კახა კალაძე მაიკლ ო’ფლაერტის რეკომენდაციებზე - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე. შეიძლება აქცია ჩაატარონ, პროტესტი გამოხატონ, დღეს არავინ არაფერზე შეზღუდული არ არის. ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის მემორანდუმში ასახული რეკომენდაციების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველო თავისი კანონმდებლობით იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„ეს მოწოდებები და თითის ქნევა წარმოუდგენელია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იგივე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვინმეს მოგისმენიათ არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ის დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას? ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ არის. უბრალოდ, მათ ასე უნდათ იმიტომ, რომ დღეს ისინი ვერ ახერხებენ შავი ფულის შემოტანას და ხვრელების ნახვას, როგორც თვითონ საუბრობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ეძებენ შავ ხვრელებს საქართველოში „ქეშის“ შემოსატანად. რას ხმარდებოდა ეს თანხები? ეს ხმარდებოდა რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას, მათ შექმნას, რომ შემდეგ ისინი გამოეყენებინათ სახელმწიფოს წინააღმდეგ რევოლუციების მოწყობაში, სახელმწიფო გადატრიალებებში და ა.შ.

არ გამოვა დღეს ეს. დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მემორანდუმის იმ ნაწილს, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან აქციებისას ძალადობის ფაქტებს შეეხება, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„ბევრჯერ გაკეთდა განმარტება, რომ იყო მათ შორის ამოცნობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ დაველოდოთ. არიან კონკრეტული სპეცრაზმელები, რომლებიც გამოძიების შედეგად ამოცნობილია და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე დაწყებულია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.

კომისარი აღნიშნავს, რომ 2025 წლის მარტის მემორანდუმში წარმოდგენილი რეკომენდაციები კვლავაც აქტუალურია. კერძოდ, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებების ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დაზარალებულთათვის სრული რეპარაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში