საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის I კვარტალში 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (36.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.5 პროცენტი).
საქსტატის განმარტებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.2 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (10.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.2 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.9 პროცენტი).