ვახტანგ ძაბირაძე - “ფარცხალაძის ამბავზე პირველად იგორ გიორგაძე და სერგო ორჯონიკიძე გამახსენდა...”
აფხაზეთში დიდი წვრთნები იგეგმება - უკავშირდება თუ არა ეს უკრაინული დრონების გააქტიურებას
კრიპტოვალუტის ექსპერტი - რა უნდა გააკეთონ თაღლითური ფინანსური პირამიდებისგან დაზარალებულებმა
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “ფარცხალაძის ამბავზე პირველად იგორ გიორგაძე და სერგო ორჯონიკიძე გამახსენდა...”
“ქვეყანაში თანდათანობით მკვიდრდება ავტორიტარული რეჟიმი. ხელისუფლება მარტო ოპოზიციას არ აპატიმრებს - წინა მთავრობიდან, ფაქტობრივად, ვისაც რაიმე სერიოზული თანამდებობა ეჭირა, სხვადასხვა მუხლით - კორუფციული სკანდალებით თუ სხვა ბრალდებებით - ციხეშია გაშვებული. ეს ყველაფერი კეთდება ქვეყანაში შიშისმომგვრელი განწყობის შესაქმნელად. ეს იმდენად აქტივისტებზე არ არის გათვლილი (თუმცა პირდაპირ მათაც უკავშირდება), არამედ შიშის შექმნა სჭირდებათ მთლიანად საზოგადოებაში, რათა რეპრესიების გამო ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე და მარტივად გაინაღდონ გამარჯვება. რაც შეეხება იმას, გააუქმებენ თუ არა პარტიებს, “ქართული ოცნება” რაღაც ფორმით “ნაციონალურ მოძრაობას” აუცილებლად დატოვებს ოპოზიციაში. მას ეს სჭირდება აგერ უკვე 14 წელია, მხოლოდ ამ ნარატივით სულდგმულობს. ვფიქრობ, “ქართული ოცნება” არ გადადგამს ნაბიჯს, რომ მთლიანად მოასუფთაოს პოლიტიკური ველი. თუმცა ამათგან გამორიცხული არაფერია...”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ფარცხალაძის ამბავი რომ გავიგე, პირველად იგორ გიორგაძე და სერგო ორჯონიკიძე გამახსენდა...”
“კონკრეტულად ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავების საქმეზე ლაპარაკი გამიჭირდება, თუმცა ფაქტია, ხელისუფლებას სურს ქვეყანაში იყოს შიში, რისი შექმნაც მხოლოდ რეპრესიებით შეუძლია. მე ვერ დავდებ თავს, ახმეტაში ვინ ვის რა პროვოკაცია მოუწყო, მაგრამ როდესაც არსებობს ავტორიტარული სისტემა და სასამართლო პოლიტიკურ იარაღად ყალიბდება - ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა და პოლიტიკური შემადგენელი გახდა, მაშინ გამორიცხული არაფერია. სურთ საზოგადოებაში დაუცველობის განცდა გააჩინონ... როდესაც მდინარაძე მოხსნეს სუს-ის უფროსობიდან და ნელ-ნელა მისი ჩაჩოჩება დაიწყეს, ბოლოს კი საერთოდ გაუშვეს პოლიტიკიდან, ვფიქრობ, ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ უნდა დაეწყო ახალი პროცესი კობახიძე-მდინარაძის გუნდის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მიიჩნია, დრო დადგა შეეხსენებინა ივანიშვილისთვის და რაღაცნაირად მიეღო უფრო შეღავათიანი პირობები. ალბათ, გააგრძელებს ციხიდან წერილების გამოგზავნას. თუმცა მისგან ლაპარაკი, რომ “ზურგში დანა ჩაარტყეს”, მთლად ეგრეც არ არის, იმიტომ, რომ თავად აღიარა ბრალდების გარკვეული ნაწილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ ძალიან მოუნდება ივანიშვილს, ღარიბაშვილს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ და კიდევ უფრო დაუმძიმებენ სასჯელს. ყოველივე ეს მე უფრო რთული პოლიტიკური თამაში მგონია და მეეჭვება ღარიბაშვილის წერილებმა ივანიშვილზე გავლენა მოახდინოს. რაც შეეხება სისტემას, იქ ცოტა რთული ვითარებაა, იმიტომ, რომ იმ გუნდს, ვინც ღარიბაშვილთან თანამშრომლობდა, გაუჩნდა შიში იმისა, რომ ღარიბაშვილის შემდეგ შესაძლოა საქმეები მათზეც აღიძრას. ამან მთელი ამ სისტემისა და ვერტიკალის შერყევა გამოიწვია. მოკლედ, ამ ხალხს შიში გაუჩნდა და გარკვეულწილად მათი დამშვიდება გახდა საჭირო. ოღონდ ეს არ არის ისეთი შფოთვა, რომელიც მათ პოლიტიკაში რეალობისკენ მოაბრუნებს, ან ივანიშვილის საწინააღმდეგო განწყობებს შექმნის. პირიქით, ახლა თითოეული მათგანი ცდილობს, თუ რაიმე მექანიზმი შემორჩა, ივანიშვილთან მოძებნოს მისასვლელი გზა და ერთგულება დაუმტკიცოს ან შეჰფიცოს. ასეთი ვითარებაა დღეს, ამიტომ არა მგონია, ღარიბაშვილის ეპისტოლარულმა ჟანრმა მისთვის რაიმე სასარგებლო და მომგებიანი ნაყოფი გამოიღოს. თუმცა ის სხვაგვარად მიიჩნევს, როგორც ჩანს, და ამიტომაც აგრძელებს წერილების გზავნას”, - განმარტავს რესპონდენტი.
“სამწუხაროდ, როდესაც ხელისუფლების საყრდენს აღარ წარმოადგენს მოსახლეობა, არამედ ამ ფუნქციას ასრულებენ მხოლოდ ერთი პარტიის საკუთრებად ქცეული ძალოვანი სტრუქტურები, ხელისუფლებას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ის ხომ უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მიიღებს მხარდაჭერას არჩევნებზე - გააყალბებს და, დამთავრდება. საარჩევნო სისტემა უკვე “მოწესრიგებულია”, სრულად აკონტროლებენ... არჩევნები იქნება ფორმალური, ისე, როგორც ჩვენს მეზობელ ავტორიტარულ ქვეყნებშია. რაღა დაგიმალოთ და, ფარცხალაძის ამბავი რომ გავიგე, პირველად იგორ გიორგაძე და სერგო ორჯონიკიძე გამახსენდა... გეთანხმებით, სულ ჰყავდა ეგეთი ოდიოზური ფიგურები გადანახული კრემლს შემდეგ წლებშიც. ამ ეტაპზე ფარცხალაძე რუსეთს პროპაგანდისთვის სჭირდება. ახლახან პუტინმა განაცხადა, დასავლეთი კავკასიაში ცდილობს ანტირუსული განწყობების შექმნას და იქიდან რუსეთის გაძევებასო - არადა, საქართველოში ანტირუსული განწყობა არავის შეუქმნია თვითონ ოკუპანტის გარდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“რაც მათ მარტო ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგვმართეს, როგორ შეიძლება გონიერ ქართველს პროტესტი არ ჰქონდეს. თუმცა ახლა რუსეთს სურს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ყველა ქართველი უკრაინის მხარეს კი არ იბრძვის რუსების წინააღმდეგ, აგერ “ქართული ბატალიონიც” კი შეიქმნა თურმე (კაცმა არ იცის, რამდენი იქნება იმ ბატალიონში ფარცხალაძისთანა ქართველი, მაგრამ რეკლამისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია). როდესაც არსებობს ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არც ისე უმნიშვნელოა. სადღაც წავიკითხე კიდეც, ის შესაძლოა ახალ სერგო ორჯონიკიძედ ჩაუყენონ სათავეში რუსულ არმიას და შემოუშვან საქართველოშიო. სამწუხაროდ, არც მოვლენების ასეთ განვითარებას გამოვრიცხავ, ოღონდ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი - ეს იქნება განმსაზღვრელი. მოსკოვს სურს წარმოაჩინოს, რომ ქართველებიც იბრძვიან რუსების მხარეს. თუმცა, ალბათ, სხვა ჩანაფიქრიც აქვთ. გამორიცხავთ, რომ ერთ დღეს ფარცხალაძემ თქვას, ჩემი სამშობლო უნდა გავათავისუფლოო და “გეორგიევსკი” ახალ მე-11 არმიად მოგვევლინოს?! დანგრეული მსოფლიო წესრიგის ფონზე, რამეს მოერიდებიან რუსები თუ ჭკუა დაუშლით?!” - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
აფხაზეთში დიდი წვრთნები იგეგმება - უკავშირდება თუ არა ეს უკრაინული დრონების გააქტიურებას
“ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში მასშტაბური ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები იგეგმება. ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას მიერ დამტკიცებულ სწავლებაში ჩაერთვება არტილერია, ავიაცია, ჯავშანტექნიკა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. ადგილობრივი მედია პროცესს გეგმურ, თავდაცვით ვარჯიშად წარმოაჩენს, ხოლო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტის არსებობის შემთხვევაში, მანევრები შესაძლოა უკრაინული დრონებისგან თავდაცვას უკავშირდებოდეს. 12-16 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნების გეგმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაამტკიცა. საორგანიზაციო საკითხები გუნბამ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ბესლან ცვიჟბასთან და გენშტაბის უფროს ვლადიმირ სავჩენკოსთან განიხილა. “მასშტაბურ წვრთნებში” მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფები და რეზერვისტები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთში დიდი წვრთნები იგეგმება - უკავშირდება თუ არა ეს უკრაინული დრონების გააქტიურებას
“დაგეგმილია საბრძოლო მოქმედებების დროს ჯარების გამოყენების სხვადასხვა მეთოდის დამუშავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებას”, - იუწყება პრესსამსახური. აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები 2025 წლის ოქტომბერშიც ჩატარდა. ადგილობრივ მედიაში ეს ღონისძიება წარმოჩენილია, როგორც რუტინული, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვევიოს. მას აშუქებენ, როგორც “გეგმურ, თუმცა აუცილებელ თავდაცვით ვარჯიშს”, რომლის მთავარი მიზანიც შიდა აუდიტორიის დამშვიდება და რუსეთთან სამხედრო ალიანსის სიმტკიცის ხაზგასმაა. სამხედრო-ანალიტიკურ თუ ლოკალურ “ტელეგრამ-ჩატში” მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ “როგორც იქნა, აქცენტი კეთდება უპილოტო აპარატებსა და რადიოელექტრონულ ბრძოლაზე”. იგრძნობა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს აინტერესებთ, რამდენად რეალურად ფლობს ადგილობრივი არმია ამ ტექნოლოგიებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსული სააგენტოები ხაზს უსვამენ, რომ წვრთნები ტარდება “ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში” და მიზნად ისახავს რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანებული დაჯგუფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ შესაძლოა ეს წვრთნები უკრაინის ომს უკავშირდებოდეს, თუმცა გააჩნია რა სახისაა. “ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკური წვრთვნა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში სულ ტარდება. ამას ასე პირდაპირი კავშირი უკრაინის ომთან არა აქვს. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შესაძლებელია მაინც იყოს კავშირში, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად მოსალოდნელია. გააჩნია რა სახის წვრთვნები ტარდება - თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წვრთნებია, მაშინ ეს, რა თქმა ეს ბუნებრივად უკავშირდება უკრაინის ომს” მიიჩნევს მაისაია, რომლის თქმით, “კერძოდ, უკრაინული დრონებისგან თავდაცვასა და მოსახლეობის დამშვიდებას. კი ბატონო”, - დასძენს გამოცემა.
კრიპტოვალუტის ექსპერტი - რა უნდა გააკეთონ თაღლითური ფინანსური პირამიდებისგან დაზარალებულებმა
“ფინანსური პირამიდის სპეციალისტები მოსახლეობის მოწყვლადი მდგომარეობით სარგებლობენ და ქვეყანაში შემთხვევით არ შემოდიან. თავდაპირველად საფუძვლიანად სწავლობენ არსებულ ფონს, აანალიზებენ ქვეყნის მოსახლეობასა და პოტენციურ მსხვერპლთა რაოდენობას. მაგალითად, თუ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონია, გამოთვლიან, რომ აქედან თაღლითურ სქემაში პირობითად 250 000 კაცის ჩართვაა შესაძლებელი. ამის შემდეგ ფასდება “საშუალო ჩეკი” - რა თანხის მიღებას შეძლებენ თითოეული პირისგან, იქნება ეს 100, 1000 თუ 1500 დოლარი. საქართველოში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თბილისსა და ბათუმშია თავმოყრილი, მაგრამ ფინანსური პირამიდების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ აქტიურად გავიდნენ რეგიონებშიც. ბოლო, “ტი-ეს-ქიუს” (თშQ) სქემაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონი. სიტუაცია იქამდეც კი მივიდა, რომ ხალხი ფულის საშოვნელად ძროხებს აგირავებდა”, - აცხადებს კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი ალექს სუდაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რატომ გააქტიურდა ფინანსური პირამიდების თაღლითობა და რა უნდა გააკეთონ დაზარალებულებმა?!
“ფინანსური პირამიდების ორგანიზატორები მასობრივად დარტყმისთვის მიზანმიმართულად იყენებენ ე.წ. რეგიონულ ეფექტსა და ნათესაურ კავშირებს. როდესაც რაიონში მცხოვრები ნაცნობი მოულოდნელად მდიდრდება და ახალ მანქანას ყიდულობს, ეს ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და დედაქალაქის მოსახლეობაზეც უძლიერესად მოქმედებს. უხერხულობისა და შელახული ეგოს გამო, მძიმე შრომაში ჩაბმული, 1500-ლარიანი ხელფასის მქონე მოქალაქეებიც კი მარტივად ებმებიან მახეში. მსხვერპლის მოსაზიდად თაღლითები ასევე აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ყალბ ვიდეოებს ქმნიან, რის ამოცნობაც ხალხს უჭირს. სქემაში ჩართული ადამიანი მოგვიანებით თავისიანებსაც ითრევს, რასაც ორი მიზეზი აქვს: სხვების ხარჯზე ფულის დაბრუნების სურვილი და ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ მარტო თვითონ არ აღმოჩნდეს სულელის როლში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექს სუდაძე.
“რეალურად წლების განმავლობაში პირამიდების მუშაობის მთავარი პრინციპი უცვლელია და მხოლოდ მათი სახელები იცვლება. ერთადერთი სიახლე ტექნოლოგიების განვითარება და სქემაში კრიპტოვალუტის დამატებაა, რომელსაც მხოლოდ ქვეყნიდან ფულის გასატანად იყენებენ. ვინაიდან რეგიონებში კრიპტოვალუტას ნაკლებად იცნობენ, თაღლითები P2P (people to people) ვაჭრობაში რთავენ ე.წ. დროპერებს. ამ როლს ძირითადად ფინანსურ რისკებში გაუთვითცნობიერებელი სტუდენტები ან ექსპატები (ანუ ექსპატრიანტი - სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით მომუშავე ან დროებით მცხოვრები პირი) ასრულებენ. მცირე საკომისიოს სანაცვლოდ ისინი საკუთარ ანგარიშებზე დაზარალებულებისგან თანხას იღებენ, ყიდულობენ კრიპტოვალუტას და თაღლითებს უგზავნიან. ბანკი მხოლოდ ადგილობრივ ჩარიცხვას ხედავს, კრიპტოს შემდგომი მისამართი კი მისთვის უხილავია. შესაბამისად, როცა მოტყუებული მსხვერპლი ჩივის, გამოძიება პირველ რიგში სწორედ ამ უნებლიე მონაწილე დროპერებთან მიდის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ზოგადად, კრიპტოვალუტის გამოყენება თაღლითებს საშუალებას აძლევს მითვისებული ფული მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაიტანონ. კრიპტოსაფულეს გეოგრაფია არ გააჩნია, რაც ფულის კვალის პოვნას ართულებს. სანამ ადგილობრივი გამოძიება ტრანზაქციებს მიაკვლევს და საქმეში საერთაშორისო სამძებრო სამსახურებს ჩართავს, ფასდაუდებელი დრო იკარგება და პროცესი ხშირად 2-3 წელიწადს ჭიანურდება. სამწუხაროდ, მოსახლეობას უჭირს გააზრება, რომ შეუძლებელია 100 ან 400 ლარით საქმის დაწყება და მოკლე დროში 10 000 ლარის მოგება. ეს არარეალურია. მსგავსი სქემები წლებია არსებობს, თუმცა დღეს ტექნოლოგიების განვითარებამ ისინი უფრო დამაჯერებელი გახადა. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი და გახმოვანებული ყალბი ვიდეოები ძალიან რეალისტურად გამოიყურება. პარალელურად კი, კრიპტოვალუტა თაღლითებს თანხების სწრაფად გატანის საშუალებას აძლევს”, - განმარტავს ექსპერტი.
“კომერციულმა ბანკმა შეიძლება შეამჩნიოს საეჭვო ტრანზაქციები, მაგალითად, თუ პირს სხვადასხვა ქალაქიდან პერიოდულად ერიცხება თანხები. ასეთ დროს ბანკს მონიტორინგის მექანიზმები აქვს და საგამოძიებო სამსახურის ჩარევის შემთხვევაში ანგარიში შეიძლება დაიბლოკოს. კრიპტოვალუტის შემთხვევაში კი ანგარიშს ვერავინ გაყინავს, სანამ საგამოძიებო უწყება მას ოფიციალურად არ მონიშნავს თაღლითურად. როგორც კი კრიპტობირჟა ხედავს, რომ მისამართი მარკირებულია, ის ყინავს ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს, რაც გამოძიებას საქმეს უადვილებს. თუმცა ბირჟა ვერასდროს მიხვდება, კონკრეტული ტრანზაქცია საქართველოს თაღლითური სქემიდან მომდინარეობს თუ, მაგალითად, ვიეტნამის კორუფციული გარიგებიდან, რადგან კრიპტომისამართებს გეოგრაფია არ უწერია. შესაბამისად, ფული “სუფთად” ითვლება მანამ, სანამ მომჩივანი არ გამოჩნდება. საგამოძიებო სამსახური მისამართების მარკირებას მხოლოდ საჩივრის საფუძველზე იწყებს. პრობლემა კი ისაა, რომ მოტყუებული ადამიანები ხშირად დუმილს ამჯობინებენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დაზარალებულები ხშირად ვერ აცნობიერებენ კოლექტიური სარჩელის ძალას. როდესაც მხოლოდ ერთი პირი ჩივის, გამოძიებისთვის რთულია თაღლითობის დამტკიცება”, - მიიჩნევს ალექს სუდაძე.
“მართალია, ადამიანმა თანხა მოტყუებით გადარიცხა, მაგრამ ფაქტის იურიდიულად დასაბუთება და თაღლითობის მუხლის მისადაგება რთულია. ერთ ინდივიდზე შეიძლება იფიქრონ, რომ უბრალოდ პირადი, ნეგატიური განწყობის გამო ჩივის, მაგრამ, როცა საჩივარს 100 ან 200 კაცი ერთობლივად აწერს ხელს, საქმე იცვლება. 100 კაცი ერთსა და იმავე ისტორიას ვერ მოიგონებს. ასეთ დროს თაღლითობის ფაქტი აშკარა ხდება და ბრალის წაყენებაც გაცილებით მარტივია... გაზრდილმა უმუშევრობამ ადამიანები მსგავსი სქემების მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა. თაღლითები იყენებენ ფსიქოლოგიურ მანიპულაციასა და აგრესიულ ზეწოლას, მაგალითად, ფულის დროულად არმიტანის შემთხვევაში “გუნდიდან გაგდების” მუქარას. ისინი მსხვერპლს მარტივი გამდიდრების ილუზიას უქმნიან, იქნება ეს, მაგალითად, მუსიკის ასაკოვანი პედაგოგის უეცრად "ფინანსურ ანალიტიკოსად" გადაქცევა თუ პენსიონერის დარწმუნება, რომ მცირე ინვესტიციით უზარმაზარ მოგებას ნახავს. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ფინანსური განათლების ნაკლებობაა”, - ამბობს რესპონდენტი.
“საზოგადოებაში დამკვიდრებულია ტენდენცია, რომ მოგებას ყველა საჯაროდ აპიარებს, ხოლო თანხის დაკარგვისას დუმილს ამჯობინებს, რაც მეზობლებისა და ნაცნობებისთვის წარმატების ყალბ სურათს ინარჩუნებს. ამის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა. აუცილებელია მასობრივი, უწყვეტი საინფორმაციო კამპანიები. მოსახლეობას მკაფიოდ უნდა ავუხსნათ, რომ ფული და დოვლათი თავისით, რეალური აქტივის შექმნის გარეშე არ ჩნდება. ეროვნული ბანკის დაგვიანებული და ერთჯერადი განცხადებები სრულიად უშედეგოა. ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პრობლემამ იჩინა თავი, უნდა დაწყებულიყო აქტიური, მასშტაბური სახელმწიფო საინფორმაციო კამპანია. მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფორმაცია არც მიუღია, დანარჩენებმა კი, ეიფორიაში ყოფნის გამო, გაფრთხილება, უბრალოდ, “შურიანობად” აღიქვეს. ჯანსაღი ეჭვი რომ გაჩნდეს ადამიანებში, საჭიროა აგრესიული და სისტემატური კამპანია ყველა მედიასაშუალებით - ტელევიზია, სოციალური ქსელები. რეგულარულად უნდა ხდებოდეს თაღლითური სქემების გაშიფვრა კონკრეტული მაგალითებით. ამ უწყვეტ პროცესს სათავეში უნდა ედგას მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე ინსტიტუტი, უპირველესად - ეროვნული ბანკი”, - თვლის ექსპერტი.
“ფინანსურ პირამიდებს თან სდევს მეორე, ე.წ. მსხვერპლის მოფერების თაღლითური სქემა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ფულს დაკარგავს, მას უკავშირდებიან და ეუბნებიან: “ჩვენ იურიდიული კომპანია ვართ და ფულის დაბრუნებაში დაგეხმარებით, ოღონდ ჩვენი მომსახურება 8000 დოლარი ღირს და წინასწარ 10% უნდა ჩარიცხოთ”. დაზარალებული, რომელიც ხავსს ეჭიდება რიცხავს ფულს, ვითომ დამხმარე კი 800 დოლარს იღებს და ქრება. თაღლითები ხშირად იყენებენ პოლიციის, გამომძიებლებისა და ადვოკატების სახელს. ისინი "დარკნეტში" (DarkNet) 25 დოლარად აყალბებენ დოკუმენტებს და მსხვერპლს აჯერებენ, თითქოს 15-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული იურიდიული კომპანია არიან, რომელმაც სადღაც ბრაზილიასა და ნიგერიაში უამრავი ადამიანის ფული გადაარჩინა. ამიტომ ასეთ შემთხვევაშიც ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია... რაც შეეხება კოლექტიურ სარჩელებს, დაზარალებულებმა ისინი არა ხვალ ან ზეგ, არამედ დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ. ყოველი დაკარგული საათი თაღლითებს ეხმარება, მოპარული აქტივები სხვადასხვა მისამართზე გადაანაწილონ და კვალი საბოლოოდ გააქრონ. ამ პროცესის ინიციატორები თავად მსხვერპლები უნდა იყვნენ, მათ სწრაფად უნდა მოახდინონ ერთმანეთის მობილიზება და იმოქმედონ, სანამ თანხები გაქრება. თუმცა, რადგან ბევრმა არ იცის საკუთარი სამართლებრივი უფლებების შესახებ, გადამწყვეტი როლი მედიას ეკისრება. სწორედ პრესამ უნდა აუხსნას მოსახლეობას, რომ პოლიციაში კოლექტიური საჩივრის დროულად შეტანა მათი უფლება და თანხების გადარჩენის ერთადერთი გზაა”, - დასძენს ალექს სუდაძე.