ღრმა შეშფოთებით ვეხმიანებით აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,- ამის შესახებ საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს.
ისინი აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიანად და ობიექტურად გადახედვას მოითხოვენ.
„გიორგი ჩახუნაშვილი არის ცნობილი ექიმი პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება საქართველოს, ქართულ მედიცინას, მეცნიერებას და განათლებას. მისი პროფესიული ბიოგრაფია, საზოგადოებრივი საქმიანობა და პიროვნული ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია. ის იყო ექიმის, პროფესიის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ჰუმანიზმის მაგალითი. იმის გათვალისწინებით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბატონი გიორგის გარდა, დაპატიმრებულია კიდევ ექვსი ადამიანი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ 4 ოქტომბრის საქმე საფუძვლიანად და ობიექტურად გადაიხედოს კანონის გათვალისწინებით და ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით. ასევე, მოვითხოვთ სასამართლო პროცესის შესაბამისობის შეფასებას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმის შესწავლას. საერთაშორისო სამედიცინო და აკადემიურ საზოგადოებას მოვუწოდებთ ამ საქმის მონიტორინგში ჩართულობისკენ. მოვითხოვთ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ღირსების და ფუნდამენტური უფლებების სრულ დაცვას სასჯელის აღსრულების პერიოდში. საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია გააგრძელებს მშვიდობიან და დემოკრატიულ საქმიანობას პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილისა და სხვა პატიმართა უფლებების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში.
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. საერთო ჯამში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.