გია ვოლსკი - რეზოლუციის მიზანია, როგორმე საქართველოში ექსტრემისტული მიმართულების ოპოზიციის რესურსი შენარჩუნდეს, რომ არ დაეშალოთ - პოლიტიკური ასპექტები, რომელიც დოკუმენტშია, უსამართლობის მწვერვალია

მიღებული რეზოლუციის მიზანია, რომ როგორმე საქართველოში ეს ექსტრემისტული მიმართულების ოპოზიციის რესურსი შენარჩუნდეს, რომ არ დაეშალოთ - კონკრეტულად ამ მიზნით არის ეს მორიგი რეზოლუცია შექმნილი ივანიშვილის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ასპექტები, რომელიც რეზოლუციაშია გამოხატული, უსამართლობის აპოგეა და მწვერვალია, ვინაიდან საქართველო ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით ევროპული ქვეყანაა.

ბიძინა ივანიშვილზეა აქცენტი გაკეთებული, რომ იგი უნდა დასანქცირდეს, ყველა რესურსი უნდა მოესპოს და საქართველოში არანაირი პროექტი აღარ უნდა განვითარდეს. ასევე, ადამიანები გამოჩნდნენ, ვინც აკრიტიკებენ იმ ძალისხმევას, რომელიც მან ჩადო ეროვნულ ინტერესებში და სადაც საკმაოდ სერიოზული, სოლიდური, უშველებელი თანხებია დახარჯული. აი ამ საკითხებზე გარკვეული ჩრდილის მიყენებაა საჭირო და მას უნდა შეეზღუდოს რესურსი, რომ თავის ქვეყანას მოახმაროს იგი. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ასპექტებს, რომელიც რეზოლუციაშია გამოხატული, უსამართლობის რაღაც აპოგეა და მწვერვალია, ვინაიდან საქართველო ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით არის ევროპული ქვეყანა. ასევე, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ნებისმიერი მეცნიერული ანალიზი, გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო თავისი მონაცემებით უკეთესია, ვიდრე ყველა კანდიდატი ქვეყანა და ზოგიერთი მაჩვენებლით მნიშვნელოვანწილად წინ უსწრებს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნებსაც კი. პრობლემები მოსპობილი არ არის, მაგრამ ამ რეზოლუციას გარკვეული მიზანი აქვს, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს. მიზანია, რომ როგორმე საქართველოში ეს ექსტრემისტული მიმართულების ოპოზიციის რესურსი შენარჩუნდეს, რომ არ დაეშალოთ. კონკრეტულად ამ მიზნით არის ეს მორიგი რეზოლუცია შექმნილი ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ამ რეზოლუციის შემდეგ, შესაძლოა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეცდება დაალაგოს ევროკავშირთან ურთიერთობები, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ მთელი გუნდის მოსაზრებით, უნდა განვითარდეს ის პროცესი, რომელსაც ევროინტეგრაციის პროცესი ჰქვია.

„ივანიშვილზე არ არის კონკრეტულად ლაპარაკი. „ქართული ოცნების“ მთელი გუნდი მყავს მხედველობაში - ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის, პარტიის ხელმძღვანელობის, მთავრობის ნებისმიერი წევრის მოსაზრებით, უნდა განვითარდეს ის პროცესი, რომელსაც ევროინტეგრაციის პროცესი ჰქვია. ამას ორი აზრი არა აქვს, მაგრამ მოთხოვნები, რომელსაც გვიყენებენ, პრაქტიკულად შეუსრულებელი მისიის რაღაც შინაარსისაა. გეუბნებიან, რომ შენ ქვეყანაში უნდა დაუშვა ისეთი საკითხები, რომელიც ეხება, მაგალითად, შავი ფულის შემოდინებას - „ჩვენ არ ვუშვებთ, მაგრამ თქვენ უნდა დაუშვათ, ვინაიდან ჩვენ ვიხდით ამ ფულს და როგორც გვინდა, ქვეყანას ისე უნდა მოვეპყროთ.“ ლგბტ პროპაგანდაც დაშვებული უნდა იქნეს და საერთოდ სტიგმატიზაცია არ უნდა ხდებოდეს ამ მიმართულებით, თუმცა არანაირი უფლების დარღვევა არ ხდება. სამედიცინო ჩარევაზეა ლაპარაკი, ერთსქესიანთა ქორწინებაზეც არის ლაპარაკი. რაც მთავარია, საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს. ვერ დაამტკიცეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში ხელს უწყობს რუსეთს, ირანს ან ნებისმიერ ქვეყანას. ფაქტია, რომ ეს ვერ დაამტკიცეს და აქედან გამომდინარე, ეს მშრალი, არაფრის მთქმელი, უსაფუძვლო რეზოლუციები აქვთ გამოტანილი. დიდი მადლობა ყველა იმ დელეგაციას, რომელმაც მხარი არ დაუჭირეს ამ დემაგოგიურ რეზოლუციას. მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება მომავალშიც. უბრალოდ გეგმაშია დაპირისპირება არა მარტო ბრიუსელსა და თბილისს შორის, არამედ შიგნით საქართველოში, ხალხს შორის, ვინც არის მიუღებელი იმის გამო, რომ მშვიდობას უჭერს მხარს და არა ომს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა