„საბოტაჟის საქმე“ - ეს არის დიდი აბსურდის თეატრი, რომლის ერთადერთი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს თავის პოლიტიკურ კონკურენტებზე ზემოქმედების ბერკეტი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
თაზო დათუნაშვილის თქმით, „საბოტაჟის საქმით“ ხელისუფლება შიშის დათესვას ცდილობს და ასევე, მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება სურს.
„ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი „ფეტიშია“ და არაფერი სხვა. ივანიშვილი გაბრაზდა რაღაცაზე - კობახიძეზე, ევროპაზე, სამყაროზე, ღმერთზე, ყველაფერზე გაბრაზდა და გადაწყვიტა, რომ კვირაში სამი პროცესი იქნება. მიზანი რა არის, რომ ეკითხები - მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს სწრაფად. არის ჩვენებები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, არის დასმენები, „ანონიმკის“ ჟანრში დაწერილი ტექსტები, ვიღაცა შაქარაშვილები, ვიღაცა კაკაბაძეები, ეს ხალხი ამბობს, რომ ესენი რომ ბრიუსელში დადიან, იქ საქართველოს საბოტაჟით არიან დაკავებული.
ეს არის სისტემა, სადაც ერთ კაცზეა აწყობილი სახელმწიფოებრივი მანქანა, ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა და სამართალწარმოება, არაფერი არ არსებობს. არავინ იქ ადამიანი არაა. დისტოპიაა, ყველა ადამიანი პიესის ბოლოს მარტორქად გადაიქცევა, მარტორქა მოსამართლის ადგილას, მარტორქა პროკურორის ადგილას, მარტორქა მოწმის ადგილას.
არიან კონკრეტული მოწმეები, რომლებიც ამ საქმეზეც მოწმეები არიან, სინდისის პატიმრების საქმეზეც მოწმეები არიან. პროფესიონალი მატყუარა მოწმეები არიან. პროფესიით მოწმეა, მისი საქმეა, რომ მოწმედ იაროს. ჩრდილოეთ კორეაა, ამაში ვცხოვრობთ. ეს არის ყველის ვაჭრის დონეზე დაყვანილი პოლიტიკა, მას გონია, რომ ეს არის რაღაც ინსტრუმენტი.
აქ ჩვენ გვყავს კაცი, რომელიც შიშს თესავს, პრემიერ-მინისტრს ცახცახამდე ეშინია. ისე ეშინია, რომ ის კაცი რომ გადაირევა, მერე დილით უნდა დადგეს და მუხლებზე დაჩოქილმა ბრიფინგი უნდა ჩაატაროს. ამ დონის შიში აქვს დანერგილი. რეზოლუციას მიიღებენ? მე აქ ვიღაცას დავიჭერ, ამერიკაში ჩემზე ცუდს იტყვიან? ციხეში ვიღაცას ვაწამებ, აი, ეს დამოკიდებულებაა. შუა საუკუნეების მონღოლეთიდან ამოსული მმართველობის მოდელია. პუტინიც კი ამასთან შედარებით ნატიფი და ელეგანტურია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.