რუსეთის მხრიდან სავაჭრო შეზღუდვების ფონზე, ევროკავშირმა სომხეთს 34 მილიონი ევრო გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში ევროკავშირის დელეგაცია ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს ევროკომისიამ სომხეთს 34 მილიონი ევრო გადასცა, რათა შეამსუბუქოს რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების გავლენა ქვეყნის კერძო სექტორზე. პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან სატელეფონო ზარიდან სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, ევროკავშირი სწრაფად ასრულებს სომხეთისა და მისი ხალხის მხარდაჭერის ვალდებულებებს.
ეს ფინანსური დახმარება პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისადმი გამოცხადებული უფრო ფართო პაკეტის პირველი ტრანშია, რომელიც ასევე მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობისა და სოლიდარობის ზომებს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.
გასულ თვეში ევროკავშირი-სომხეთის სამიტზე აღებული ვალდებულებების საფუძველზე, ევროკავშირი და სომხეთი გააგრძელებენ ერთად მუშაობას ბიზნეს კავშირების გასაძლიერებლად და სომეხი მწარმოებლებისთვის ბაზარზე წვდომის გასაფართოებლად. დამატებითი მხარდაჭერა გაეწევა სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგრო სასურსათო პროდუქტებს, ყვავილების მოყვანას და სხვა ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიებს, სავაჭრო ინიციატივების, ბიზნეს შეთანხმებების ღონისძიებებისა და ბაზარზე წვდომის მიზნობრივი ინიციატივების მეშვეობით. ეკონომიკური მდგრადობის საკითხებზე ევროკავშირი-სომხეთის სამუშაო ჯგუფი აგრძელებს რეგულარულ შეხვედრებს ამ ზომების განხორციელებისთვის მიმართულების მისაცემად და მონიტორინგისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სომხეთს 5 ივლისს ეწვევა, რათა ხელი შეუწყოს დახმარების პაკეტის იმპლემენტაციას და განიხილოს ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომი ნაბიჯები.