საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე სტუდენტები, საუნივერსიტეტო სპორტული გუნდები და შემოქმედებითი ჯგუფები სტუდფესტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, „სტუდფესტი 2026“-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამარჯვებულ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. დასკვნით ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და სტუ-ის სტუდენტები ესწრებოდნენ.
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულ სტუდენტებს სპეციალური პრიზები, ხოლო გამარჯვებულ უნივერსიტეტს მთავარი პრიზი მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებსა და კულტურის მიმართულებით ჩატარებულ კონკურსებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა, ინდივიდუალურმა სპორტსმენებმა, სტუდენტური თვითშემოქმედების ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ღირსეულად იასპარეზეს, საუკეთესო შედეგი აჩვენეს და საერთო ჯამში მოიპოვეს: 13 ოქრო - ჭადრაკი (ვაჟი); ჯუდო; შვიდკაცა რაგბი; ნარდი (გოგონა); კლდეზე ცოცვა (გოგონა); პადელი; ჩოგბურთი (ვაჟი); ფრენბურთი (ვაჟები); ფრენბურთი (გოგონები); კალათბურთი 3 x 3; სასტენდო სროლა (გოგონა); საესტრადო სიმღერის კონკურსი (დუეტი); საუკეთესო ორგანიზებული გულშემატკივარი; 4 ვერცხლი - ქართული ცეკვა (ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“); ქართული ლიგა („შერეკილი“); თეატრალური დადგმა (სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“); ქართული ჭიდაობა; 11 ბრინჯაო - ჩოგბურთი (გოგონა); მუსიკალური ბენდი; სოლო შესრულება (საესტრადო); ხატვა; კიბერსპორტი; კარტინგი; მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟი); ნარდი (გოგონა); შაში (ვაჟი); შაში (გოგონა); ჯომარდობა;

სტუ-ის გამარჯვებულ სტუდენტებსა და სპორტულ გუნდებს, მათ მწვრთნელებს, შემოქმედებით ჯგუფებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდფესტი 2026“-ის წარმატებით დასრულებას რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს.
„წლევანდელი სტუდფესტის გრან-პრის მოპოვება ჩვენი სტუდენტების ნიჭის, შრომისმოყვარეობის, მიზანდასახულობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პოლიტიკის შედეგია, რომელიც სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება - გილოცავთ ამ მასშტაბური ღონისძიების წარმატებით დასრულებას! ჩვენი სტუდენტების მიერ მოპოვებული 13 ოქროს, 4 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი უდიდესი შრომისა და შეუპოვრობის შედეგია.
საქართველოს ახალგაზრდობისთვის სტუდენტური ფესტივალი განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტია. ამით იქმნება ის უნიკალური სივრცე, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო-შემეცნებით თუ შემოქმედებით მიმართულებებში ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს, არამედ ამყარებენ მეგობრულ კავშირებს, იძენენ ახალ გამოცდილებას, სწავლობენ თანამშრომლობას, ჯანსაღ კონკურენციას, ლიდერობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთი ინიციატივები აყალიბებს აქტიურ, განათლებულ, შემოქმედებით და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებულ თაობას.
ფესტივალს ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტებისთვის, რადგან შესაძლებელია სტუდენტების პოტენციალის წარმოჩენა, საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნება და ახალგაზრდებისთვის ისეთი აქტიური გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური და კვლევითი წარმატება ჰარმონიულად ერწყმის სპორტულ, კულტურულ და საზოგადოებრივ აქტივობებს. ასეთი მიდგომები სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალგაზრდებისა თუ ცალკეული პიროვნების სრულყოფილი განვითარებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებასა და სტუდენტების შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება. მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ გივი მიქანაძეს, რომლის ძალისხმევითა და მხარდაჭერით სტუდფესტი გაცილებით მასშტაბურ პროექტად ჩამოყალიბდა. ასევე, მადლობას ვუხდი ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიასა და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რუსთავის მერიას, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას და ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომელთა ერთობლივმა მუშაობამ ათასობით ახალგაზრდას მისცა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს გამარჯვება დიდი პატივია და ამავდროულად, ახალი პასუხისმგებლობაც, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერა“, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, „სტუდფესტი 2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით, თბილისის მერიის, რუსთავის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. „სტუდფესტი 2026“-ში 42 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის 582 სტუდენტი გამარჯვებულად დასახელდა, ხოლო თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 45 საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ტურნირი ჩატარდა.