ბაკურ კვაშილავა - რუსეთი ემზადება ცხინვალის ანექსიისთვის და ეს არის „ქართული ოცნების“ „მშვიდობა“ - საქართველოს თავის მიწა-წყალს რომ წაგლეჯს, მაშინ როგორ აგვიხსნის ამ „მშვიდობას“? - რაც ცხინვალში ხდება, ჩვენთვის ტრაგედიაა!

დღეს საქართველო, სამწუხაროდ, მარტოდ მარტოა დარჩენილი რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნების“ მშვიდობა და „ქართული ოცნების“ მშვიდობა არის ჩვენი ქვეყნის მონობა- ეს განპირობებულია იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დააშორა ყველა მეგობარსა და კეთილის მსურველს, ბრიუსელს ეძახის მტერს და კრემლს ეძახის რაციონალურ მოთამაშეს, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივანი, ბაკურ კვაშილავა ერთი მხრივ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად წარმოშობით რუსი მარატ კამბოლოვის დანიშვნას, მეორე მხრივ, კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სიჩუმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების მიმართ.

ბაკურ კვაშილავას თქმით, ამ წუთებში „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

„მოგეხსენებათ, წელს, 9 მაისს, გაფორმდა ხელშეკრულება ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო, რომ რუსი წარმოშობის მოქალაქე შეიძლება დანიშნულიყო ნებისმიერ თანამდებობაზე სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკაში. არანაირი გზა, საშუალება და გეგმა „ქართულ ოცნებას“ ამ წუთში არ აქვს, როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის ამ აგრესიას. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელიც გამომდინარეობს „ქართული ოცნების“ უთავბოლო და უაზრო საგარეო პოლიტიკისგან, სადაც მათ პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეალური მეგობარი და მხარდამჭერი მოიძულეს და გადაიყვანეს საქართველოს მოწინააღმდეგეთა რიგში. დღეს საქართველო, სამწუხაროდ, მარტოდ მარტოა დარჩენილი რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნების“ „მშვიდობა“, „ქართული ოცნების“ მშვიდობა არის ჩვენი ქვეყნის მონობა. „ქართული ოცნების“ მშვიდობა ეს არის ბუტაფორია, ეს არის ქვეყნის მომზადება, რომ ის იყოს ყურმოჭრილი ყმა რუსეთის ფედერაციის და პრაქტიკულად დაეთანხმოს ყველა იმ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელსაც რუსეთი მიიღებს. ეს განპირობებულია იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დააშორა ყველა მეგობარსა და კეთილის მსურველს, ბრიუსელს ეძახის მტერს და კრემლს ეძახის რაციონალურ მოთამაშეს. ეს რაციონალური მოთამაშე ახლა რომ წაგლეჯს საქართველოს თავის ტერიტორიას, თავის მიწა-წყალს, მაშინ რას იტყვის „ქართული ოცნება“ და როგორ აგვიხსნის, რომ ეს არის „მშვიდობა“, ეს არის ტრაგედია დღეს ჩვენთვის!“ - განაცხადა კვაშილავამ.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე არსებულ ვითარებას, ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, რომ ეს არის შემთხვევა, რომელიც ახლა უკვე ნამდვილად აგრძნობინებს რუსეთის მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს ეს ომი და რომ ეს არ არის სპეცოპერაცია.

„ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებაა სახეზე - ომი უკვე გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის დედაქალაქზე. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა წლების განმავლობაში მიმდინარე ომის ტენდენციებიდან. ეს არის ის შემთხვევა, რომელიც ახლა უკვე ნამდვილად აგრძნობინებს რუსეთის მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს ეს ომი, რომ ეს არ არის სპეცოპერაცია და გარდა გარდაცვლილებისა, რომლის შესახებაც, ბუნებრივია, რომ მოსახლეობაში არსებობს დიდი ინფორმაცია, იმიტომ, რომ გარდაცვლილების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, უკვე ომი გადავიდა დედაქალაქზე, რუსეთის ცენტრზე და შეუძლებელია იმის იგნორირება, რომ ეს ომი თავისთავად იყო საკმაოდ წარუმატებელი რუსეთისთვის და რომ მას სჭირდება ახლებური ტიპის საგარეო პოლიტიკა, რომელიც უფრო ჰარმონიაში იქნება მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებთან, რომ რუსეთს რეალურად არ შეუძლია ისეთი აგრესიული პოლიტიკის გატარება, რისი იმედიც ჰქონდათ, ალბათ, რუსეთის მხარდამჭერებს,“ - განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი მსოფლიოში, პუტინზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა.

„ტრამპზე რომ დიდი ნადირობაა გამართული ფაქტია - რუსეთი აცხადებს, რომ ტრამპზე თითქოს ვიღაც ზემოქმედებას ახერხებს და შემდგომ ტრამპი ისე იქცევა, როგორც არ არის შესაფერისი ამერიკის ინტერესებისთვის. თუ გავიხსენებთ, „ქართული ოცნებაც“ ძირითადად ამით არის დაკავებული და საუბრობს იმაზე, რომ ტრამპი ხან დაუსხლტება „დიფ სთეითს“, ხან ისევ მისი მსახური ხდება და არის ეს რაღაც „მანიქეური ეპოპეა“, რომელსაც უფანტაზიო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მესვეურები ეწევიან. სინამდვილეში კი ხდება ის, რომ ტრამპმა დაინახა ინიციატივა, რომელიც აქვს უკრაინას, ნახა, რომ რეალურად შეუძლებელია ამ ხალხის დამორჩილება, დამონება და ასევე, დაინახა ისიც, რომ რეალურად რუსეთი არ შეიძლება იყოს სანდო პარტნიორი. მიუხედავად მისი არაერთი მცდელობისა, მიეღწიე სამშვიდობო შეთანხმებისთვის რუსეთთან, არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან გადადგმული არ იქნა. ფაქტია, რაც არის დამახასიათებელი ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის, რუსეთი სწორედ ვერ აფასებს საკუთარ ძალებს, გაზვიადებული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, გაცილებით უარეს შედეგს იღებს, ვიდრე მიიღებდა, რომ დათანხმებოდა ტრამპის ინიციატივას. როგორც ჩანს, ტრამპზე, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი მსოფლიოში, უარყოფითი გავლენა მოახდინა იმან, რომ ვერ შეძლო ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა და ვფიქრობ, რომ ის ამაში ბრალს სდებს პუტინს და არა ზელენსკის და ეს თანდათან უფრო ნათელი გახდება და იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთისთვის,“ - განაცხადა კვაშილავამ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში