აშშ იმყოფება ძალიან რთულ პოზიციაში. ეს არ არის ომში გამარჯვება, - ამის შესახებ „პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კობერიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ირანს შორის „ურთიერთგაგების მემორანდუმს” ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გიორგი კობერიძემ განაცხადა, რომ თუ აშშ-ირანს შორის გაფორმებული მემორანდუმი იქცა დე ფაქტო რეალობად, ან იქცა ოფიციალურ დოკუმენტად, მაშინ ეს ძალიან ცუდი იქნება.
გიორგი კობერიძის თქმით, ნებისმიერი ომი განისაზღვრება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური შედეგით და აშშ-მა ამ ეტაპზე არაფერი არ მიიღო.
„ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ნებისმიერი ომი არა სამხედრო შედეგით, არამედ პოლიტიკური შედეგით. არასწორია როდესაც ამბობენ ხოლმე, მათ შორის დონალდ ტრამპი, რომ ირანს ფლოტი აღარ ჰყავს, ირანს ავიაცია არ აქვს, რადგან ეს არის სამხედრო შედეგი, ომი სამხედრო შედეგით არ განისაზღვრება. ნებისმიერი ომი განისაზღვრება პოლიტიკური შედეგით, ეს არ განისაზღვრება ბომბის ჩამოყრის ან ბრძოლების მოგების რაოდენობით. მაგალითად აშშ-მა ვიეტნამში უკლებლივ ყველა ბრძოლა მოიგო, ნული დამარცხება ჰქონდა, მაგრამ ომი, როგორც მოვლენა, სტრატეგიული შედეგი, იყო წარუმატებელი. აშშ-მა ამ ეტაპზე არაფერი არ მიიღო. მათი პირველი მიზანი იყო, მოეხდინათ ატომური ენერგიისა და ბირთვული საწყობების პოტენციური ხელშეშლა, ამასთან, გამდიდრებული ურანი ან უნდა განადგურებული, ან უნდა გატანილიყო. დღის წესრიგში იყო დაყენებული ბალისტიკური არსენალის განადგურების საკითხი. რაც ყველაზე მთავარია, მათი ერთ-ერთ მთავარი მიზანი იყო უსიტყვო კაპიტულაცია, რაც გულისხმობდა მთავრობის შეცვლას. მთავრობის შეცვლა არ მომხდარა. სადამსჯელო მთავრობა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი მოკლა აღარ არსებობს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რაც მორალურად თუ შევაფასებთ კარგი მოვლენაა, მაგრამ მთავრობა პრინციპულად არ შეცვლილა... თუ ეს მემორანდუმი იქცა დე ფაქტო რეალობად, ან იქცა ოფიციალურ დოკუმენტად, მაშინ ეს იქნება ძალიან ცუდი.
აქ უკვე ბურთი ისრაელის მოედანზეა იმიტომ, რომ ამ მოცემულობაში ისრაელი აღმოჩნდა კატასტროფულად ცუდ პოზიციაში. ბოლო სამი წელიწადია, ისრაელს საერთაშორისო მხარდაჭერა უმცირდება და ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამერიკაშიც შეიცვალა განწყობები. ისრაელს უწევს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება, ის ან გაჰყვება დონალდ ტრამპის გზას ან მოუწევს ომის განახლება. ამასთან, ნეთანიაჰუს უპირისპირდებიან ქვეყნის შიგნით მემარჯვენე და ცენტრისტი ძალები იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ისინი ამბობენ: ნეთანიაჰუმ ომი წარმართა სუსტად და ისინი მას მოიხსენებენ, როგორც ამერიკის გუბერნატორს ისრაელში“, - განაცხადა გიორგი კობერიძემ.