გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, საუბარი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების აქტუალური თემებით უნდა დავიწყოთ.

17 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღე ტრადიციულად ევროპისა და ევროკავშირის კრიტიკითა და ევროკავშირის სსრკ-თან შედარებით დაიწყო. როგორც ჩანს, ამგვარ თემაზე მსჯელობის საბაბად იქცა ბრიუსელის გარკვეულ წრეებში არსებული მოსაზრება იმაზე, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს შესაძლოა, ვეტოს უფლება შეეზღუდოს.

17 ივნისის დღე იმით დასრულდა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ახლა ლუქსემბურგში იმყოფება და საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს განაცხადა - „ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.

ახლა მთავარი და საინტერესო ისაა, თუ რა მოხდა ისეთი, რამაც „ოცნება“ იძულებული გახადა ოფიციალურ თბილისთან უბრად მყოფ ბრიუსელს დიალოგის სურვილი გასჩენოდა. ძნელია იმის დაშვება რომ კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონოდა.

სავარაუდოდ, რა მოხდა ისეთი, რომ პარლამენტის სპიკერსა და კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებს შორის, როგორც მინიმუმ, თანხვედრა არა თუ არაა, აზრთა სხვადასხვაობაა?

- ბატონი პაპუაშვილის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული რიტორიკა, სამწუხაროდ, გაკვირვებას აღარ იწვევს: უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნება“ ცდილობს მტრისა და მოყვარის ჩანაცვლებას, ან გათანაბრებას მაინც.

ილია ჭავჭავაძეც სწორად ამის შესახებ გვაფრთხილებდა - „მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი“, თუმცა, აქ წინააღმდეგობა სრულიად მოჩვენებითია და რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს არა კომუნიკაციის პრობლემასთან ან შიდა გუნდურ განხეთქილებასთან, არამედ კარგად დაგეგმილ, ტრადიციულ პოლიტიკურ ტაქტიკასთან, რომელსაც „შრომის გაყოფა“ ან „კეთილი და ბოროტი პოლიციელის“ თამაში შეგვიძლია ვუწოდოთ.

„ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია, რაც ორ სრულიად განსხვავებულ, პარალელურ რეალობაში და პარალელურ ლიანდაგზე მუშაობს და ცდილობს საქართველოს მოსახლეობაც რეალობას მოგვწყვიტოს და პარალელურ, სრულიად არაადეკვატურ სამყაროში გადაიყვანოს.

შალვა პაპუაშვილის რიტორიკა, სადაც ევროკავშირი საბჭოთა კავშირს ედრება, არის გათვლილი შიდა აუდიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ბირთვულ ამომრჩეველზე, რომელიც უყურებს სახელმწიფო პროპაგანდას, იჯერებს მისი, და რომლის მხარდაჭერის შენარჩუნება ოცნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ ნარატივით ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი თავი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტრადიციების დამცველად წარმოაჩინოს - ოღონდ იმ გეოპოლიტიკური ძალისგან, რომელიც მას არაფერს არ ერჩის. ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვაზე საუბარი კი მათთვის უბრალოდ მოსახერხებელი, ხელოვნური საბაბი აღმოჩნდა ამ ანტიდასავლური ხაზის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

მეორე მხრივ, გვაქვს ნიკოლოზ სამხარაძის სრულიად განსხვავებული ტონალობის მესიჯი ლუქსემბურგიდან, რომელიც მიმართულია გარე აუდიტორიისკენ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისკენ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმ ზომიერი ქართველი ამომრჩევლისკენ, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა ან იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის გზიდან საბოლოოდ არ უხვევს.

სამხარაძის განცხადება დიალოგისთვის მზაობაზე, მათ შორის რუსული კანონების, და არა კანონის - „ოცნებამ“ რუსული ავტორიტარული ტიპის არა ერთი, არამედ მრავალი კანონი მიიღო, შესაბამისად საქმე რუსული ავტორიტარიზმის საკანონმდებლო პაკეტთან გვაქვს. ემსახურება მხოლოდ ილუზიის შექმნას, თითქოს „ოცნება“ არ კეტავს კარს და კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში რჩება.

თუმცა, თუ სიღრმისეულად დავაკვირდებით, ეს ე.წ. მზაობა დიალოგისთვის არსებითად არ გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილებებიდან უკანდახევას, ეს უფრო „დაბოლების“ მორიგი მცდელობაა, რომელსაც ბრიუსელს სთავაზობენ, რათა სრულ იზოლაციას და დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ მკაცრ ფინანსურ თუ პერსონალურ სანქციებს ცოტა ხნით მაინც აარიდონ თავი ან პროცესი დროში გაწელონ.

თუ სიღრმისეულად დავაკვირდებით, ეს ე.წ. მზაობა დიალოგისთვის არსებითად არ გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილებებიდან უკანდახევას, ეს უფრო „დაბოლების“ მორიგი მცდელობაა, რომელსაც ბრიუსელს სთავაზობენ, რათა სრულ იზოლაციას და დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ მკაცრ ფინანსურ თუ პერსონალურ სანქციებს ცოტა ხნით მაინც აარიდონ თავი ან პროცესი დროში გაწელონ

განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ყველაფრის დროში დამთხვევა. ეს ხდება ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნა, საქართველო კი, ოდესღაც ამ ტრიოს ლიდერი, ისტორიული პროცესის მიღმა აღმოჩნდა.

„ოცნების“ გუნდის ლიდერებს ძალიან კარგად ესმით, რომ ბრიუსელთან სრული გაწყვეტა და ღია დაპირისპირება მათთვის პოლიტიკურად უკიდურესად წამგებიანია. ამიტომაც მათ სჭირდებათ ერთგვარი პოლიტიკური ალიბი: თუკი ევროპა უახლოეს მომავალში კრიტიკულ ნაბიჯებს გადადგამს „ოცნების“ ქმედებებზე, საპასუხოდ, პროპაგანდას შეეძლება საზოგადოებას უთხრას, რომ მათ დიალოგი და კონსტრუქციულობა შესთავაზეს, ევროპამ კი უარი თქვა.

ოცნების“ გუნდის ლიდერებს ძალიან კარგად ესმით, რომ ბრიუსელთან სრული გაწყვეტა და ღია დაპირისპირება მათთვის პოლიტიკურად უკიდურესად წამგებიანია. ამიტომაც მათ სჭირდებათ ერთგვარი პოლიტიკური ალიბი: თუკი ევროპა უახლოეს მომავალში კრიტიკულ ნაბიჯებს გადადგამსოცნების“ ქმედებებზე, საპასუხოდ, პროპაგანდას შეეძლება საზოგადოებას უთხრას, რომ მათ დიალოგი და კონსტრუქციულობა შესთავაზეს, ევროპამ კი უარი თქვა

საბოლოო ჯამში, სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებს შორის არსებული ცრუკონტრასტი არც აზრთა სხვადასხვაობაა და არც შეუთანხმებლობა - ეს არის ერთიანი სტრატეგიული კურსის ორი სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული ხაზი რომლის ამოცანაც ძალაუფლების შენარჩუნება და დასავლეთთან ურთიერთობებში მანიპულირებაა.

- ბევრი თვლის რომ ევროკავშირთან დიალოგის დაწყების შესახებ სამხარაძის განცხადება, ევროკავშირთან ურთიერთობებში „ოცნების“ ახალ ტაქტიკურ ნაბიჯს უფრო ჰგავს, რადგან, დიალოგი ხშირად რომ დროში იწელება და არაფრისმომტანია, ბევრჯერ გვინახავს.

ასე ბევრი იმიტომაც ფიქრობს რომ ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე რომ ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა.

გარდა ამისა, სამხარაძის განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი რომ „ოცნება“ მზადაა „გამჭირვალეობის კანონის“ შესახებ გამართოს დიალოგი და არა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეპრესიული კანონების გაუქმება, „აგენტების შესახებ“ კანონი, ევროპარლამენტის მიერ „სინდისის პატიმრებად“ აღიარებული იმ მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც რუსთაველზე ევროკავშირთან დიალოგის შეწყვეტას აპროტესტებდნენ. ასევე იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური პარტიების დევნა და ასე შემდეგ.

როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ზემოთხსენებული პრეტენზიების გათვალისწინება „უსამართლობა იქნებოდა“.

სავარაუდოდ, რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელთან ურთიერთობაში ევროკავშირთან დიალოგისთვის ლუქსემბურგის ჩართვა?

რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მათი მხრიდან ამგვარ აქტიურობას?

- ლუქსემბურგის ჩართვა ამ პროცესში ნამდვილად არ არის შემთხვევითი მოვლენა. ეს არის წინასწარ გათვლილი, ტაქტიკური დიპლომატიური მანევრი. „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ევროკავშირის შიგნით იპოვოს შედარებით ნაკლებად მკაცრი, ან თუნდაც ნეიტრალური განწყობის მქონე თანამოსაუბრეები - ორბანის ფარის დაკარგვისა და ევროპული პოლიტიკის წონიან ქვეყნებთან - გერმანიასა და საფრანგეთთან - სრულიად არაადეკვატური ურთიერთობების გათვალისწინებით, ეს ოცნებისთვის გადარჩენის ერთადერთი სტრატეგიაა.

თუმცა, ეს სტრატეგიაც არაადეკვატურია: ლუქსემბურგთან ურთიერთობა ან კომუნიკაცია ვერ გადაწონის ევროპული ტიტანის - გერმანიის - ელჩზე თავდასხმებს, ან მუდმივ ანტიდასავლურ რიტორიკას. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის უკიდურესად ხისტი პოზიციის ფონზე, „ოცნებას“ სჭირდება ალტერნატიული, ორმხრივი არხების გამოყენება, რათა შექმნას ევროპასთან კონსტრუქციული ჩართულობისა და მუშაობის ილუზია, თუმცა ისე, რომ არსებითი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირობები არ შეასრულოს.

ლუქსემბურგთან ურთიერთობა ან კომუნიკაცია ვერ გადაწონის ევროპული ტიტანის - გერმანიის - ელჩზე თავდასხმებს, ან მუდმივ ანტიდასავლურ რიტორიკას. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის უკიდურესად ხისტი პოზიციის ფონზე, „ოცნებას“ სჭირდება ალტერნატიული, ორმხრივი არხების გამოყენება, რათა შექმნას ევროპასთან კონსტრუქციული ჩართულობისა და მუშაობის ილუზია, თუმცა ისე, რომ არსებითი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირობები არ შეასრულოს

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ „ოცნების“ მზადყოფნა მხოლოდ რუსული „გამჭვირვალობის“ კანონის ირგვლივ დიალოგზე გამოითქვა. „ოცნება“ ცდილობს პრობლემის ლოკალიზებას, ფოკუსის ხელოვნურად დავიწროებასა და ყურადღების გადატანას მხოლოდ ერთ „გამჭირვალეობის შესახებ“ კანონზე. ამით ისინი მიზანმიმართულად ტოვებენ განხილვის მიღმა იმ ფუნდამენტურ მოთხოვნებს, რომლებიც ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა არაერთხელ, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს - იქნება ეს დემოკრატიასთან შეუთავსებელი რუსული ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი სხვა რეპრესიული კანონების გაუქმება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა თუ სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ოცნება“ ცდილობს პრობლემის ლოკალიზებას, ფოკუსის ხელოვნურად დავიწროებასა და ყურადღების გადატანას მხოლოდ ერთგამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. ამით ისინი მიზანმიმართულად ტოვებენ განხილვის მიღმა იმ ფუნდამენტურ მოთხოვნებს, რომლებიც ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა არაერთხელ, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს

როდესაც ირაკლი კობახიძე ევროპელი პარტნიორების ამ ობიექტურ მოთხოვნებს წინასწარვე „უსამართლობას“ უწოდებს, ამით ის კეტავს რეალური კომპრომისის სივრცეს. ეს ცალსახად ადასტურებს, რომ სინამდვილეში, არანაირი დათმობის ან ევროპული რეკომენდაციების არსებითი შესრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს და შეთავაზებული დიალოგი მხოლოდ პროპაგანდისთვის საკენკის გადაგდებასა და ევროკავშირის მხრიდან ზომების გადავადებას ემსახურება.

ამგვარ იმიტირებულ აქტიურობას და ლუქსემბურგიდან გაჟღერებულ მესიჯებს სამი ძირითადი და სრულიად პრაგმატული მიზანი აქვს. პირველი და ყველაზე გადაუდებელი ამოცანა დროის მოგებაა. ოცნებას ძალიან კარგად ესმის, რომ უახლოეს მომავალში მათ სერიოზული საფრთხეები ემუქრებათ, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა ან მაღალჩინოსნებზე ფინანსური სანქციების დაწესების რეალური პერსპექტივა, ამიტომ დიალოგის ილუზიის შენარჩუნება ამ პროცესების შესანელებლად სჭირდებათ.

როდესაც ირაკლი კობახიძე ევროპელი პარტნიორების ამ ობიექტურ მოთხოვნებს წინასწარვეუსამართლობასუწოდებს, ამით ის კეტავს რეალური კომპრომისის სივრცეს. ეს ცალსახად ადასტურებს, რომ სინამდვილეში, არანაირი დათმობის ან ევროპული რეკომენდაციების არსებითი შესრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს და შეთავაზებული დიალოგი მხოლოდ პროპაგანდისთვის საკენკის გადაგდებასა და ევროკავშირის მხრიდან ზომების გადავადებას ემსახურება

მეორე მიზანი ევროპული ერთსულოვნების გახლეჩის მცდელობას უკავშირდება. ხელისუფლება ტესტავს ნიადაგს და ცდილობს მოიძიოს „რბილი მოკავშირეები“ ან ლოიალურად განწყობილი ჯგუფები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც კრიტიკულ მომენტში ოცნების მიმართ მკაცრი ზომების ერთხმად მიღებას გაართულებენ ან დაბლოკავენ - რაც ნაკლებად მოსალოდნელია, უნგრეთში ორბანიზმის სრული გაპარტახების შემდეგ.

მესამე და, ალბათ, ყველაზე მთავარი მიზანი შიდა პოლიტიკური ნარატივის და საზოგადოებრივი აზრის მართვაა. ხელისუფლება აქტიურად ამზადებს ნიადაგს იმ სცენარისთვის, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესს შეწყვეტენ.

ხელისუფლება აქტიურად ამზადებს ნიადაგს იმ სცენარისთვის, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესს შეწყვეტენ

ამ დროს მათ სჭირდებათ საკუთარი ბირთვის შემზადება - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს, საკუთარი არაადეკვატური პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი სრულად გაამართლოს.

- ევროკავშირის მიმართ ბევრი თვალსაზრისით გაუგებარი კრიტიკის ფონზე რამდენიმე დღეა მედიაში მუსირებს აზრი რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან მიმართებაში იმგვარი გადაწყვეტილების მიღება სურს, რომლითაც მმართველი გუნდი ჩვენივე კონსტიტუციაში არსებულ 78-ე მუხლზე უარს იტყოდა.

ბევრი დარწმუნებულია რომ „ქართული ოცნება“ ამის გაკეთებას არ მოერიდებოდა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილი, რომელიც მას უჭერს მხარს, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მნიშვნელოვნად შეზღუდვა მათ უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

მმართველი გუნდი კარგა ხანია ამტკიცებს რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თემით ევროკავშირი ოფიციალურ თბილის ზეწოლის საკითხად იყენებს და მათ გარკვეულ წილად აშანტაჟებს კიდეც.

თუ პარლამენტის სპიკერის განცხადებას გავიხსენებთ - „ჩვენ ვუჯერებთ საქართველოს ეკლესიას“, სულაც არაა გამორიცხული ამჯერად ევროკავშირში უარის თქმის საბაბად ეკლესიის პოზიცია იყოს დასახელებული.

რადგან დღე არ გავა, არ ისმოდეს ხმები იმაზე რომ „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელთან ურთიეთობების საბოლოოდ გაწყვეტა უნდა, გკითხავთ - რამდენად საფუძვლიანია მტკიცება რომ „ოცნებას“ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღების მიმართულებით მოძრაობს და აქტიურობს?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2028 წლის არჩევნებზე ეკლესიის მხადაჭერით პოლიტიკური დღის წესრიგის აქტუალური თემად იქცეს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე უარის თქმა?

- კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფორმალური, იურიდიული ამოღება „ქართული ოცნებისთვის“ უკიდურესად სარისკო და პოლიტიკურად ძვირადღირებული ნაბიჯი იქნებოდა, რადგან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მყარად უჭერს მხარს.

ამას ემატება ვიზალიბერალიზაციის ფაქტორიც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან დაახლოების ყველაზე ხელშესახები და პრაქტიკული მონაპოვარია.

„ოცნებაში“ კარგად ესმით, რომ ამ მონაპოვარის საფრთხის ქვეშ დაყენება და ევროპული კურსის დეკლარირებული შეცვლა საზოგადოების უმწვავეს უკმაყოფილებას გამოიწვევდა, რაც შესაძლოა, „ოცნების“ გუნდისთვის ელექტორალური კატასტროფითაც დასრულდეს.

შესაბამისად, ბევრად უფრო რეალისტურია არა ამ მუხლის ერთჯერადი, ღია გაუქმება, არამედ მისი ფაქტობრივი დაცლა და ნეიტრალიზაცია. ეს არის კლასიკური „სალამის ტაქტიკა“, როდესაც კონსტიტუციური ჩანაწერი რჩება, თუმცა რეალური ინტეგრაციის პროცესი სრულად იყინება, ამავდროულად „ოცნების „ხელშეწყობით იზრდება ანტიდასავლური რიტორიკა და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან წამოსული კრიტიკა შიდა აუდიტორიისთვის შანტაჟად და სუვერენიტეტზე თავდასხმად საღდება, რაც პასუხისმგებლობის დასავლეთზე გადაბრალების საშუალებას იძლევა.

კონსტიტუციის 78- მუხლის ფორმალური, იურიდიული ამოღებაქართული ოცნებისთვისუკიდურესად სარისკო და პოლიტიკურად ძვირადღირებული ნაბიჯი იქნებოდა, რადგან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მყარად უჭერს მხარს

რაც შეეხება ეკლესიის ფაქტორს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ჩვენ ვუჯერებთ ეკლესიას“, ეს სხვა არაფერია, თუ არა უმძიმესი და არაპოპულარული პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადაბარების მცდელობა ისეთ ინსტიტუტზე, რომელსაც მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს. ამავდროულად, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ ეკლესია დაიქვემდებაროს და საკუთარი პოლიტიკის მართვად ინსტრუმენტად აქციოს.

შესაბამისად, ევროპასთან დისტანცირების პროცესში საპატრიარქოს შეტყუება ოცნებისთვის პრაგმატული და მორალისგან დაცლილი სვლაა, რომელსაც უზარმაზარი საფრთხე მოაქვს თავად ეკლესიისთვის.

შესაბამისად, მომავალი არჩევნებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირების კუთხით, ნამდვილად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროკავშირის თემა რადიკალურად გადაფორმულირდეს. მთავარი ნარატივი, დიდი ალბათობით, არ იქნება ღია და პირდაპირი უარი ევროპაზე - როგორც არ იყო 2024 წელს, როდესაც „ოცნებამ“ საკუთარი ლოგოც კი გადააკეთა და ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები მიახატა.

როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომჩვენ ვუჯერებთ ეკლესიას“, ეს სხვა არაფერია, თუ არა უმძიმესი და არაპოპულარული პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადაბარების მცდელობა ისეთ ინსტიტუტზე, რომელსაც მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს. ამავდროულად, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ ეკლესია დაიქვემდებაროს და საკუთარი პოლიტიკის მართვად ინსტრუმენტად აქციოს

პირიქით, პროპაგანდა აიგება იმაზე, რომ ხელისუფლებას კი არ სურს ევროპასთან გაწყვეტა, არამედ ყველაფერი ევროპის ბრალია, ევროპა გვჩაგრავს, და მსგავს პროპაგანდისტულ გზავნილებზე, რასაც არაფერი საერთო აქვს რეალობასთან.

მსგავსი ტაქტიკა „ქართულ ოცნებას“ საშუალებას მისცემს, ამომრჩევლის თვალში გაამართლოს დასავლეთთან დისტანცირება ისე, რომ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღების რადიკალურ რისკზე წასვლა არც კი დასჭირდეს.

ევროინტეგრაცია იქცევა არა უმთავრეს ეროვნულ მიზნად, არამედ პროცესად, რომელიც თითქოსდა მუდმივ საფრთხეს უქმნის ქვეყნის თვითმყოფადობას და რომლისგანაც საზოგადოება ოცნებამ უნდა „დაიცვას“. მარტივად რომ ვთქვათ, რეალური მტერი ჩანაცვლდება გამოგონილი, არ არსებული შიშით.

- შესაძლოა, რაზეც ზემოთ ვიმსჯელეთ, უადგილოც კი იყოს „საქართველოს შესახებ“ ევროპარლამენტში ანგარიშის მოსმენა და მის მიღებაზე კენჭისყრა.

17 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს. ანგარიშში აღნიშნულია რომ ეს არის მეორე საქართველოს შესახებ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ ანგარიში.

მასში საუბარია იმაზე, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე.

„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტიურად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“- აღნიშნულია ანგარიშში.

მოკლედ, ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია. ალბათ მასზე, როგორც წინა შემთხვევებში მმართველი გუნდი იტყვის რომ მას „ჩალის ფასი“ აქვს.

ახლა ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღბას, რომ ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელთან მანევრირების საშუალება არ აქვს. მაგრამ, ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან ირანთან, ანუ ავტორიტარულ ქვეყნებთან აქტირად თანამშრომლობს.

რაც შეეხება რუსეთს, ძნელი სათქმელია რა ფორმატში ვურთიერთობთ მოსკოვთან, მაგრამ ეკონომიკურად რომ რუსეთზე უფრო დამოკიდებული ვხდებით, ფაქტია.

„ინტერსპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - ქართული ოცნება,“ აგრძებს რეპრესიული არქიტექტურის მშენებლობას, რომელსაც დასავლეთთან არაფერი საერთო აქვს - კრემლის პოლიტიკურ სახელმძღვანელოსთან კი, ყველაფერი“. ამ ანგარიშზე კენჭის ყრის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და სავარუდოდ, როგორ აისახება იგი ჩვენს საშინაო პოლიტიკაზე?

- ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ანგარიშებს „ოცნება,“ ტრადიციულად, „ჩალის ფასს“ დაადებს და საინფორმაციო სივრცეში მათ მნიშვნელობის მაქსიმალურ დაკნინებას შეეცდება, თუმცა ამ დოკუმენტის რეალური წონა და საფრთხე სულ სხვა განზომილებაშია.

მართალია, ანგარიშს თავისი ბუნებით არასავალდებულო ხასიათი აქვს, მაგრამ ის ქმნის უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ და პოლიტიკურ პრეცედენტსა და წინაპირობებს, რაც საერთაშორისო დონეზე შეუქცევადად აფიქსირებს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას.

ეს რეზოლუციები არის ის ფუნდამენტი, რომელსაც შემდგომში ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები და წევრი სახელმწიფოები დაეყრდნობიან უკვე კონკრეტული, სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისას - იქნება ეს ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესება, პარტნიორობის პროგრამების შეჩერება თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის პრაქტიკული ამუშავება. ბრიუსელმა ამ ანგარიშით მკაფიოდ აჩვენა, რომ ილუზიები დასრულებულია და ხავერდოვანი დიპლომატიის რესურსი სრულად ამოიწურა. ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს ბრიუსელთან ტაქტიკური მანევრირების სივრცე პრაქტიკულად აღარ დარჩათ.

ბრიუსელმა ამ ანგარიშით მკაფიოდ აჩვენა, რომ ილუზიები დასრულებულია და ხავერდოვანი დიპლომატიის რესურსი სრულად ამოიწურა. ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს ბრიუსელთან ტაქტიკური მანევრირების სივრცე პრაქტიკულად აღარ დარჩათ

„ოცნების“ არაადეკვატური პოლიტიკის შედეგად დასავლეთი ახლა უკვე ითხოვს კონკრეტულ, სისტემურ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელთა გატარებაც „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენების დასუსტების ტოლფასია.

ვინაიდან ხელისუფლება ბრიუსელთან დათმობებზე ვერ და არ წავა, დასავლური ვექტორის ჩიხში შესვლის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ არა შემთხვევით გეოპოლიტიკურ შეცდომებს, არამედ გააზრებულ, სტრატეგიულ არჩევანს ავტორიტარული პარტნიორების სასარგებლოდ.

ჩინეთთან, ირანთან თუ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობების ფორსირებული გაღრმავება და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მიზანმიმართული ზრდა ხელისუფლებისთვის არის უსაფრთხოებისა და ფინანსური გადარჩენის ალტერნატიული ქოლგის ძიების მცდელობა.

ეს რეჟიმები, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ითხოვენ კანონის უზენაესობას, ინსტიტუციურ გამჭვირვალობას ან თავისუფალ არჩევნებს - მათთვის მთავარი სტატუს-კვოს შენარჩუნება და პრაგმატული ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური

გარიგებებია, რაც ოცნების შიდაპოლიტიკურ ინტერესებს იდეალურად ერგება.

ვინაიდან ხელისუფლება ბრიუსელთან დათმობებზე ვერ და არ წავა, დასავლური ვექტორის ჩიხში შესვლის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ არა შემთხვევით გეოპოლიტიკურ შეცდომებს, არამედ გააზრებულ, სტრატეგიულ არჩევანს ავტორიტარული პარტნიორების სასარგებლოდ

სწორედ ამიტომ, ხელისუფლება თანმიმდევრულად და აგრესიულად აგრძელებს შიდა რეპრესიული არქიტექტურის მშენებლობას, რომლის იდეოლოგიური და პრაქტიკული სათავეები პირდაპირ კრემლის პოლიტიკურ სახელმძღვანელოშია. ეს მოიცავს სამოქალაქო სექტორის სისტემურ დემონიზებას, თავისუფალი მედიის შეზღუდვას და ძალისმიერი თუ ადმინისტრაციული სტრუქტურების სრულ მობილიზებას ნებისმიერი ალტერნატიული აზრის ჩასახშობად.

ამ ანგარიშის მიღების შემდეგ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ოფიციალური ურთიერთობები კიდევ უფრო გაცივდება და ღრმა, ფორმალურად გაყინულ ფაზაში გადავა. საშინაო პოლიტიკაში კი „ოცნება“ მისი არაადეკვატურობით გამოწვეულ ამ იზოლაციას საკუთარი ნარატივის გასაძლიერებლად და საზოგადოების მანიპულირებისთვის გამოიყენებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ოფიციალური ურთიერთობები კიდევ უფრო გაცივდება და ღრმა, ფორმალურად გაყინულ ფაზაში გადავა. საშინაო პოლიტიკაში კი ოცნება“ მისი არაადეკვატურობით გამოწვეულ ამ იზოლაციას საკუთარი ნარატივის გასაძლიერებლად და საზოგადოების მანიპულირებისთვის გამოიყენებს

- გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა პრეზიდენტ პუტინის სპეცწარმომადგენელი საერთაშორისო კურტულრულ თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოი.

თბილისში ყოფნისს მან განაცხადა - „მგონია რომ კულტურა არის სფერო, რომელსაც შეუძლია ნდობის აღდგენა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობდა“.

ვითარებაში, როცა რუსეთმა კიევის პეჩორის ლავრა, უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბა, კრემლს, რუსეთის ეკლესიას, ასევე ქართულს ეკლესიას მომხდარი არ დაუგმია, ამ ვანდალურ აქვს გამოეხმაურა მართლმადიდებლური მსოფლიო ეკლესიის პატრიარქის.

ვიტარებაში, როცა კრემლი აგრძელებს სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოების მეშვეობით ამ ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების გადადგმას, რამდენად შეიძლება ჰქონდეს ბატონ შვიდკოის იმის იმედი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ნდობის აღდგენა შესაძლებელი იყოს?

- მიხაილ შვიდკოის ჩამოსვლა თბილისში და მისი განცხადებები კულტურული დიპლომატიის მეშვეობით „ნდობის აღდგენაზე“ კლასიკური, სახელმძღვანელოდან აღებული „რბილი ძალის“ ოპერაციაა.

აშკარაა, რომ კრემლის მიერ შვიდკოი სპეციალურად არის მივლენილი საქართველოს მიმართულებაზე, რადგან იგი წლებია რუსული კულტურული იმპერიალიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ინსტრუმენტია - მან ზუსტად იცის, როგორ შეფუთოს აგრესიული პოლიტიკური ექსპანსია უწყინარ, ჰუმანიტარულ ნარატივში.

ეს ე.წ. „კულტურული ნდობა“ სხვა არაფერია, თუ არა მორიგი რუსული ხაფანგი, რომელიც სრულად არის აცდენილი რეალობას, როდესაც პარალელურად კრემლი ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში საკუთარი „საელჩოების“ მეშვეობით მცოცავი ანექსიისა და სახელმწიფოებრივი შთანთქმის პროცესს შეუფერხებლად აგრძელებს, რაზეც ცხინვალის რეგიონთან ანექსიის წინარე ხელშეკრულება ცხადყოფს.

რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ეს გააქტიურება და შვიდკოის მსგავსი ფიგურების ვიზიტები ჰაერში არ ხდება - ისინი პირდაპირ ეყრდნობიან იმ ნოყიერ ნიადაგს, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავად ამზადებს.

ამ ტენდენციის ნათელი და საგანგაშო მაგალითია თბილისში, პუშკინის ბიუსტთან გამართული ბოლოდროინდელი ღონისძიება და მასზე მმართველი გუნდის მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური თუ მორალური რეაქციის სრული არარსებობა.

„ქართული ოცნების“ ეს დემონსტრაციული დუმილი და უმოქმედობა აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში მიზანმიმართულად იქმნება პოზიტიური, ხელსაყრელი გარემო რუსული პროპაგანდისა და იდეოლოგიური გზავნილების ლეგიტიმაციისთვის.

როდესაც ხელისუფლება არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს ოკუპანტი ქვეყნის რბილი ძალის დემონსტრირებას დედაქალაქის ცენტრში, ეს მოსკოვისთვის მწვანე შუქია. კრემლში თვლიან, რომ დრო იდეალურადაა შერჩეული - რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული ხელისუფლების პირობებში, რუსული ყოფნის ნორმალიზება და ქართული საზოგადოების მომზადება იმ სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყობისთვის, რასაც „ოცნება“ ისედაც ახორციელებს, ბევრად უფრო მარტივი ხდება.

როდესაც ხელისუფლება არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს ოკუპანტი ქვეყნის რბილი ძალის დემონსტრირებას დედაქალაქის ცენტრში, ეს მოსკოვისთვის მწვანე შუქია. კრემლში თვლიან, რომ დრო იდეალურადაა შერჩეული - რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული ხელისუფლების პირობებში, რუსული ყოფნის ნორმალიზება და ქართული საზოგადოების მომზადება იმ სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყობისთვის, რასაც „ოცნება“ ისედაც ახორციელებს, ბევრად უფრო მარტივი ხდება

რაც შეეხება ერთმორწმუნეობისა და რელიგიური სოლიდარობის თემას, კიევის პეჩერის ლავრის - კიევის რუსეთის ქრისტიანული სიწმინდის - რუსული არმიის მიერ ბარბაროსული დაბომბვა ამ ნარატივის სრულ ფარსს ააშკარავებს.

მსოფლიო პატრიარქის მკაცრი და პრინციპული რეაქციის ფონზე, უაღრესად ნიშანდობლივი და მეტყველია ის ფაქტი, რომ კიევის პეჩორის ლავრის ტრაგედია იმპერიის მსახურად გადაქცეულ რუსეთის ეკლესიას ოფიციალურად არ დაუგმია.

სისხლიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა ასობით ეკლესია დაანგრია და გადაწვა - სწორედ იმ ხალხის სალოცავები, რომელსაც „ძმად” და „ერთმორწმუნედ” მოიხსენიებს. და სანამ კრემლი თავს მართლმადიდებლობის მფარველად ასაღებს, ჩვენ, ქართველებს, კარგად გვახსოვს, რა ფასი აქვს ამ „მფარველობას”.

ისტორიულად - ქართველთა დაწყევლა, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და სიწმინდეების ქურდობა, დღეს - იმავე „ერთმორწმუნე” რუსეთის ხელით ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ეკლესიები ძარცვა, ილორის გადათეთრება, ქართული წარწერების წაშლა, საუკუნოვანი ფრესკები განადგურება და ქართველი სასულიერო პირების განდევნა და მოწამეობრივი მკვლელობა.

მსოფლიო პატრიარქის მკაცრი და პრინციპული რეაქციის ფონზე, უაღრესად ნიშანდობლივი და მეტყველია ის ფაქტი, რომ კიევის პეჩორის ლავრის ტრაგედია იმპერიის მსახურად გადაქცეულ რუსეთის ეკლესიას ოფიციალურად არ დაუგმია

ეს დუმილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვისთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ და მხოლოდ გავლენის მოპოვების პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ჩვენივე ქვეყანაში გარკვეული წრეები კონიუნქტურის გამო უსიტყვოდ ეგუებიან. ნდობის აღდგენაზე საუბარი აბსურდია, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია და ანექსიის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. შვიდკოის მიერ შემოთავაზებული „კულტურული დიალოგი“ მხოლოდ და მხოლოდ ამ სასტიკი გეოპოლიტიკური რეალობის შესანიღბი, თვალის ასახვევი ფარდაა, რომელსაც რეალური, გულწრფელი საფუძველი არ გააჩნია.

- უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებში უაღრესად კრიტიკული ვითარებაა. უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

ახლა ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღებას რომ წარუმატებელი ომის გამო უკრაინამ შეძლო „პუტინი ჩიხში მოექცია“. ახლა ინიციატივაცა და უპირატესობაც უკრაინის მხარესაა.

როგორც ამბობენ, რუსეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნაბიულინამ პუტინსა და მთელ სახელისუფლებო გუნდს უთხრა რომ გადადგებოდა თუ უკრაინასთან ომი არ შეწყდებოდა. პუტინის გარემოცვა უკრაინასთან ომის გაგრძელებას უჭერს მხარს. ასეა მიუხედავად იმისა რომ ამ ომის მოგების არანაირი შანსი არ არსებობს.

პუტინი ცდილობს უკრაინის ფრონტი მებრძოლებით უზრუნველყოს, როგორც ამბობენ, მობილიზაცია არ გამოცხადებულა, მაგრამ სახელისუფლებო ორგანოები მობილიზაციის რეჟიმში მუშაობენ. ანუ, ვისი ომში წაყვანა შესაძლებელია, მათი მობილიზება ხდება.

ვხედავთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე იზდება. თუ მას ვაშინგტონში პირველი ვიზიტიას ტრამპმა უთხრა - „თქვენ კარტები არ გაქვთო და დონბასი უნდა დათმოთო“. ახლა ზელენსკი ამბობს რომ მას „ხელთ აქვს საკმაოდ ბევრი კოზირები“ და კრემლისგან ითხოვს რუსული ჯარების გაყვანას.

ცხადადაც კი ჩანს, რომ თუ უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდა, იგი „რუსული სცენარით ვერ დასრულდება“. ეს კი პუტინისა და რუსეთისთვის დიდი კატაკლიზმების მომასწვავებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

იმ ვითარებაში, რომელიც დღეისათვის არსებობს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, ძნელია რამის პროგნოზირება მაგრამ, ძნელი არაა იმის დანახვა, რომ რუსეთი უკვე აღარც დამოუკიდებელი პოლუსია, რომელიც მეზობლებისგან მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას ითხოვდა და აღარც ის ქვეყანა, რომლისაც ევროპაში ეშინიათ.

ამ ომში და საერთოდ რუსეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიცია იმის შიშს ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს რომ თუ უკრაინას ფროტზე გარკვეული წარმატება ექნა, „კრემლმა კომპენსაციის სახით“ საქართველოზე მიიტანოს იერიში, მაგრამ, არა ძალის გამოყენებით, არამედ „რბილი ძალით“?

თუმცა, ბევრი არც ძალის გამოყენებასც არ გამორიცხავს...

- რუსეთ-უკრაინის ომის საბოლოო წერტილისა და კონკრეტული ვადების პროგნოზირება, სამხედრო დინამიკის მუდმივი ცვლილების გამო, უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა დღეს უკვე სრულიად აშკარაა ერთი ფუნდამენტური რეალობა: რუსეთმა ვერცერთ საკვანძო სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია და მისი რესურსები, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, უკიდურესად გამოფიტულია.

თუნდაც ის ფაქტი, რომ კრემლს ფარული, მცოცავი მობილიზაციის რეჟიმში უწევს მთელი სახელმწიფო აპარატის ამუშავება და კულუარებში რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდანაც კი ისმის სასოწარკვეთილი სიგნალები ომის ეკონომიკის მდგრადობის ამოწურვაზე, ძალიან ნათლად გვაჩვენებს რომ მოსკოვი სტრატეგიულ ჩიხშია, რასაც ემატება ყირიმის ფაქტობრივი ბლოკადა.

ომის დასრულება „რუსული სცენარით“ პრაქტიკულად გამოირიცხა, რაც თავად პუტინის ვერტიკალისთვისა და რუსეთის შიდა სტაბილურობისთვის უმძიმესი, გარდაუვალი პოლიტიკური რყევების მომასწავებელია.

ომის დასრულება „რუსული სცენარით“ პრაქტიკულად გამოირიცხა, რაც თავად პუტინის ვერტიკალისთვისა და რუსეთის შიდა სტაბილურობისთვის უმძიმესი, გარდაუვალი პოლიტიკური რყევების მომასწავებელია

ამ ფონზე, უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის საერთაშორისო პოზიციების სიმყარე და დასავლეთის მხრიდან ტექნოლოგიური და პოლიტიკური მხარდაჭერა აჩვენებს, რომ გეოპოლიტიკური ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლმა დაკარგა.

რუსეთი აღარ არის ის გლობალური ძალის დამოუკიდებელი პოლუსი, რომელიც ევროპას აშინებდა - ის სტრატეგიულად დასუსტებული, იზოლირებული და ჩინეთზე ჩამოკიდებული მოთამაშეა.

ამ მოცემულობაში, „ოცნების“ დღევანდელი არაადეკვატური პოზიცია და მისი აშკარად კონფორმისტული, ხშირად კი კრემლის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკა, მხოლოდ გარდაუვალი სამხედრო აგრესიის შიშით არ აიხსნება.

„ომის თავიდან აცილების“ ნარატივი, რომელსაც „ოცნების“ გუნდი ასე აქტიურად იყენებს შიდა აუდიტორიის დასაშინებლად, უფრო პოლიტიკური ფარია, რომელიც რეალურ მოტივებს ნიღბავს. აქ საქმე გვაქვს არა იმდენად უსაფრთხოების რაციონალურ გათვლასთან, არამედ ღრმა იდეოლოგიურ და მენტალურ თანხვედრასთან მოსკოვსა და „ოცნებას“ შორის.

ომის თავიდან აცილებისნარატივი, რომელსაცოცნების“ გუნდი ასე აქტიურად იყენებს შიდა აუდიტორიის დასაშინებლად, უფრო პოლიტიკური ფარია, რომელიც რეალურ მოტივებს ნიღბავს. აქ საქმე გვაქვს არა იმდენად უსაფრთხოების რაციონალურ გათვლასთან, არამედ ღრმა იდეოლოგიურ და მენტალურ თანხვედრასთან მოსკოვსა დაოცნებას“ შორის

„ოცნების“ რეჟიმს დასავლური დემოკრატიული სტანდარტები, კანონის უზენაესობა და ხელისუფლების რეალური ცვლილების იდეა საკუთარი ძალაუფლებისთვის პირდაპირ საფრთხედ ესახება. შესაბამისად, მათთვის ავტორიტარული რუსეთი, თუნდაც დასუსტებული, არის ნაცნობი, კომფორტული გარემო, სადაც რეჟიმის გადარჩენა და ძალაუფლების შენარჩუნება პარტნიორების მხრიდან ზედმეტი დემოკრატიული მოთხოვნების გარეშეა შესაძლებელი.

როდესაც რუსეთი მარცხდება ან ფერხდება მთავარ ფრონტზე უკრაინაში, მას სასიცოცხლოდ სჭირდება იაფი, სიმბოლური პოლიტიკური გამარჯვებები საკუთარი შიდა აუდიტორიისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ის კვლავ ინარჩუნებს გავლენას ე.წ. „ახლო საზღვარგარეთზე“.

ვინაიდან „ოცნების პოლიტიკამ საქართველო დღეს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურად ყველაზე სუსტ, მოკავშირეებისგან იზოლირებულ, მოწყვლად რგოლად გადააქცია, კრემლის მხრიდან აქცენტის ჩვენს ქვეყანაზე გადმოტანა სრულიად ლოგიკურია. ოღონდ, ამ მიზნის მისაღწევად პუტინს ტანკების გამოგზავნა და პირდაპირი სამხედრო იერიშის მიტანა აღარ სჭირდება - ეს მისთვის ამ ეტაპზე ზედმეტი და არასაჭირო ხარჯი იქნებოდა.

მთავარი საფრთხე ბევრად უფრო დახვეწილი, აგრესიული რბილი ძალადა ჰიბრიდული გავლენებია, რომელსაც კრემლი იმ გარემოში აძლიერებს, სადაც მართვადი და ლოიალური ხელისუფლება მყარად უწევს ორგანიზებას შიდა პროცესებს. რუსეთი, „ოცნების“ მდუმარე კეთილგანწყობის შედეგად, საქართველოს ფაქტობრივ ჩაყლაპვას საკუთარ ორბიტაზე ეკონომიკური დამოკიდებულების კატასტროფული ზრდითა და მზარდი პროპაგანდით ცდილობს.

ნამდვილი საფრთხე დღეს იმაში კი არ მდგომარეობს, რომ უკრაინაში გაჭედილი და დასუსტებული რუსეთი თბილისისკენ დაიძრება არამედ იმაში, რომ ჩვენივე ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, საქართველო რუსეთის გავლენის ორბიტაზე ყოველგვარი ღია სამხედრო ინტერვენციის გარეშე, საკუთარი ინტერესების დათმობისა და კაპიტულაციის გზით ექცევა

რა თქმა უნდა, სამხედრო ძალის გამოყენების რისკს, როგორც უკიდურეს სცენარს, არავინ გამორიცხავს პუტინის არაპროგნოზირებადი დიქტატურის პირობებში, მაგრამ ამ ეტაპზე მოსკოვს არც ამის რესურსი, და არც საჭიროება უბრალოდ არ აქვს. ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა რუსულ ბაქიბუქში ერევნის ირგვლივ: კრემლი ფაშინიანს ბევრს ემუქრებოდა, მაგრამ რეალურად სომხეთში ძალიან ნათლად გამოჩნდა მისი ძალაუფლების ლიმიტები.

დღეს „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად კრემლი საქართველოში იღებს ზუსტად იმას, რაც სურს, თანაც ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით, დასავლეთთან ურთიერთობების განადგურებითა და არადემოკრატიული, ავტორიტარული არქიტექტურის მშენებლობით, თავად აფორმებს ამ გეოპოლიტიკურ გადაწყობას.

ნამდვილი საფრთხე დღეს იმაში კი არ მდგომარეობს, რომ უკრაინაში გაჭედილი და დასუსტებული რუსეთი თბილისისკენ დაიძრება არამედ იმაში, რომ ჩვენივე ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, საქართველო რუსეთის გავლენის ორბიტაზე ყოველგვარი ღია სამხედრო ინტერვენციის გარეშე, საკუთარი ინტერესების დათმობისა და კაპიტულაციის გზით ექცევა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა