ნინო კალანდაძე - „ქართული ოცნება“ დიალოგისთვის არ არის მზად და ვერც იქნება, რადგან დიალოგს წინაპირობები აქვს - ვიდრე გაურკვევლობაა რუსეთის მხარეს ფრონტის ხაზზე, ივანიშვილი ცდილობს დრო მოიგოს, პროცესები გაწელოს

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ დასავლეთთან რეალური დიალოგისთვის მზად არ არის, რადგან მისი თქმით, პროცესს კონკრეტული პოლიტიკური წინაპირობები გააჩნია.

როგორც კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან არსებობს მკაფიო მოთხოვნები, რომლის შესრულების გარეშე პოლიტიკური დიალოგის დაწყება რთულია იმ ძალასთან, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით დასავლეთში კითხვები არსებობს.

როგორც კალანდაძე განმარტავს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციების გამოყენებას დასავლეთთან ურთიერთობაში საკუთარი პირობების დასაწესებლად.

„ქართული ოცნება“ არანაირი დიალოგისთვის არ არის მზად და ვერც იქნება, იმიტომ, რომ დიალოგს წინაპირობები აქვს, რაც ითქვა ვაშინგტონის მხრიდან და ბრიუსელის მხრიდანაც. არსებობს კონკრეტული წინაპირობები რა შემთხვევაში შეიძლება დიალოგში შევიდნენ პოლიტიკურ ერთეულთან, რომლის ლეგიტიმაციასაც ბოლომდე არ აღიარებენ შესაბამისი პარტნიორები. „ქართული ოცნება“ არ არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ივანიშვილიდან მოდის კონკრეტული ინსტრუქციები და მას ამ დიალოგის რესურსი გააჩნია, არც უფლებამოსილება. ვიდრე ამ მოცემულ მომენტში გაურკვევლობაა რუსეთის მხარეს ფრონტის ხაზზე, ცდილობს დრო მოიგოს და საქართველოსთან მიმართებით პროცესები ისე გაწელოს, რომ საბოლოო ჯამში, თავისთვის სასურველ ფორმატში მოაქციოს საუბარი. ივანიშვილის ინტერესს წარმოადგენს, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს მისი პირობებით, ანუ დარჩეს საქართველოში ერთპიროვნულ მმართველად, შეინარჩუნოს მმართველობის ავტორიტარული ფორმა და არ გადავიდეს დემოკრატიულ გზაზე. სანაცვლოდ საქართველოს მოკავშირეებს შესთავაზოს სტრატეგიული დიალოგის აღდგენა რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით - დერეფანთან მიმართებით, ენერგომატარებლებთან მიმართებით. ფაქტია, რომ ისინი ამას ცდილობენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ცდილობენ ამ კალაპოტში მოაქციონ დისკუსია და სავაჭროდ გამოიყენონ საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციები. მოკავშირეებს ეუბნება, ამ ქვეყნის მმართველი ვარ მე და თუ თქვენ კავკასიის რეგიონში ინტერესი გაგაჩნიათ, მაშინ მესაუბრეთ მე“,- აცხადებს კალანდაძე.

კითხვაზე, რა შედეგი ექნება ევროპარლამენტის ანგარიშებს, კალანდაძე პასუხობს, რომ ევროპარლამენტის ანგარიშები არ არის აღმასრულებელი ხასიათის გადაწყვეტილებები, თუმცა ისინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს, რომლებიც გავლენას ახდენს ევროკავშირის ინსტიტუტების მომავალ ქმედებებზე.

მისი შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება ევროკავშირის შიდა კონსენსუსზე და წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე.

„ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, ის არ არის აღმასრულებელი ორგანო, მაგრამ პოლიტიკური სარჩულია იმისი თუ როგორ მოქმედებენ აღმასრულებელი ორგანოები თუ ეს გადაწყვეტილებები მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული. ეს პოზიცია მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული ცხადყოფს ის, რომ ევროპარლამენტი ერთსულოვანია ამ საკითხთან მიმართებით და შესაბამისად დედაქალაქიდან ნაკარნახევი მანდატის ფარგლებში მოქმედებენ.

აქამდე სანქციების საკითხი შეფერხებული იყო, რადგან უნგრეთს ჰქონდა განსხვავებული პოზიციები. მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრორუსული ხელისუფლება შეიცვალა პროევროპულით, ახლა მეტი შანსი არსებობს იმისა, რომ სანქციების საკითხს ევროპარლამენტი ხელახლა დაუბრუნდეს, იმ იმედით, რომ აღსრულების ურო ეფექტური გზებიც იქნება. პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური განაცხადი იმისა, რომ ივანიშვილთან დიალოგში არა თუ არ შევალთ, არამედ ფუნდამენტურად ვამწვავებთ ჩვენს ურთიერთობებს“,- აცხადებს კალანდაძე.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს, კალანდაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეფასებებისა ხელისუფლების მიმართ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს, რაც, მისი თქმით, არ იქნება სამართლიანი.

„ვისაც კი რესურსი გაგვაჩნია, რომ ამ საკითხს ბრიუსელში ლობირება გავუწიოთ, რა თქმა უნდა, ყველა გაერთიანებული ძალებით ვცდილობთ აქამდე არ მივიდეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ამას არ იმსახურებს, მაგრამ ეს არ იქნებოდა სამართლიანი ქართველი ხალხის მიმართ. მით უმეტეს, ამ საკითხის აღდგენა ძალიან რთული იქნება“,- აცხადებს კალანდაძე.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა