პროკურატურამ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა.
საქმე სასამართლო კანცელარიის გადაწვის მცდელობას ეხება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლია, ასევე პროცესზე დაიკითხა მოწმეც.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 3 ივლისს 10:00 საათზე გაიმართება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
„დღეს დაკითხულმა მოწმე ლადო ხურციძესთან დაისვა მნიშვნელოვანი კითხვა, იმ პირობებში, როდესაც გამოძიებამ სანთებელაზე ჩაატარა ექსპერტიზა და დასკვნა მიიღო, ასევე 10 სართულიან შენობაში, 2 ბოთლი ბენზინით გაჩენილი ხანძარი გამოიწვევდა თუ არა 1000 კვადრატული მეტრის შენობის გადაწვასა და შემდგომ 3000 კვადრატული მეტრის გადაწვას, ამაზე მოწმემ გასცა პასუხი, რომ ეს კითხვა ჰიპოტეტურია და ამაზე ვერცერთი ექსპერტი პასუხს ვერ გასცემდა. ჰიპოთეტური და თეორიული მსჯელობით აქვთ ბრალი წაყენებული, რომ 29 ნოემბერს შეიქმნა საფრთხე, მთლიანი შენობის განადგურების",- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ასევე, დაცვის მხარემ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, გაძევებული ალეკო ელისაშვილის პროცესზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს შუამდგომლობა კი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.