წარმოიდგინეთ, რომ სტუდენტი ხართ, თეორიული კურსის გავლის შემდეგ პირველად შეაბიჯებთ გიგანტურ, თანამედროვე საწარმოში, სადაც ავტომატიზებული სისტემები წამებში ასრულებენ ურთულეს ოპერაციებს, თქვენს გარშემო კი უზარმაზარი დანადგარებია.
დღეს, როდესაც საქართველოს ბაზარზე კვალიფიციური ტექნიკური კადრების სერიოზული დეფიციტია, ბიზნესისა და განათლების სექტორის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. სტუდენტებისთვის რეალურ საწარმოში პრაქტიკის გავლა უნიკალური შანსია: თეორიული მასალის შესწავლის შემდეგ, ისინი რეალურად ხედავენ, თუ როგორ მუშაობს გიგანტური საწარმოო ხაზები, იღებენ უახლეს აპარატურასთან მუშაობის გამოცდილებას და, რაც მთავარია, ეუფლებიან ხელობას, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალსა და გარანტირებულ დასაქმებას მოუტანს.
რას მოიცავს NMG-სა (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) და კოლეჯ „სპექტრის“ ერთობლივი პროექტი, კონკრეტულად რას სწავლობენ და რა ბენეფიტებით სარგებლობენ სწავლების პრაქტიკულ ფაზაში? - სტუდენტები, რომლებიც პრაქტიკას რეალურ საწარმოო გარემოში, პირდაპირ შპს „ნიკორასა“ და შპს „ჩვენი ფერმერის“ ბაზებზე გადიან, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ:
აუდიტორიების შემდეგ, რა იყო ყველაზე დიდი კონტრასტი რეალურ, მომუშავე საწარმოში? რა მოგხვდათ თვალში პირველად, როცა მოხვედით უზარმაზარ საწარმოში?
ზურა ხამაშურიძე, კონდიცირებისა და სამაცივრე დანადგარების პროგრამის პრაქტიკანტი:
თეორიულად ყველაფერი მარტივად ჩანს და მარტივი აღსაქმელია, მაგრამ პრაქტიკა რომ იწყება და ამ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებ, ხვდები, რომ ეს ასე არ არის. პირველად თვალში მომხვდა უზარმაზარი დანადგარები, რომლებმაც ძალიან დამაინტერესა და უფრო მეტად გამიღრმავა ამ პროფესიის შესწავლის სურვილი.
ილია უგრეხელიძე, ელექტროობის პროგრამის პრაქტიკანტი:
აუდიტორიაში გვაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ რეალურ დავალებებზე, რადგან აღჭურვილები ვართ თანამედროვე სტენდებითა და ყველა საჭირო ინვენტარით, რაც გვეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანასა და პროფესიული უნარების განვითარებაში. თუმცა, საწარმოში გვხვდება ისეთი დანადგარები, რომლებთანაც აქამდე შეხება არ მქონია. მაგალითად, ხინკლის წარმოების ავტომატური აპარატი, რომელიც ადამიანის მინიმალური ჩარევით დამოუკიდებლად ასრულებს რამდენიმე ტექნოლოგიურ ოპერაციას. მსგავსი დანადგარები ნათლად წარმოაჩენს თანამედროვე წარმოების ავტომატიზაციის შესაძლებლობებს.

გქონდათ თუ არა თავიდან ერთგვარი შიში ან ნერვიულობა, შეძლებდით თუ არა ამხელა დანადგარებთან მუშაობას და როგორ გადალახეთ ეს განცდა?
ზურა ხამაშურიძე: თავიდან მეშინოდა, რომ არაფერი გამომივიდოდა, რამეს არასწორად გავაკეთებდი და საქმეს გავაფუჭებდი, მაგრამ ჩემს გვერდით იყვნენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებმაც ყველაფერი მასწავლეს და ეს შიშიც დავძლიე. ახლა უფრო თამამი ვარ დანადგარებთან მუშაობისას.
შეგიძლიათ მარტივად, თქვენი სიტყვებით აგვიხსნათ, კონკრეტულად რაზე მუშაობთ ყოველდღიურად?
ზურა ხამაშურიძე: კონკრეტულად ჩვენ ვმუშაობთ საწარმოო მაცივრების აწყობაზე და მის სრულად გამართვაზე. როდესაც კომპრესორებს ვამოწმებთ, ვიმარაგებთ ყველა იარაღს და ვიკვლევთ, თუ რა არის დაზიანებული. ეს ცალკე პროცესია, ხოლო ამის შემდეგ პრობლემის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. ასევე, ვსწავლობთ, როგორ მუშაობს სამაცივრე კომპრესორები, როგორ ხდება სისტემის გამართვა და სხვა.

რა იყო ისეთი კონკრეტული რამ (ხელსაწყო, დანადგარი ან ტექნოლოგია), რაც კოლეჯში მხოლოდ თეორიულად იცოდით ან წიგნში გქონდათ ნანახი და აქ პირველად შეეხეთ?
ილია უგრეხელიძე: კოლეჯის ლაბორატორიაში მართლა უზარმაზარ პრაქტიკას ვიღებთ, თუმცა საწარმოო სივრცეში განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ავტომატური სისტემებისა და დანადგარების მუშაობის პრინციპების შესწავლა, რადგან ეს მაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგო თანამედროვე ტექნოლოგიების ფუნქციონირება და მომავალში პროფესიულ საქმიანობაში მიღებული ცოდნა ეფექტურად გამოვიყენო.

როდესაც გაიგეთ, რომ პრაქტიკასთან ერთად კომპანია სტიპენდიას, უფასო კვებას და მოქნილ გრაფიკს გთავაზობდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენთვის, როგორც სტუდენტისთვის?
გოგა გაფრინდაშვილი, კონდიცირებისა და სამაცივრე დანადგარების პროგრამის პრაქტიკანტი:
რა თქმა უნდა, როგორც გამოცდილების არ მქონე სტუდენტისთვის, რომელიც ჯერ კიდევ თეორიული სწავლების პროცესშია, მოქნილი გრაფიკი, ყოველთვიური სტიპენდია და უფასო კვება დამატებით მოტივაციას ქმნის. თან იღებ პრაქტიკულ გამოცდილებას და ცოდნის იმ პროფესიის გარშემო, რომლითაც დაინტერესებული ხარ.
უქმნის თუ არა ახალგაზრდას ეს ყოველივე იმის განცდას, რომ მისი არჩეული პროფესია და შრომა ქვეყანაში მართლა დაფასებულია?
გოგა გაფრინდაშვილი: ნამდვილად, ეს ყველაფერი - გარემო, თანამედროვე დანადგარები, სწავლების მეთოდები, სპეციალისტებთან ურთიერთობა ერთი დიდი ოჯახია და ქმნის ზუსტ შთაბეჭდილებას იმისა, რომ ჩვენი გაწეული შრომა ნამდვილად ფასდება.
რას ნიშნავს თქვენთვის იმის ცოდნა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, ამხელა გიგანტ ჯგუფში (NMG) მუშაობისა და სრულ განაკვეთზე დასაქმების რეალური პერსპექტივა შეიძლება გქონდეთ?
გოგა გაფრინდაშვილი: ცხადია, უკვე მჯერა, რომ შემიძლია საკუთარი არჩეული პროფესიით ვიმუშაო და თან ისეთ დიდ და თანამედროვე საწარმოში, როგორიც NMG-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანიებია. მექმნება იმედი, რომ საყვარელი საქმით დავკავდები და სტაბილური შემოსავალი მექნება.

დღეს ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, რა პროფესია აირჩიოს. რას ეტყოდით მათ, ვისაც ტექნიკური ხელობის სწავლა აინტერესებს, მაგრამ შესაძლოა სტერეოტიპების გამო ერიდება? ღირს თუ არა ამ გზის არჩევა?
გოგა გაფრინდაშვილი: ბევრს ვერაფერს ვიტყვი. სანამ აქ მოვიდოდი, მეც სტერეოტიპებში ვიყავი მოქცეული, მაგრამ აქ გატარებული დრო დამეხმარა იმაში, რომ საკუთარი გზა მეპოვა. ამას ვურჩევდი უბრალოდ სხვებსაც: ვისაც გაქვთ ტექნიკური უნარები, არ დაიზაროთ, ისწავლეთ და სცადეთ.
ტექნიკური და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიული სისტემების სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ესებუა:
პრაქტიკული სწავლება შპს „ნიკორასა“ და შპს „ჩვენი ფერმერის“ ბაზაზე მიმდინარეობს. სტუდენტები სწავლობენ შრომის უსაფრთხოების წესებს და ეცნობიან დანადგარის სპეციფიკაციებს. კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საწარმოო დანადგარების დიაგნოსტიკას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისსა და წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება-აღმოფხვრას. ელექტრიკოსების გუნდი კი ელექტროდანადგარების მუშაობის პრინციპს ეუფლება, მონაწილეობს ავტომატიკის სისტემების გამართვისა და ელექტროკარადების აწყობის პროცესში.
ამ პროცესს საგანმანათლებლო და ბაზრის მოთხოვნების ჭრილში აფასებს კოლეჯ „სპექტრის“ ტექნიკური მიმართულების ლექტორი, ნინო მაღლაკელიძე:
ჩემს სტუდენტებს ვასწავლი ჰაერის კონდიცირების და სამაცივრო სისტემების მომსახურებას, რომელშიც შედის მონტაჟი, დემონტაჟი და შეკეთება. დღეს ბაზარზე ამ ტექნიკური მიმართულებებით კვალიფიციური კადრების ძალიან სერიოზული დეფიციტია. ბიზნესს უჭირს ისეთი სპეციალისტების პოვნა, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალური, პრაქტიკული უნარებიც აქვთ. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეს პროექტი. კოლეჯში მიღებული თეორიული ბაზა სტუდენტებს ძალიან დაეხმარათ, თუმცა რეალურ, მასშტაბურ საწარმოო გარემოში შესვლა ნებისმიერი დამწყებისთვის დიდი გამოწვევაა. მიხარია, რომ მათში პირველივე დღიდან დავინახე უდიდესი ენთუზიაზმი და სწავლის სურვილი. როდესაც სტუდენტს აქვს მოტივაცია, ხოლო კომპანია მას გვერდით უდგება, აძლევს სტიპენდიას, უზრუნველყოფს უფასო კვებით და, რაც მთავარია, სამომავლო დასაქმების რეალურ გარანტიას სთავაზობს, შედეგიც სახეზეა. ეს ბიჭები დღეს უკვე დამოუკიდებლად ერთვებიან რთულ საწარმოო პროცესებში, აწყობენ ელექტროკარადებს და ეუფლებიან იმ საქმეს, რომელიც მათ სტაბილურ მომავალს შეუქმნის. ბიზნესისა და განათლების სექტორის ასეთი თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი გზა ბაზარზე არსებული ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
აღნიშნული ინიციატივა CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის) ფარგლებში ხორციელდება და ორიენტირებულია გრძელვადიან, რეალურ შედეგზე. NMG-ისა და კოლეჯ „სპექტრის“ მემორანდუმის მთავარი მიზანი პროფესიული განათლების სისტემის განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური მხარდაჭერაა. სტუდენტებისთვის პროექტი ორმაგად მამოტივირებელია, რადგან უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების მიღებასთან ერთად, კომპანია მათ სრულ ბენეფიტ-პაკეტს სთავაზობს:
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის NMG 15-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის: შპს „ნიკორა" და შპს „კორიდა" (ხორცპროდუქტების წარმოება), სს „ნიკორა ტრეიდი" (სუპერმარკეტების ქსელი), შპს „პარტნიორი" (სადისტრიბუციო კომპანია), შპს „ინტრეიდი", შპს „მულტიტრეიდი" (იმპორტი) და სხვა. ეს მასშტაბი კურსდამთავრებულებს აძლევს გარანტიას, რომ მათი ცოდნა უზარმაზარ ბაზარზე იქნება რეალიზებული. ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის ამ ტიპის თანამშრომლობა აჩვენებს, რომ სწორი მიდგომითა და ახალგაზრდების წახალისებით ქვეყანაში დეფიციტური ტექნიკური პროფესიების განვითარება და კადრების პრობლემის მოგვარება სრულიად შესაძლებელია.