მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა ქსელი, რომელიც საქართველოში ათეთრებდა რუსულ, სისხლიან ფულს - ამით დადასტურდა, რომ საქართველო ივანიშვილმა რუსული სისხლიანი ფულის კრიპტოსამრეცხაოდ აქცია , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ფარულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არავინ არის, რისთვისაც ფარულავას მტკიცებით, ის „აუცილებლად გადაიხდის პოლიტიკურ ფასს, რომელიც უმძიმესი იქნება“.
„მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა ქსელი, რომელიც საქართველოში ათეთრებდა რუსულ, სისხლიან ფულს. ფაქტობრივად, ამით დადასტურდა, რომ საქართველო ივანიშვილმა რუსული სისხლიანი ფულის კრიპტოსამრეცხაოდ აქცია. ცხადია, ამ ჩრდილოვან ჯგუფს ამაში დახმარებას უწევს უსაფრთხოების სამსახური. ანუ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური არის ჩრდილოვანი გარიგებების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების მთავარი მფარველი. ამაზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ მთლიანი გუნდი. ცხადია, ჩვენ მივმართავდით პროკურატურას, აზრი რომ ჰქონდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში პროკურატურაც, სასამართლოც, პარლამენტიც და მთავრობაც არის ბიძინა ივანიშვილი. მას აქვს ეს პასუხისმგებლობა, ამიტომ ის ამ პოლიტიკურ ფასს აუცილებლად გადაიხდის. კი - იქნება საერთაშორისო სანქციებიც, ვინაიდან ქვეყანა, ფაქტობრივად, რუსული სისხლიანი ფულის კრიპტოსამრეცხაოდ და თაღლითობის მთავარ ჰაბად იქცა. ორგანიზებული, დანაშაულებრივი, კრიმინალური ჯგუფი ოპერირებს ისე საქართველოში, რომ მას ხელს არავინ არ უშლის და მეტიც - საზღვარზე შემოდის რუსული რუბლი სავარაუდოდ, არადეკლარირებულად და აქ ჩართული არიან სახელმწიფო უწყებები. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო უსაფრთხოებას აქვთ პასუხისმგებლობა. ორკესტრირებულად ხდება ამ დანაშაულებრივი, კრიმინალური ჯგუფის მფარველობა. არავინ, გარდა ივანიშვილისა, არ არის ამაზე პასუხისმგებელი და ის ამ დანაშაულისთვის, თაღლითობის, ფულის გათეთრების მთავარ ცენტრად რომ აქცია საქართველო, აუცილებლად გადაიხდის პოლიტიკურ ფასს, რომელიც მისთვის უმძიმესი იქნება.
ასევე, გუშინ ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდის მიერ მომზადებული სიუჟეტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კახი კალაძის პოლიტიკური დაჯგუფება მფარველობს, ხელს უწყობს და სავარაუდოდ, პირდაპირ გარიგებაშია კადიროველების ჯგუფთან - მათ ეხმარება რუსული ფულის გათეთრებაში და ამას აკეთებენ პარლამენტის წევრებიც. ეს უმძიმესი დანაშაულია. რა პერსპექტივაზე, განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ საქართველოში, როდესაც ევროპული ფული განათლებაში, დემოკრატიაში, სასამართლოს რეფორმაში აკრძალა მთავრობამ, თუმცა კახი კალაძის პოლიტიკური დაჯგუფება, კადიროველებს ეხმარება რუსული სისხლიანი ფულის შემოტანაში, ოქროს ზოდების დასაწყობებაში. კი, ქვეყანაში მთელი ივანიშვილის ვერტიკალი არის ჩართული იმაში, რომ საქართველო იყოს მთავარი ცენტრი თაღლითობის, ფულის გათეთრების, დანაშაულის. ამ მძიმე კრიმინალურ დანაშაულზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს - მას მოუწევს ამ დანაშაულზე მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.