ირაკლი კირცხალია მაიკლ ო’ფლაერტის განცხადებაზე - ვურჩევდი ბრიუსელს, რომ ცოტა ობიექტურად შეფასდეს ვითარება, როცა აქ ვინმე რაიმეს შესაფასებლად ჩამოდის - ეს არის უსამართლო, უტიფარი და შეურაცხმყოფელი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ

ძალიან საინტერესოა, რაზე დაყრდნობით გააკეთა მან ეს დასკვნა - როდესაც რაიმეს აღმოფხვრაზე ვსაუბრობთ, ვურჩევდი ბრიუსელს და ყველა იმ ინსტიტუციას, სამსახურს თუ მოვლენილ პირს, რომელიც სრულიად გაურკვეველ და ისეთ განცხადებას აკეთებს, რომელიც არანაირ ფაქტზე არ არის დაფუძნებული, რომ ცოტა ობიექტურად შეფასდეს და ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როდესაც აქ ვინმე რაიმეს შესაფასებლად ჩამოდის, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმს.

მისი თქმით, ეს არის უსამართლო, უტიფარი და შეურაცხმყოფელი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

“ძალიან საინტერესოა, რაზე დაყრდნობით გააკეთა მან ეს დასკვნა. როდესაც რაიმეს აღმოფხვრაზე ვსაუბრობთ, ვურჩევდი ბრიუსელს და ყველა იმ ინსტიტუციას, სამსახურს თუ მოვლენილ პირს, რომელიც სრულიად გაურკვეველ და ისეთ განცხადებას აკეთებს, რომელიც არანაირ ფაქტზე არ არის დაფუძნებული, რომ ცოტა ობიექტურად შეფასდეს და ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როდესაც აქ ვინმე რაიმეს შემფასებლად ჩამოდის.

რაც შეეხება კანონებს, მგონი, “გამჭვირვალობის”, “ოჯახური ღირებულებების” და “მანიფესტაციებზე” კანონებს გულისხმობს - ნებისმიერი კანონი, რომელიც მიიღება პარლამენტში, ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს.

ყველას კარგად გვახსოვს თითოეული ჩამოთვლილი კანონი. როდესაც იყო კანონპროექტი, ჩვენ ღიად და მზად ვიყავით ნებისმიერი დისკუსიისთვის და ღიად ვამბობდით, რომ შევიდეთ, გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ დისკუსიაში, თუ რა პრობლემას ხედავთ “გამჭვირვალობის შესახებ” კანონში, “ოჯახური ღირებულებების დაცვის” შესახებ კანონში, “მანიფესტაციების” მიმართებით კანონში.

ისინი ვერ შემოდიან ვერაფერში ობიექტურად, რადგან ისინი არ არიან ობიექტურები. ამ ყველაფერთან ერთად, ვხედავთ იმ მასკარადს და იმ გაცვეთილ პიარ შოუს, როცა ბრენდავდნენ: “რუსული კანონი”, “რეჟიმის კანონი” და ა.შ. გაცვდა მეგობრებო მათი ეს სცენარი და ეს მესიჯბოქსები. ასეთივე გაცვეთილია ეს შეფასება, როდესაც ქვეყანაში, სადაც მაქსიმალურად იცავ შენს ღირებულებებს და შენი ქვეყნის უსაფრთხოებას, შენ მოდიხარ და ამბობ, რომ არა, თურმე ეს შენთვის მიუღებელია და ამავდროულად, თავიანთ ქვეყნებში ანალოგიური, თუნდაც უფრო მძიმე სანქციებით დახუნძლულ კანონებს ვხედავთ კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე. აი, ეს არის სწორედ უსტანდარტობა და ეს არის სწორედ ის უსამართლო, უტიფარი და შეურაცხმყოფელი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.

კომისარი აღნიშნავს, რომ 2025 წლის მარტის მემორანდუმში წარმოდგენილი რეკომენდაციები კვლავაც აქტუალურია. კერძოდ, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებების ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დაზარალებულთათვის სრული რეპარაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში