4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე - ყველამ მაპატიეთ, მაგრამ თხოვნა გავგზავნე საპროცესო გარიგებაზე - არც ერთი ბოროტმოქმედი არ ვართ, შეგვარჩიეთ პატიოსანი ხალხი, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია

მე მიწოდებენ ბათუმელ მედროშეს, სინამდვილეში ვარ სოხუმელი, ჩემს ბათუმელებს ვენაცვალე სულში. ორჯერ ცხოვრება ნულიდან დავიწყე და ყველა გვერდში დამიდგა. არც ერთი ბოროტმოქმედი არ ვართ, შეგვარჩიეთ პატიოსანი ხალხი, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია, უადგილო ადგილას მოვხვდით, - ამის შესახებ, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, არც მას და არც მასთან ერთად დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

„მე მიწოდებენ ბათუმელ მედროშეს, სინამდვილეში ვარ სოხუმელი, ჩემს ბათუმელებს ვენაცვალე სულში. ორჯერ ცხოვრება ნულიდან დავიწყე და ყველა გვერდში დამიდგა....ჩემთვის, ნებისმიერი ჩვენგანი ჩემი სამშობლოს შვილები არიან, ჩემი ბიჭების სულებმა არ მომცეს საშუალება, გავჩერებულიყავი. 7 თვის განმავლობაში ვალაგებდი, რა და როგორ მეთქვა. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ახსნა, როგორ ვარ ცოცხალი დარჩენილი, იმ დღიდან ჩემი ერთადერთი საზრუნავი მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და კანონრჩილებაა. ერთადერთი, რაც გამაჩნია, ჩემი პატიოსანი სახელია. არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ღამე ხილვასავით მქონდა. რას ნიშნავს რუსული მმართველობა ჩვენთვის - მილიონამდე ქართველი მოკლეს, მათი ოცნებაა „გრუზია ბეზ გრუზიი“. თაობა არ აღზრდილა საქართველოში, ბრძოლა არ უწევდეს თავისუფლებისთვის.

აქ წერია [ბანერზე]- ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ, ბოროტებას სიყვარული ამარცხებს.

თუ აქამდე მტერი დასაპყრობად მოდიოდა, ახლა გასაქრობად მოდის... ქართული გამოთქმაა, „გამშველებელს მეტი ხვდებაო“, აგერ ვზივარ... სასამართლოში ვთქვი ადრეც, მე სოხუმში მოვკვდი, ახლა ცოცხალი გვამი ვარ. კია ნათქვამი, „ენას ძვალი არ აქვსო“, მაგრამ არ მგონია ვინმემ თქვას, რომ ბოროტმოქმედი ვარ. მთელი 7 თვე ვალაგებდი ტვინში, რა მეთქვა, ახლა იმ დონემდე ვღელავ, არ ვიცი, რა ვთქვა.

იმის თქმა მინდა, ჩვენ რომ შემოგვხედავთ აქ, ყველა ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვსხედვართ, არც ერთი ბოროტმოქმედი არ ვართ, შეგვარჩიეთ პატიოსანი ხალხი, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია, უადგილო ადგილას მოვხვდით.

მე მხოლოდ სიკეთე, სიყვარული მინდა და ეს ყველასთვის მინდა. 5 მანქანით ჩამომაკითხა ბათუმში ბადრაგმა, გზაში ვუთხარი, რომ მშიერი ვიყავი, გააჩერა მანქანა და შაურმა მიყიდა, თავისთვის სიგარეტი იყიდა. ის ბადრაგი ჩემზე ზრუნავდა, როგორ უნდა ვთქვა მასზე რომ სხვაა?

ყველამ მაპატიეთ, მაგრამ თხოვნა გავგზავნე საპროცესო გარიგებაზე, ჩემთვის ყველაზე დიდი ფასი თავისუფლება ყოფილა. ჩემი მეუღლე ვერც მოდის, ცრემლი არ დამინახავს მის თვალზე, ბოლოს რომ ველაპარაკე, არ ვიცი, რა ხდება. რა ვქნა, ვარ პატიოსანი ადამიანი, რაც შემრჩენია და გამაჩნია, ესაა, მხოლოდ სიკეთე მინდა ყველასთვის. ჩვენი ბიჭებიც ამიტომ დაიღუპნენ, რომ ერთიან საქართველოში გვეცხოვრა",- განაცხადა ჭავჭანიძემ.

საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით აღნიშნული განცხადების მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და და 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ მას განუმარტა, რომ აღნიშნული ეტაპი უკვე გავლილი იყო და ვისაც საპროცესო შეთანხმება სურდა, უკვე გაუფორმდა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს