ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილის მიზანია, უახლოეს მომავალში ტყვეებით გაავსოს კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს მხოლოდ საკუთარი მერკანტილური ინტერესების დასაცავად - ის პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

ივანიშვილის და მურუსიძის სასამართლომ საქართველოს შვიდ მოქალაქეს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 და 5 წლით, შვიდი მოქალაქე არის იმ პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც „ანტი-ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა დაგეგმეს - ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს აშინებს ეს არის მისი პერსონალური პასუხისმგებლობა, რასაც ივანიშვილი ვერ გაექცევა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 7 პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს „ძალადობრივი პროკურატურა“.

„ივანიშვილის გუნდი შუა საუკუნეობრივი შურისძიების მეთოდებით ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. მისი მიზანია, უახლოეს მომავალში ტყვეებით, თავებით, ადამიანებით, მათ შორის აკადემიკოსებით, პროფესიული წრეებით, მშენებლებით, პატრიოტი მოქალაქეებით გაავსოს ტყვეების ის კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს მხოლოდ პერსონალური მერკანტილური ინტერესების დასაცავად. ივანიშვილს არ ანაღვლებს არაფერი, გარდა საკუთარი ფინანსების უსაფრთხოებისა. მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ივანიშვილი, მურუსიძის სასამართლო და მას დაქვემდებარებული პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პროკურატურა აკეთებს მხოლოდ ივანიშვილის საქმეს და მომავლის პროგნოზი აჩვენებს იმას, რომ მოსალოდნელია პერსონალური პასუხისმგებლობების დაყენება, მათ შორის სანქციების სახით ივანიშვილზე, ივანიშვილი დაკავებულია შუასაუკუნეობრივი შურისძიებით, ტყვეთა სყიდვით, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. ამ შვიდი მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი საპატიმროში გამოკეტვა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმით, რომ ისინი არ აღიარებენ პროკურატურის და მურუსიძის სასამართლოს მიერ შეთავაზებულ მძიმე ბრალდებებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება, რომელსაც ასრულებს, ერთი მხრივ, ძალადობრივი, დანაშაულებრივი პროკურატურა, რომელმაც არ გამოიძია არცერთი თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტთა კორპუსზე, სამოქალაქო სექტორზე, ამის პარალელურად მურუსიძის სასამართლო ადებს საბოლოო ბეჭედს იმ უკანონობას და ძალადობას, რაც ივანიშვილმა „ანტიქართულმა ოცნებამ“ დააკანონა. სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ პატიმარს“-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა „ივანიშვილის რეჟიმის დასავლეთთან მხილებაა“.

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ერთობითა და ჩვენი აქტიური თანამშრომლობით დასავლელ პარტნიორებთან ვამხილოთ ივანიშვილის რეპრესიული რეჟიმი და ყველას მოუწიოს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ხდება დღეს, სასამართლო დარბაზებში, პროკურატურის ოფისებში. ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს აშინებს ეს არის მისი პერსონალური პასუხისმგებლობა, რასაც ივანიშვილი ვერ გაექცევა. ეს დანაშაულებრივი კასტა აუცილებლად აგებს პასუხს პერსონალურად ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თამადობით“, - განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

რაც შეეხება ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში