„ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ - „გავრილოვის ღამე“ საქართველოს ისტორიაში დარჩება ქართველი ხალხის ღირსების დაცვის აქტად - სამწუხაროდ, შვიდი წლის შემდეგაც გრძელდება იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც თავისუფლებისა და სამართლიანობის მხარეს დგანან

სამწუხაროდ, შვიდი წლის შემდეგაც გრძელდება იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც თავისუფლებისა და სამართლიანობის მხარეს დგანან,- ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა „ერთი ხალხი, ერთი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ქეთი ხუსკივაძემ შაბათის ყოველკვირეული მარშის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, 7 წლის წინ ქართველმა ხალხმა ხელისუფლების მოღალატეობრივ ქმედებას მყისიერი, ხმამაღალი წინააღმდეგობით უპასუხა და „სამარცხვინო ლაქა ჩამორეცხა საქართველოს“.

„2019 წლის 20 ივნისიდან შვიდი წელი გავიდა. „გავრილოვის ღამე” საქართველოს ისტორიაში დარჩება ქართველი ხალხის ღირსების დაცვის აქტად. ამ დღეს, მათ, ვისაც საქართველოს დაცვა ევალებოდათ, არა თუ საქართველო, საკუთარი სავარძელი ვერ დაიცვეს და მასში რუსი ოკუპანტი ჩასვეს. ხოლო ქართველმა ხალხმა ამ მოღალატეობრივ ქმედებას მყისიერი, ხმამაღალი წინააღმდეგობით უპასუხა და ეს სამარცხვინო ლაქა ჩამორეცხა საქართველოს.

იმ ღამეს ათასობით მოქალაქე გამოვიდა საქართველოს ღირსებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. 20 ივნისი არის იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც უარი თქვეს შიშზე, უსამართლობასა დამორჩილებაზე. იმ ადამიანების, რომლებმაც დაიცვეს საქართველოს მომავალი, მაშინ როდესაც მთავრობა საკუთარ ხალხს სასტიკად მოექცა.

ეს დღე არის მაგალითი, თუ რა ძალა გვაქვს მაშინ, როდესაც ხალხი ერთიანდება.

დღეს, არ შეგვიძლია არ გამოვყოთ სინდისის პატიმრის - ელენე ხოშტარიას განსაკუტრებული როლი ამ ბრძოლაში. რომელიც, ამჟამად ივანიშვილის ციხეში ზის, კახი კალაძის პოსტერზე მარკერით გაკეთებული წარწერის ბრალდებით და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

სამწუხაროდ, შვიდი წლის შემდეგაც გრძელდება იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც თავისუფლებისა და სამართლიანობის მხარეს დგანან. გუშინ, კიდევ ხუთ ადამიანს მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა, საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის. 20 ივნისის შემდეგ დაწყებული ძალადობისა და უსამართლობის ჯაჭვი დღემდე გრძელდება, თუმცა ვერც ციხე და ვერც რეპრესიები ვერ გააქრობენ თავისუფლების სურვილს, რომელმაც მაშინ ათასობით ადამიანი გააერთიანა.

„გავრილოვის ღამემ” ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ძალა და სინდისი მისიმოქალაქეები არიან. 20 ივნისი თვალსაჩინო მაგალითია, რომ საქართველოს მომავალს ქართველი ხალხის ერთიანობა განსაზღვრავს.

ჩვენ გვინდა საქართველო, რომელიც არის დემოკრატიული, სამართლიანი და ერთ მუშტად შეკრული. საქართველოსი, რომელიც თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილია, ჰყავს ძლიერი მეგობრები და საკუთარ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. ასეთი საქართველოს შენება კი ჩვენგან მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს.

ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც იმ ღამეს დაზარალდნენ, ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილის მიერ ნასროლმა რეზინის ტყვიებმა თვალები დასთხარა.

გვახსოვს ისინი, ვინც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მტკიცედ იდგნენ რუსთაველზე და გვჯერა, რომ გარდაუვალია ქართველი ხალხის გამარჯვება",- განაცხადა ქეთი ხუსკივაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე