ზომა უნდა მიიღო, რომ ის ადამიანი იყოს ჯანმრთელად. მაგრამ გარკვეული წესები არსებობს, ხომ? მოშიმშილესაც ძალით ვერ აჭმევ საჭმელს, თუ იმან თქვა, რომ არ მინდა - მთელი მსოფლიოს სამართალდამცავები აგიჯანყდებიან, თუკი შენ ძალას დაატან და აჭმევ, რომ გადაარჩინო სიკვდილს. ასე რომ, ხდება ელენე ხოშტარიათი სააკაშვილის ჩანაცვლება - აშკარაა ეს პროცესი, შეიძლება იდეურია, მაგრამ ფაქტია, რომ შეკითხვას ვერ გაეცა პასუხი. რატომ? მესმის, რომ ელენე ხოშტარიას ესეთი მოსაზრება აქვს. არის კიდევ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელსაც სხვა მოსაზრება აქვს და ამის გულისთვის არ ღირს საქართველოსთვის ასეთი დამაზიანებელი ქმედებები. ელენე ხოშტარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მისი ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და აბსოლუტურად არ ვისურვებდი, რომ მის ჯანმრთელობას რაიმე დაემუქროს. სააკაშვილსაც დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ადამიანებმა თავისი ჯანმრთელობა გარკვეულ სცენარს დაუკავშირეს. მე არ ვიცი ახლა ელენეს როგორი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ ჯანმრთელობა გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. რატომ ვავლებ პარალელს? იმიტომ ვავლებ პარალელს, რომ ზუსტია - ერთი გუნდია, ერთი ჯგუფია, ერთი შემადგენლობაა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა