ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ევროკავშირის და შვედეთის მხარდაჭერით ერთობლივი ბიზნეს ფორუმი გამართეს

ევროპული ბიზნეს ასოციაციისა (EBA) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით თბილისში მასშტაბური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიებამ თავი მოუყარა 100-მდე კერძო სექტორის ლიდერს, ნოვატორს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებმაც კერძო სექტორის განვითარებასა და დემოგრაფიულ მდგრადობას შორის არსებული მჭიდრო კავშირი განიხილეს.

თანამედროვე ეკონომიკურ რეალობაში გლობალური საინვესტიციო სტანდარტები სულ უფრო მეტად ორიენტირდება ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) კრიტერიუმებსა და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ტრანსფორმირდა ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკა სტანდარტული კორპორაციული ბენეფიტებიდან საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის ფუნდამენტურ წინაპირობად.

წარმატებული ბიზნესქეისების გაზიარებითა და საფინანსო ინსტიტუტების განახლებული დაკრედიტების პრინციპების განხილვით, ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ზრუნვის კულტურა“ არ არის მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა; ის გრძელვადიანი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი განვითარების კრიტიკული მამოძრავებელი ძალაა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი, რომელმაც ხაზი გაუსვა კერძო სექტორის გადამწყვეტ როლს ამ პროცესში:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„როდესაც კომპანიები ნერგავენ ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას – მოქნილ სამუშაო პირობებს, მშობლის შვებულებას ორივე მშობლისთვის, ადგილზე არსებულ ან სუბსიდირებულ ბავშვთა მოვლის სერვისებს – გზავნილი თანამშრომლებისადმი არის, რომ მათ არ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის. ეს გზავნილი ცვლის გადაწყვეტილებებს: სამუშაო ძალაში დარჩენის, შვილების ყოლის, მშობლის შვებულების შემდეგ დაბრუნების შესახებ. დროთა განმავლობაში, ეს გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე. გაეროს შეუძლია ნორმების დაწესება, ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა და პოლიტიკური ცვლილებების ადვოკატირება, მაგრამ სწორედ კერძო სექტორი ქმნის იმ პირობებს, რომელსაც მილიონობით ადამიანი განიცდის ყოველდღიურად“, - აღნიშნა მან.

დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა იმ ბარიერებზეც, რომლებსაც ქალები შრომის ბაზარზე აწყდებიან. ზანე რუნგულემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში აღნიშნა, რომ ოჯახზე ორიენტირებული მიდგომები პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ სარგებელთან:

ზანე რუნგულე - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„ქალებს კვლავ აკისრიათ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციულად დიდი წილი და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ეს ხშირად ზღუდავს ქალების მონაწილეობას შრომის ბაზარზე, აფერხებს მათ კარიერულ წინსვლას და ხელს უწყობს ანაზღაურებაში არსებულ გენდერულ სხვაობას. კომპანიებში, რომლებსაც აქვთ მშობლის შვებულების ძლიერი პოლიტიკა, მოქნილი სამუშაო პირობები და ბავშვთა მოვლის მხარდაჭერის მექანიზმები, მცირდება კადრების გადინება, იზრდება პროდუქტიულობა და ჩნდება ახალი კადრების მოზიდვის უკეთესი შესაძლებლობები. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაძლიერება კომპანიებს ეხმარება სამუშაო ძალის სრული პოტენციალის რეალიზებაში და ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიურ და კონკურენტუნარიან ეკონომიკას, რომელსაც ევროპული ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია“, - განმარტა ზანე რუნგულემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ფორუმის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამგვარი გარემოს შექმნა მრავალმხრივ ჩართულობასა და პარტნიორობას მოითხოვს. შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ანნა ლიბერგმა, თავის გამოსვლაში დაადასტურა საერთო ძალისხმევის მნიშვნელობა:

ანნა ლიბერგი - შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„თანაბარი მონაწილეობა არ არის ისეთი მიზანი, რომლის მიღწევაც რომელიმე ერთ აქტორს მარტოს შეუძლია. ეს მოითხოვს ქალებისა და კაცების, ოჯახებისა და თემების, პოლიტიკის შემქმნელებისა და დამსაქმებლების ერთობლივ ძალისხმევას. სწორედ ამიტომ ვამაყობთ იმ საქმიანობით, რომელსაც გაეროსთან ერთად ვახორციელებთ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში“, - განმარტა მან.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ, ფორუმზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს ბიზნესის შიდა ინვესტიციები საზოგადოების გრძელვადიან მდგრადობას:

მარიამ ბანძელაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა არა მხოლოდ აუმჯობესებს ინდივიდუალურ კეთილდღეობას, არამედ კომპანიის წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ოჯახისთვის ხელსაყრელ პოლიტიკაში ინვესტირება საუკეთესო სტრატეგიაა დემოგრაფიული მდგრადობის მისაღწევად. როდესაც სამუშაო გარემო არის ოჯახის მხარდაჭერაზე ორიენტირებული, ადამიანებს უჩნდებათ სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის განცდა. მათ აღარ ეშინიათ შვილის გაჩენა, რადგან იციან, რომ ამის გამო კარიერას ან ფინანსურ უსაფრთხოებას არ დაკარგავენ. ზრუნვის ტვირთის თანაბარი გადანაწილება კი ქალებს აძლევს შანსს, დარჩნენ სამუშაო ძალაში და მიაღწიონ მაქსიმუმს. დღეს ოჯახებში განხორციელებული ინვესტიცია არის გარანტია იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა მომზადებული შეხვდება მომავალს“.

კერძო სექტორის ეკონომიკური ხედვა და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა შეაჯამა ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) პრეზიდენტმა, ჯონ ბრაეკეველდტმა:

ჯონ ბრაეკეველდტი - ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) პრეზიდენტი

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„ოჯახზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა სტრატეგიული ეკონომიკური ინვესტიციაა. ბიზნესპრაქტიკის განვითარებად საერთაშორისო ESG სტანდარტებთან და პასუხისმგებლობიან დაფინანსებასთან შესაბამისობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს კერძო სექტორი დარჩეს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მიმზიდველი გლობალური ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ზრუნვის კულტურა, საბოლოო ჯამში, განვითარების კულტურაა. გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) სიამაყით უჭერს მხარს ისეთ მიდგომებს, რომლებიც არა მხოლოდ ეხმარება ჩვენს საზოგადოებას, არამედ აქტიურად უწყობს ხელს კერძო სექტორის ზრდასა და დემოგრაფიულ მდგრადობას“.

რას გულისხმობს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა?

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს ქვეყნებს დემოგრაფიულად მდგრადი საზოგადოებების შექმნაში. ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანებს გაუმარტივებს შვილების ყოლასთან დაკავშირებული სურვილების რეალიზებას - ისე, რომ მათ არ მოუწიოთ საკუთარ კარიერულ მისწრაფებებზე უარის თქმა. ამ კონტექსტში სამუშაო ადგილს გადამწყვეტი როლი ენიჭება. როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, ოჯახზე მორგებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ადვოკატირება UNFPA-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამგვარი პოლიტიკა ემსახურება ყველა თანამშრომლის ხელშეწყობას, შეათავსოს სამუშაო და ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობები, შექმნას კეთილგანწყობილი სამუშაო კულტურა და გარემოს და დასაქმებულებს შესთავაზოს როგორც პრაქტიკული, ისე ემოციური მხარდაჭერა. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ეხმარება წყვილებს იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენიც მათ სურთ ისე, რომ დედაც და მამაც სრულფასოვნად ახერხებდეს სამუშაო ძალის შენარჩუნებასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ასეთი პოლიტიკის ნაწილია სათანადოდ ანაზღაურებადი მშობლის შვებულება - დედებისა და მამებისათვის, ასევე, მშობლებისათვის მოქნილი სამუშაო განრიგის შეთავაზება, მეძუძური დედებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა, მცირეწლოვანი ბავშვების მოვლისთვის განკუთვნილი სივრცეები სამუშაო ადგილზე და სხვა.

დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს. თუ ახალგაზრდებს აქვთ წვდომა ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, თუ ისინი სტაბილურად არიან დასაქმებული და იღებენ დახმარებას საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ემიგრაციაში წასვლის სურვილი გაუჩნდეთ და, გარდა ამისა, უფრო მეტი შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებენ. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - როგორც ეროვნულ დონეზე, ისე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული - მძლავრი იარაღია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დასაძლევად და ოჯახზე ზრუნვისა და აუნაზღაურებადი შრომის გადანაწილებისთვის, რაც როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებების რეალიზების საშუალებას აძლევს.

ბიზნეს ფორუმი გაიმართა პროგრამების „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა