თუ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ არ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და არ დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, შესაძლოა ამ ციხიდან, თვის ოთხ შვილთან დასაბრუნებლად ეტლით გამოვიდეს - გამოდით ელენესთვის!,- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა, სადაც სასჯელს იხდის „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მათი მოთხოვნაა პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა სამედიცინო კვლევა და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
„მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც რუსულმა რეჟიმმა ფლომასტერით წარწერის გაკეთებისთვის 1 წლითა და 6 თვით ციხეში გამოამწყვდია, თავად არასდროს საუბრობს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ადვოკატებს ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ელენე, თუ მას დაუყოვნებლივ არ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და არ დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, შესაძლოა, ამ ციხიდან, თვის ოთხ შვილთან დასაბრუნებლად ეტლით გამოვიდეს. ამიტომ, მოვითხოვთ, ელენეს დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა სამედიცინო კვლევა და დაენიშნოს მას შესაბამისი მკურნალობა. განცხადებას უერთდება ათეულობით ქალი. მოვუწოდებ სხვებსაც, რომ შემოუერთდნენ ამ განცხადებას. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდო, შემოუერთდით ყოველ კვირეულ შაბათის მარშს, რომელიც ამჯერად ემთხვევა გავრილოვის ღამის შვიდ წელს და რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ელენე იყო, გამოდით ელენესთვის, გამოდით ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებისთვის, გამოდით საქართველოს თავისუფლებისთვის, რომელიც არასდროს გარუსდება.“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.