საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2026 წლის, იანვარი-მაისის პერიოდის მონაცემებს აქვეყნებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია.
„აქედან, ექსპორტი 3 107.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 331.9 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 1.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მაისში 4 224.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.
2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (355.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (327.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (269.3 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 162.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (983.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (849.7 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 387.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 232.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 177.2 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 734.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 255.6 მლნ. აშშ დოლარით (8.2 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 251.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 635.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 295.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.0 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.