ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილი არ იყო „ოპოზიციურ  ალიანსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის წინააღმდეგი - ალიანსში ყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება, რადგან ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება

მიხეილ სააკაშვილი არ იყო „ოპოზიციურ ალიანსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის წინააღმდეგი - ალიანსში ყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება, იმიტომ, რომ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის ალიანსში შესვლის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა არ იცოდა იმიტომ, რომ ის არ იყო პარტიის წევრი.

„ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი არ იყო ჩვენი პარტიის წევრი, არ იღებდა მონაწილეობას პარტიის საქმიანობაში, ამიტომაც მას შეიძლება არ სცოდნოდა ამის შესახებ. ეს არაბუნებრივი არ გახლავთ. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ამ ალიანსში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი. ეს არის უბრალოდ ფაქტი, რომელიც ყველას გვახსოვს. ნანუკა უბრალოდ, ფიზიკურად არ იმყოფებოდა პარტიაში, ამიტომ მას შეიძლება სხვანაირად ეგონა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ ნამდვილად არავინ შესულა ალიანსში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მან ასევე ჟურნალისტების კითხვაზე უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა და „ამას მიშას ნებართვა არ ჭირდება“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავმოყვარეობა აქვს. თავმოყვარეობა რომ აქვს, იმიტომ არის ბრძოლის წინა ფლანგზე. რაც შეეხება ამ ეტაპზე იქ ყოფნას, ჩვენ, სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ ადამიანებისგან ასეთ პიროვნულ თავდასხმებს და ასეთი თავდასხმების პირობებში ჩვენი იქ ყოფნა პროდუქტიული რომ ვერ არის, ეს მათი დამსახურებაა და არა ჩვენი. ზოგადად, საქმიანი გარემო რომ არ არის, ესეც მათი დამსახურებაა და არა ჩვენი. ალიანსში ყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება, იმიტომ, რომ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება და ეს პრობლემა სხვებს არ ექნებათ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაზე [ალიანსში ყოფნა-არყოფნის], როცა ვსაუბრობთ ეს არის იძულებითი გარემო, რაც შეიქმნა, თორემ ჩვენ ნამდვილად არ გვინდოდა პიროვნული თავდასხმების არენად ქცეულიყო ე.წ. ალიანსის შიდა პოლიტიკური სამზარეულო და მათ შორის, ის, რაც საჯაროდ არის, თუმცა ეს არის მათი არჩევანი და გასაგებია, მუდმივი პიროვნული თავდასხმების ასეთი პირობებში მუშაობა არ გამოვა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ტაქტიკური მიზეზების გამო იყო.

„ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი. გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაცები დაიღალნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ დაღლის მიზეზი არის ის ხალხი, ვინც პიროვნულ თავდასხმებს ახდენს ჩვენზე და არიან ასეთ არასაქმიან გარემოში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების საკითხს, ფავლენიშვილის თქმით, ზუსტი დრო ცნობილი არ არის, მაგრამ უახლოესი ორი თვის მანძილზე ყველაფერი გაირკვევა, მათ შორის, ჩატარდება ყრილობა.

„ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა გასაგებია, რომ ცნობილია ყველასთვის, მიხეილ სააკაშვილის პოსტის შემდგომ მითუმეტეს, თუმცა მიმდინარებს კონსულტაციები და არ გამოვრიცხავ, რომ არათუ ორი, არამედ მეტი კანდიდატიც იყოს ამ პროცესშიც“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს