დიმიტრი ცქიტიშვილი - „ოცნების“ პოლიტიკის გამო ძალიან დიდ ფასს იხდის თითოეული ჩვენგანი, ვკარგავთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, უკან ვიხევთ იქიდან, საითკენაც ბევრი წლის განმავლობაში მოვდიოდით - ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება აღარ აინტერესებს

უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ებრძვის და არა „ქართულ ოცნებას“ და მისი კრიტიკა არის საქართველოს მიმართ, როგორც სახელმწიფოს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. ფაქტია, რომ პირიქითაა ეს ყველაფერი და „ქართული ოცნება“ არის ამ კრიტიკის მთავარი ადრესატი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აღარ აინტერესებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და მეტიც, უნდა, რომ ეს გაწევრიანების პროცესი შეჩერდეს.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ანგარიშები და რეზოლუციებია მიღებული ევროპარლამენტსა და სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია და გადაწყვეტილებებია მიღებული, რომელიც ძალიან კონკრეტულად არქმევს სახელს იმას, თუ რა ხდება საქართველოში, რომ არ დატოვოს რომელიმე ქვეყნისა ან სახელმწიფოს გარკვეული ინდივიდუალური პოლიტიკისთვის ინტერპრეტაციის საშუალება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პატიმრებს აქვთ დარქმეული „პოლიტპატიმრის სახელი“, დემოკრატიულ უკუსვლას „დემოკრატიული უკუსვლის“ სახელი, არჩევნებს აქვს „გაყალბებული არჩევნების“ სახელი და ა.შ.

არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს რესურსი, გაითვალისწინოს საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ეს რეკომენდაციები, მოთხოვნები. მათთვის დემოკრატია არის საფრთხე, დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა არის საფრთხე თავიანთი ძალაუფლების დაკარგვის. იციან, რომ მათი ძალაუფლება დგას არა ხალხის ნებაზე, არა საზოგადოების განწყობაზე, მათ მიმართ მხარდაჭერაზე, არამედ დგას ძალაუფლების უზურპაციაზე. შესაბამისად, უზურპაციის დათმობა, ინსტიტუტების გათავისუფლება, მათთვის ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს და, რა თქმა უნდა, ამისთვის არ არიან მზად. ჯერჯერობით, თვითონაც და სახელმწიფოსაც, ქვეყანას მთლიანად ახდევინებენ ძალიან ძვირ ფასს. ძალიან დიდ ფასს იხდის თითოეული ჩვენგანი, ვკარგავთ უზარმაზარ პერსპექტივას, უზარმაზარ შესაძლებლობას და უკან ვიხევთ იქიდან, სადამდეც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მოვდიოდით. ეს უზარმაზარი დანაკარგია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა. “ქართული ოცნება“ გვახედვინებს ამ ფასს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად იყოს ფინანსურად, ჰქონდეს ძალაუფლება უზურპირებული და მის ძალაუფლებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას.

ისინი აიგივებენ საკუთარ თავს სახელმწიფოსთან, თითქოს, „ქართული ოცნება“ არის სახელმწიფო, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირობო მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში და ლეგიტიმაციის პრობლემა ქვეყნის შიგნით არ ჰქონდეთ. ასე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ებრძვის და არა „ქართულ ოცნებას“ და მისი კრიტიკა არის საქართველოს მიმართ, როგორც სახელმწიფოს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. ფაქტია, რომ პირიქითაა ეს ყველაფერი და „ქართული ოცნება“ არის მთავარი ადრესატი ამ ყველა კრიტიკის. შესაბამისად, მათი რეაქციაც არის ის, რომ ცდილობენ თავი იმართლონ და იმართლონ, პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩეველთან. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის პოლიტიკურ ძალთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ამ შეფასებებს, რომელიც შეგროვებულია სხვადასხვა წყაროებიდან. ეს არ არის „ვინმემ მიაწოდა“ და ტყუილშია 500 ადამიანი, ადვილად მოტყუვდა და მიიღეს ეს რეზოლუცია?! როცა ჩვენ მართლები ვიყავით, ბევრი ასეთი კრიტიკული შეფასება გაგვიქარწყლებია. იყო ასეთი პერიოდებიც. დღეს იმდენად უკუსვლა აქვთ და პროფესიონალიზმიც კი დაკარგული აქვთ საერთაშორისო აქტორებთან კომუნიკაციის, მიიღებენ იმ სურათს, რომელიც მიიღეს“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეეხო იმ ფაქტსაც, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიშის შემდეგ, ოფიციალური შეფასება შალვა პაპუაშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, „როგორც ჩანს, სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფმა ჯერ ვერ მოიფიქრა პასუხი“.

„მიუხედავად მისი მაღალი თანამდებობისა, ის იქცევა ისე, როგორც დაავალებენ. ეს ცალსახაა ხოლმე, რომ მას ეს როლი აქვს ათვისებული. როგორც ჩანს, ელოდება შემდგომ დირექტივას. როგორი უნდა იყოს მისი პასუხი და მას პასუხი არ აქვს იმიტომ, რომ ალბათ, არ აქვს უფლება დამოუკიდებელი შეფასება გააკეთოს, ალბათ, ამაზეა საქმე. როგორც ჩანს, სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფმა ჯერ ვერ მოიფიქრა პასუხი, რაც უნდა გასცეს შალვა პაპუაშვილმა და ნებისმიერმა სხვა დეპუტატმა. მე მის გამოსვლებს ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივაქცევდი, იმიტომ, რომ მას ყველაზე რადიკალურ, ვულგარულ დავალებებს აძლევენ და ის სიამოვნებით ასრულებს ამ დავალებებს.

მათთვის, მათი ძალაუფლებისთვის ეს რეზოლუცია არის დამაზიანებელი, თუმცა მეორე მხრივ მათ სჭირდებათ გარკვეული ინტერაქცია ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს არის ტრანზაქციული ურთიერთობა. არა სტრატეგიული გაწევრიანების და ქვეყნის განვითარების, არამედ ტრანზაქციული, გარკვეულად ბიზნესზე ორიენტირებული ურთიერთობები. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდეთ ურთიერთობა, რათა ნებისმიერ სხვა დონორს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, შავი ფულის მფლობელებს, სანქცირებულ ფინანსურ ჯგუფებს მისცენ საშუალება, მომხიბვლელი გახადონ საქართველო მათთვის, რათა მათ ჩადონ საქართველოში ფული.

მათ, ერთი მხრივ, აღარ აინტერესებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და მეტიც, მათ უნდათ, რომ ეს გაწევრიანების პროცესი შეჩერდეს, საქართველოს აღარ მოეთხოვებოდეს ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომელიც სავალდებულოა ყველა კანდიდატი წევრისთვის. ეს არის ერთი მოცემულობა. მეორე რაც მათ სჭირდებათ, ეს არის საერთაშორისო ფინანსურ ჯგუფებთან, მათ შორის, სანქცირებულთან, არასანქცირებულთან, ჰქონდეთ კომუნიკაცია და აჩვენონ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე და არ არის გადაქცეული სრულად არალეგალურ ეკონომიკურ ზონად, რომელსაც ჰქვია ნაცრისფერი ზონა. მთლად ნაცრისფერი ზონა არაა. სომხეთში როცა იყვნენ, არ საუბრობდნენ გაწევრიანებაზე, როცა აბუ-დაბის ეკონომიკურ ფორუმზე იყვნენ, სადაც ბევრია ასეთი ტიპის ფინანსური ჯგუფი, იქ საუბრობენ ევროკავშირზე. იმათთან სასაუბროდ უფრო სჭირდებათ ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირსა და საქართველოს მოსახლეობასთან. თუმცა მათ ასევე თავიანთ ამომრჩეველთან სჭირდებათ გზავნილი, რომ ისინი იბრძვიან ევროპული პროცესისთვის. მხოლოდ რიტორიკის დონეზე, შიდა მოხმარებისთვის საუბრობენ რაღაც აბსურდულ ევროპულ პროცესზე, რომელსაც თითქოს ისინი ახორციელებენ, რომელიც კავშირში არაა არც გაწევრიანებასთან და არც ევროპულ დღის წესრიგთან“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, მან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირებისთვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომლის საფუძველზეც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა დაკავებულ ადამიანს ამორალურად ექცევა.

„ხელისუფლება ძალიან ამორალურად ექცევა აბსოლუტურად ყველა დაპატიმრებულ ადამიანს. თავისი მდგომარეობა რაღაცნაირად რომ გაიუმჯობესოს, შეფუთოს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ თითქოს რაღაც კომპრომისული ნაბიჯები გადადგა, ამ ხალხს აიძულებს, აშანტაჟებს, რათა რაღაც გარკვეული აღიარებები მიიღოს. საბოლოოდ კი თქვას, რომ თვითონ აღიარეს, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ. ჩვენ რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლოს ელემენტი, დარწმუნებული ვარ, არცერთი პოლიტიკური პატიმარი არ იქნებოდა პატიმრობაში. რადგან სრული კონტროლია სასამართლოზე, ბუნებრივია, ეს ხალხი არის შანტაჟის ქვეშ. ჩვენ არ გვაქვს არცერთი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანად განსაჯოს, რომელიმე მათგანს აქვს თუ არა მართლა ჩადენილი დანაშაული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში