ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ალეკო ელისაშვილის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს და ფაქტი განზრახ დაამახინჯეს! საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, „რუსთავი 2”-ის სიუჟეტი და „კურიერის“ წამყვანების ნათია ლაზაშვილის და დავით კაკულიას მიერ ეთერში გაკეთებული განცხადებები განიხილა და გადაწყვეტილება გამოაცხადა. დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის ორი: მე-5 (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევას.
დავა ეხებოდა “რუსთავი 2-ის” ეთერში 2026 წლის 31 მარტს გადაცემაში “კურიერი” გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტზე, ალექსანდრე ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენას. საჩივრის თანახმად წამყვანებმა დავით კაკულიამ, ნათია ლაზაშვილმა სიუჟეტის წარდგენის ტექსტში და არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა რეპორტაჟში, მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარღვიეს, ერთის მხრივ ელისაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპები, რომელიც ავალდებულებს ჟურნალისტს, პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპის დარღვევად ითვლება ფაქტების დამახინჯება, დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელება, წყაროს არასათანადო გადამოწმება ან მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება.
საჩივარს თან დაერთო ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სტენოგრამა და ყველა მასალა, რომელიც ასევე იყო ზუსტი დასტური თუ როგორ დაამახინჯა სახელისუფლო ტელევიზიამ პოლიტიკოსის სიტყვები, მათ შორის მარკო რუბიოს შესახებ. ასევე, რეპორტაჟი, სადაც ელისაშვილს არაერთხელ უწოდა „დამნაშავე“, საქმეზე, რომელზეც ჯერ განაჩენი პირველ ინსტანციაშიც კი არ დამდგარა. მტკიცებით ფორმაში უწოდა „არსონისტი“, ამას გარდა პროკურატურის ვარაუდები გაავრცელა ფაქტებად, ასევე ფაქტად გაასაღა ბრალი, რომელიც არ არის დადასტურებული.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილს არც ერთი განცხადებით, არც ერთი ეთერით, არასდროს არ უღიარებია ტერორიზმის ფაქტი. წინადადება იმის თაობაზე, რომ ელისაშვილმა უკვე აღიარა ტერორიზმის ფაქტი, წარმოადგენს ქარტიის მეთერთმეტე მუხლის დარღვევას და ფაქტის განზრახ დამახინჯებას.
მოგეხსენებათ, რომ „ოცნებამ“ ელისაშვილს ბრალი წაუყენა ტერორიზმის მუხლით, ერთი წლის წინანდელ საქმეზე და ირწმუნება, რომ თითქოს ელისაშვილმა ერთი წლის წინ ცეცხლი წაუკიდა სასამართლოს კანცელარიას. პროკურატურას, ძაღლის მიერ ჩატარებული ოდოროლოგიური ანუ სუნის ექსპერტიზის გარდა, არ აქვს არცერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ საქმეში ელისაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობას დაამტკიცებდა. თავად ელისაშვილი უარყოფს ამ ფაქტთან რაიმე კავშირს და როგორც თავად აცხადებს, ნიღბიანი უცნობი პირი, რომელიც გამოძიების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, არა თუ თავად არ არის, „ოცნების“ ნებისმიერ დეპუტატს უფრო ჰგავს, ვიდრე მას. აღნიშნულის პარალელურად, ჟურნალისტი მიზანმიმართულად მაყურებელს აწვდის მცდარ ინფორმაციას და ამახინჯებს ფაქტს. ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ტექსტი მანიპულაციურია და შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში“,- ნათქვამია განცხადებაში.