კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმის განაჩენზე - ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა, საზოგადოებამ კარგად ნახა და ეს იმ დღეს არ დაწყებულა - კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ექიმ, გიორგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული.

„ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა და ეს იმ დღეს არ დაწყებულა. თვეების განმავლობაში მიდიოდა იმის კამპანია, რომ ისინი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. გრძელდებოდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ემზადებოდნენ ხელისუფლების ჩამოსაგდებად, რევოლუციის მოსაწყობად და უკვე 4 ოქტომბერს მოინდომეს ამის შესაბამისობაში მოყვანა და გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები - მივარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გადაანგრიეს ღობე, სცადეს ადმინისტრაციაში შეჭრა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, შვიდივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა