ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, გამარჯვებით დასრულდა ფოთის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის საქმე, „რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, მოგონილი ბრალდებებით, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს“.
როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ პედაგოგს არ განუხორციელებია ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ უძალადია მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესში არასაგაკვეთილო თემებზე არ უსაუბრია.
„დღეს გამარჯვებით დასრულდა ფოთელი პედაგოგის საქმე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, მოგონილი ბრალდებებით, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
სკოლის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება სასამართლომ უკანონოდ და ბათილად ცნო.
სკოლას დაევალა იგორ კეკელიასთვის ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, გადასახდელი თანხა მისი სრულად ანაზღაურების მომენტამდე ყოველდღიურად გაიზრდება.
იმის გამო, რომ სკოლამ უკვე სხვა პედაგოგი დაასაქმა, იგორ კეკელიას სკოლაში დაბრუნება გამოიწვევდა სხვა მასწავლებლის განთავისუფლებას, რაზეც არაერთხელ თქვა უარი იგორ კეკელიამ. ამიტომ, სასამართლომ დამატებითი კომპენსაციაც განსაზღვრა - რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მასწავლებლებისა და მშობლების დაკითხვის შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:
იგორ კეკელიას სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და პირდაპირ უკავშირდებოდა მის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას.
პედაგოგს არ განუხორციელებია ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ უძალადია მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესში არასაგაკვეთილო თემებზე არ უსაუბრია.
ასეულობით მშობელმა ერთიანი განზრახვით დაიწყო იგორ კეკელიას წინააღმდეგ სტრატეგიული დევნა, მისი სკოლიდან გათავისუფლების მიზნით, მას შემდეგ, რაც გაიგეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ.
მასწავლებელი პროფესიული ეთიკის სრული დაცვით, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. 2019 წლიდან მას არცერთი დისციპლინური გაფრთხილება არ ჰქონია.
სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყვეს სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში გაგრძელება და ვითარების განმუხტვის ნაცვლად, უკანონოდ ჩატარებული დისციპლინური და სამეურვეო საბჭოს სხდომების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ეს იყო რამდენიმეთვიანი მძიმე და რთული ბრძოლა, რომლის განმავლობაშიც არაერთხელ სცადეს ზეწოლა როგორც პედაგოგზე, ისე ჩემზე.
დაუმსახურებელი ლანძღვა, დაცინვა და შეურაცხყოფა ამ პროცესის ნაწილი იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ ფაქტებისა და ადამიანის მიმართ.
იმედს ვიტოვებთ, რომ იგორ კეკელია იქნება ბოლო ადამიანი, ვისაც მსგავსი ტრაგედიის გავლა მოუწევს.
გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია ყველა უფლებადარღვეული მოქალაქისთვის - იბრძოლონ და დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე მიუხედავად მძიმე შინაგანი მდგომარეობისა. მადლობა მოსამართლე ეკატერინე მაღრაძეს!“,- წერს ადვოკატი.