პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თენგო კირთაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციური ალიანსის“ წევრი არ არის, რადგან, მისი შეფასებით, ალიანსის შეთანხმებული წესები არ დაიცვა.
როგორც კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ალიანსის შეთანხმების ტექსტის შემუშავებაში „ფედერალისტებს“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვნით და დოკუმენტი სპეციალურად ისე დაიწერა, რომ წევრობის საკითხზე დამატებითი დავები და ფორმალური პროცედურები თავიდან აერიდებინათ.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ალიანსში. შეთანხმების ტექსტში, მათ შორის ჩვენი - „ფედერალისტების“ დიდი კონტრიბუცია იყო. შეგნებულად დავწერეთ ისე, რომ უაზრო გარჩევები და ბუღალტერია აგვერიდებინა, ვიცნობთ რა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ალიანსში წევრობის წინაპირობაა წესების დაცვა, ის ვინც, ალიანსის წესებს არ იცავს, ავტომატურად არ არის ალიანსის წევრი. ფორმალური გარიცხვის პროცედურები საერთოდ არ გავწერეთ.
ძალიან მარტივია: ის, ვინც წესებს იცავს, ის არის ალიანსში. ვინც არ იცავს წესებს, თვითონ აყენებს თავს ალიანსის მიღმა. ამიტომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში. რამდენსაც ილაპარაკებენ, რომ ალიანსში ვართ და რაღაცებს, რა მნიშვნელობა აქვს, მიშას ატყუებენ თუ სხვას... გამიჯვნასაც ვერ ახერხებენ ისეთ რთულ მდგომარეობაში არიან. პოლიტიკური პროცესის მიღმა დადგომამ, ისედაც ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფები, საერთოდ შეიძლება გაანადგუროს. ამიტომ ურჩევნიათ თქვან, რომ ჩვენ ვართ ალიანსის წევრები“, - განაცხადა კირთაძემ.
ამასთან, კირთაძე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დღევანდელ პოსტს, სადაც ის 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით წერს: „თქვენ სად ხართ, ვინც იწყებდით და ამთავრებდით 4-ში, 4-ზე, 4 საათში?“
კირთაძის თქმით, სრულად იზიარებს ნიკა გვარამიას ძირითად გზავნილს და მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული მოწოდებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო.
მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ მოწოდებებს კრიტიკულად აფასებდნენ და კითხვებს სვამდნენ, მოღალატეებად აცხადებდნენ.
„გვარამიას პოსტის პათოსს როგორ არ უნდა დაეთანხმო? სამარცხვინო დღე რომ გამოაცხადეს, მოქალაქეების მოტყუება რომ სცადეს - გამოდით და ძალაუფლება ხელში ჩაიბარეთო. ამას ძალიან ბევრმა არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაში თუ მედიაში ცალსახად და ღიად მხარი დაუჭირა და ამაში ნაწილობრივ ფული აქვთ აღებული. ყველა მოღალატედ გამოგვაცხადეს, ვინც კრიტიკული კითხვები დავსვით. სამი თვის განმავლობაში მოღალატედ გვრიცხავდნენ იმის გამო, რომ მოქალაქეებს ვეუბნებოდით - ამ პროვოკაციაზე არ წამოეგოთ, რომ ეს არის ბოლი, შეგნებულად დაყენებული. ამ კითხვების დასმის უფლება მედიაშიც არ გვქონდა. თუ ეს იქნებოდა ჩვეულებრივი აქცია, მეც შევუერთდებოდი, საჯაროდ შევუერთდებოდი, არათუ კითხვებს დავსვამდი.
ნიკა გვარამიამ ურთულესი პერიოდი გადაიტანა. მათ შორის, მისი პარტიის გახლეჩის ოპერაციაც მიმდინარეობდა. თვალები უნდა დაეხუჭა და ამ სიგიჟის უპირობო მხარდაჭერა და უნდა ეთქვა: დიახ, მეგობრებო, მე ჩაგაბარებთ თქვენ ძალაუფლებას“,- განაცხადა კირთაძემ.