ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს, უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივის დროული მიღება და მისი პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთება მკაფიოდ ხილული, ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომერი.
ამის შესახებ მაიკლ ო’ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმშია ნათქვამი.
ამავე მემორანდუმით, ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სრულყოფილი და დროული გამოძიების უზრუნველყოფისკენ და ასევე, მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ.
„ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიებები იყოს სრულყოფილი, დროული და რეალურად დამოუკიდებელი და მოიცავდეს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხების შესწავლასაც; გამოძიების ფარგლები გააფართოოს 2023 წლის მარტის, 2024 წლის მარტი–მაისისა და 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის დასაწყისამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა სარწმუნო ბრალდებაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საქმეებს შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭოს სისხლის სამართლის კოდექსის 141¹, 141² ან 141³ მუხლებით; უზრუნველყოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, სამართალდამცავ საქმიანობაში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა 2020 წლის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, დაზარალებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, და გამოძიების შედეგები საჯაროდ გამოაქვეყნოს ყოველგვარი შემდგომი დაყოვნების გარეშე; მიიღოს სამართალდამცავ ორგანოებში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა 2020 წლის სახელმძღვანელო პრინციპები,“ - ნათქვამია მემორანდუმში.