გრიგოლ გეგელია - ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თურმე არ მოუსმენია, კონკრეტულად რა ნაწილში იყო აცდენილი ე.წ გამჭვირვალეობის და გრანტების კანონები ევროკავშირის სტანდარტებთან - ვიწყებ კამპანიას: „გავაგებინოთ მაკას!“

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თურმე მას ევროკავშირისგან არც ერთხელ არ მოუსმენია, კონკრეტულად რა ნაწილში იყო აცდენილი ე.წ გამჭვირვალეობის კანონი და გრანტების კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან - ვიწყებ კამპანიას: “გავაგებინოთ მაკას!” - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის მემორანდუმს გამოეხმაურა.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, აშკარაა, რომ „ივანიშვილის საგარეო მინისტრს წაკითხულისა და ნათქვამიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვს“.

“კიდევ ერთი საკონტროლო დარტყმა საქართველოს უტიფარ საგარეო სამინისტროს პოზიციაზე დღეს გაკეთდა, როდესაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ბატონმა ოფლაერტიმ სრულიად მკაფიოდ, “ქოცისთვისაც” კი მარტივად გასაგებად, თქვა, რომ ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები შეუსაბამოა დემოკრატიულ სტანდარტებთან, ზღუდავს ყველა თავისუფლებას და უნდა იქნას გაუქმებული.

აშკარაა, რომ ივანიშვილის საგარეო მინისტრს წაკითხულისა და ნათქვამიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვს. ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თურმე მას ევროკავშირისგან არც ერთხელ არ მოუსმენია, კონკრეტულად რა ნაწილში იყო აცდენილი ე.წ გამჭვირვალეობის კანონი და გრანტების კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან.

საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ „რუსულ-ქოცური“ კანონების წინააღმდეგ დადგა სრულიად ცივილიზებული მსოფლიო და ასობით ათასი ქართველის ერთიანი პროტესტი! შესაძლოა, ბოჭორიშვილი ზეციურ ხმას მოელოდა ან უბრალოდ მახსოვრობისა და კეთილსინდისიერების მძიმე პრობლემა აქვს. ვიწყებ კამპანიას: “გავაგებინოთ მაკას!”

ქალბატონო მაკა, ვენეციის კომისიამ გითხრათ, რომ კანონი ვერ აკმაყოფილებდა კანონიერების, ლეგიტიმური მიზნის, აუცილებლობისა და პროპორციულობის აუცილებელ კრიტერიუმებს!

ქალბატონო, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრო, - ეუთო/ოდირი 2024 წლის 30 მაისს გეუბნებოდათ [ვციტირებ]: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან.

ქალბატონო მაკა, ევროპარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუცია გეუბნებოდათ: “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.”

ასევე, „ვენეციის კომისია მკაცრად რეკომენდაციას უწევს კანონის მოქმედი ფორმით გაუქმებას, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოიწვევს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის და დისკრიმინაციის აკრძალვისთვის“ და თუ ესეც ვერ გაიგეთ, კიდევ ერთი, ქალბატონო მაკა: “კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვები შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მკაცრ სტანდარტთან.“

რუსული კანონი სრულიად შეუთავსებელია ევროპულ კანონმდებლობასთან: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) 8-ე, 10-ე და 11-ე მუხლებით; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (ICCPR) 17-ე, 19-ე და 22-ე მუხლებით.

იგი ვერ აკმაყოფილებდა ვერც კანონიერების, ვერც ლეგიტიმური მიზნის, ვერც აუცილებლობის და ვერც პროპორციულობის აუცილებელ კრიტერიუმებს. მარტივად თუ ვიტყვით, კანონი ვერ აკმაყოფილებდა პრაქტიკულად ვერცერთ კრიტერიუმს, რაც ნორმალურ კანონს უნდა გააჩნდეს

შესაბამისად, ცივილიზებული მსოფლიოს შეფასებით ეს კანონები პრობლემებს უქმნის გაერთიანების და შეკავშირების თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას”,- აღნიშნა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. კომისარი აღნიშნავს, რომ 2025 წლის მარტის მემორანდუმში წარმოდგენილი რეკომენდაციები კვლავაც აქტუალურია. კერძოდ, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებების ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დაზარალებულთათვის სრული რეპარაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში