სააკაშვილი რვაჯერ დაკრძალული უნდა გვყავდეს, მათ რომ ვუსმენდეთ. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად - დღეს ვხედავთ მის გამოსვლებს და პოლიტიკურ განცხადებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
კირცხალიას თქმით, სრული აბსურდია, რომ დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმეს ყურადღება არ ექცევა.
“სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ სამსახურში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს, თან ვისგან? სააკაშვილი რვაჯერ დაკრძალული უნდა გვყავდეს ახლა ,მათ რომ ვუსმენდეთ. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად - დღეს ვხედავთ მის გამოსვლებს და პოლიტიკურ განცხადებებს. დამერწმუნეთ, მაქსიმალურად იქნება ყურადღება მიქცეული არა მხოლოდ ქალბატონი ელენეს მიმართ, არამედ ყველა იმ პატიმრის მიმართ, რომელი პატიმარიც დღეს ჩვენ პენიტენციურ სისტემაში იხდის სასჯელს. ასე რომ, არ აჰყვეთ ამ აბსურდს. არც საზოგადოება არ აჰყვება ამ აბსურდს, დამერწმუნეთ”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.