ევროპარლამენტის თუ ევროკავშირის მასშტაბით მიღებულ განცხადებებს და რეზოლუციებს ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც კი აღარ აქვს უკვე - მათი მიზანი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას გამაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი დგას ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე და აუცილებელია, რომ ევროკავშირის მასშტაბით რეალური ევროპა და ევროპულობა დაბრუნდეს.
„ევროპარლამენტის თუ ევროკავშირის მასშტაბით მიღებულ განცხადებებს და რეზოლუციებს ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც კი აღარ აქვს უკვე. იმდენი განცხადება, გადაწყვეტილება და რეზოლუცია არის მიღებული, რომ ამ გადაწყვეტილებების რაოდენობაც კი იმაზე მეტყველებს, რომ არავითარი ქმედითი მექანიზმი, საშუალება და ბუნება ამ ყველაფერს არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენჯერ ასეთი განცხადებების გაკეთება მათ არ მოუწევდათ. მათი მიზანი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა - ამ მღელვარების ფონზე კი სცადონ შემდეგ სხვის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანებმა, გარე მმართველობა დაამყარონ ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი არ გამოსდით, მიუხედავად ხუთჯერ რევოლუციური მოქმედებების, ხელისუფლების დამხობისა და გარე მმართველობის ჩამოყალიბების მცდელობისა - მიუხედავად ათჯერ დამარცხებისა, უბრალოდ იმ გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რასაც ვხედავთ.
რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რა წარსულითაც არსებობდა ევროპის მასშტაბით 30-იან და 40-იან წლებში; რაც არსებობდა აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში 70 წლის განმავლობაში - ამ ყველაფერზე თანამედროვე მსოფლიოს, წესით და რიგით, უარი უნდა ეთქვა, მაგრამ ვხედავთ, რომ ასეთი შეგნებით მოქმედი ადამიანები კვლავ არიან, მათ შორის, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მასშტაბით. ადამიანებს, რომლებიც რუკაზეც კი ვერ იპოვიან საქართველოს, თურმე აქვთ სრული ინფორმაცია, რა პოლიტიკური და სოციალური გარემოა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა. რეალურად, ამ განცხადებების უკან მდგომ ადამიანებს, აქვთ განსაკუთრებული სურვილი, რომ ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოში თავიანთი პირდაპირი მმართველობა დაამყარონ, ფეხქვეშ გათელონ დემოკრატია, ხალხის უფლებები და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქართველოში საქართველოს შესახებ - ამიტომაც ვხედავთ ასეთ თავდასხმებს და ასეთ შანტაჟებს. მათ შორის ამიტომ ვხედავთ იმასაც, რომ პირდაპირ სულისკვეთებაა მიღებული რეზოლუციისა, რომ თურმე არსებობენ ადამიანები და სხვა ყველა დანარჩენი. თურმე მხოლოდ გარკვეულ პირებს, ადამიანებისას, შეუძლიათ, რომ ჰქონდეთ გარკვეული უფლებები, ხოლო სხვა დანარჩენები უნდა იყვნენ სეგრეგირებულები და გარიყულები მთელი საზოგადოებიდან. არც ეს არ არის უცხო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციის და ანგარიშის ავტორი არის ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, რომელმაც 1 მილიონ 120 ათასზე მეტ „ქართული ოცნების” მხარდამჭერს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა და გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც 30-იან და 40-იან წლებში კეთდებოდა გერმანიასა და იტალიაში და არა მხოლოდ ამ ქვეყნებში. ამათ რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიძლება იქამდეც კი მივიდნენ, რომ პირდაპირ განსაკუთრებული ტანისამოსით ან ტანისამოსზე განსაკუთრებული მანიშნებელი ნიშნებით გამოყონ ადამიანები და შემდეგ გააკეთონ ის ყველაფერი, რაც ხდებოდა სხვადასხვა ბანაკებში, რაც წარმოუდგენელია. ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე, რაც ხდება იმ კავშირის მასშტაბით, რომლის მთავარი საფუძველი და შექმნის მიზანიც ადამიანის უფლებების ურყევი მხარდაჭერა და თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული პოლიტიკის განხორციელება იყო. ვერც წარსულს და ვერც აწმყოს, უკვე ამ ბიუროკრატიის ფარგლებში ვეღარ ვხედავთ, რაც არის კიდევ ერთი სამწუხარო მოვლენა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი მოვლენებიდან გამომდინარე, ევროკავშირი დგას ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე და აუცილებელია, რომ რეალური ევროპა და ევროპულობა დაბრუნდეს ევროკავშირის მასშტაბით“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.